მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დიდხანს ალბათ, ვერ გავძლებთ, გამოფხიზლდით ყველა და მოგვხედეთ”

“დიდხანს ალბათ, ვერ გავძლებთ, გამოფხიზლდით ყველა და მოგვხედეთ”

გაფიცული შუქრუთელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლა.

პროტესტის მონაწილეების თქმით, ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.

“იმის იმედით ვართ და ვიქნებით აქ, რომ იქნებ შევხვდეთ. მეორე და მესამე შესასვლელებით ნუ სარგებლობენ, კეთილი ინებონ და შეგვხვდნენ. ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი, დიდხანს ალბათ, ვერ გავძლებთ. ღმერთის წინაშე მაინც აიღონ პასუხისმგებლობა, ისე არაფრის არ ეშინიათ და არ ერიდებათ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გაფიცული შუქრუთელები მოითხოვენ, რომ პრემიერ-მინისტრი ჩავიდეს ჭიათურაში და უშუალოდ გაეცნოს არსებულ ვითარებას.

“გადმოვედით აქეთ მხარეს, რათა ირაკლი კობახიძეს გავაგებინოთ, რომ არ არის ასე და ერთ მხარეს მარტო ნუ უსმენს. თვითონ თუ არ კადრულობს ჩვენთან მოსვლას, თავისი წარმომადგენელი, ავუხსნით, დავულაგებთ, იქ ჩავიდეს ჭიათურაში.  რაღაც ნაბიჯი უნდა გადადგან, როგორ უყურებენ ჩვენს დახოცვას. გამოფხიზლდით ყველა და მოგვხედეთ”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

შუქრუთელების ნაწილი პროტესტს პარლამენტის შენობიდან მთავრობის კანცელარიასთან აგრძელებს. ისინი 6 თვეა, გაფიცულები არიან, ნაწილმა პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართა და ზოგიერთმა კი პირი ამოიკერა.

მათი თქმით, სოფელში საცხოვრებელი სახლები ინგრევა, რაც მადნის მოპოვებით სამუშაოებს უკავშირდება. შუქრუთელები მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

კომენტარები