მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დილიდან დილამდე ვმუშაობდი, ამ ყველაფერმა დამანგრია, გადასახედია შრომის პირობები საქართველოში”

“დილიდან დილამდე ვმუშაობდი, ამ ყველაფერმა დამანგრია, გადასახედია შრომის პირობები საქართველოში”

33 წლის ანა ჩიტაური 3 თვის განმავლობაში 24 საათიანი გრაფიკით მუშაობდა. ახალგაზრდა ქალი სწრაფი კვების ჯიხურში შაურმას ამზადებდა. გვიყვება, რომ მომხმარებელთა ნაკადი დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში არ წყდებოდა, რის გამოც ჩამოჯდომის საშუალებაც არ ეძლეოდა.

“მეშაურმეც მე ვიყავი, დამლაგებელიც და ფულის ამღებიც“, – ამბობს ანა ჩიტაური, რომელიც  პროფესიით ფარმაცევტია  და ტელეფონით იტალიაში ჩავწერეთ, რადგან მისი თქმით აქ არსებულ შრომას ვეღარ გაუძლო, უკეთესი სამსახური ვერ იპოვა და ახლა იტალიაში მოხუცს უვლის.

“დილით რომ მივდიოდი, მეორე დილამდე ვმუშაობდი. წამითაც არ მქონდა უფლება, რომ ჩამემუხლა და დამესვენა. საოცარ რეჟიმში ვმუშაობდი. სწრაფ-სწრაფად შაურმა ხომ უნდა მეკეთებია, ამავე დროს ჯიხურში სისუფთავე უნდა მქონოდა და დამლაგებლის ფუნქციაც მე მქონდა შეთავსებული. გარდა ამისა, სალარო აპარატთანაც მე ვიყავი. 24-საათიანი ასეთი რუტინული შრომის მიუხედავად, უფლება არ მქონდა რაიმე შემშლოდა. თუ ვინმეზე ზედმეტი ხურდა გადაგიყვებოდა, რა თქმა უნდა, ის ხარჯი შენი ხელფასით უნდა აგენაზღაურებია. სამი თვე გავძელი, მეტი ვეღარ შევძელი, ბოლოს ძვლები მტკიოდა ისეთი დაღლილი ვიყავი. საჭმლის ჭამის უფლება დღეში მხოლოდ ერთხელ გვქონდა. 30 ლარს მაძლევდნენ 24-საათიანი მუშაობის შემდეგ, ამ თანხით თბილისში ქირას ვიხდიდი და კახეთში ჩემებს თავის სარჩენ ფულს ვუგზავნიდი”, – გვიყვება ანა ჩიტაური.

ანა საქართველოში გამონაკლისი არ არის. ექიმები, ფარმაცევტები, დაცვის თანამშრომლები, კაზინოსა ბენზინგასამართ სადგურზე დასაქმებულები, ქსელური მარკეტის კონსულტანტები, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, მათ შორის პოლიციელები და სამხედროები და კიდევ სხვა ბევრი პროფესიის წარმომადგენლები, საქართველოში 24-საათიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობენ.

“დილით კლინიკაში რომ მივდივარ, მეორე დილამდე ცვლაში ვარ. საავადმყოფოში სანიტრის პოზიციაზე ვმუშაობ. კლინიკის ჰიგიენაზე ვაგებ პასუხს, რაც ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციაა. დასვენება ერთი წუთით არ მაქვს, უფრო სწორად ვერ მაქვს, რადგან იმდენად ბევრი საქმეა, რომ ჩამოსაჯდომად ნამდვილად არ მცალია. მეორე დილით როცა სახლში მივდივარ, პრაქტიკულად, მკვდარი ვარ და მთელი დღე მძინავს. ოჯახისთვის უკვე წლებია, აღარ ვვარგივარ. სახლში როცა ვარ მძინავს, რომ კლინიკაში ფხიზლად ვიყო. შვილები მყავს, ბევრი უნდათ რა ვქნა, იძულებული ვარ, რომ ვიმუშაო“, – გვიყვება ზუგდიდის საავადმყოფოს სანიტარი მზია კონჯორია.

“ქსელურ მარკეტში ვმუშაობდი, ეს იყო ჩემი ცხოვრების უმძიმესი პერიოდი. 24-საათიან რეჟიმში მომხმარებლების მიღება ისე, რომ ღიმილი სახეზე უნდა გქონოდა. როგორ შეიძლება  იღიმოდა, როცა 24 საათის წინ მოხვედი და ისევ სამსახურში ხარ.  ვერ გავუძელი და წამოვედი, იმის მერე ქსელურ მარკეტს, რომ ვუყურებ ცუდად ვხვდები, იქ მყოფი თანამშრომლებს სამსახურში მისვლა არ მიუხარიათ ეს არის ადგილი, სადაც მუშაობ იმიტომ, რომ  სხვაგან წასასვლელი არსად გაქვს“, – უყვება „ინფო იმერეთს“ ბაჩო ახალაძე.

24-საათიან სამუშაო რეჟიმს შეწირული შრომითი უფლებების  კიდევ უფრო ბევრია, თუმცა ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ბიზნესის რიგ დარგებში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ადამიანები კი იძულებულები არიან, რომ დამსაქმებლის მოთხოვნებს არაადამიანურ პირობებთან დაკავშირებით დათანხმდნენ.

ქვეყანაში დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომით ურთიერთობას არათანაბრს და მონურს უწოდებენ საქართველოს პროფკავშირებში. მათი განცხადებით, რიგ კომპანიებში კორპორაციული და სოციალური პასუხისმგებლობა მინიმალურ ზღვარზეა. პროფკავშირებში აცხადებენ, რომ სამსახურებრივი ცვლა 12 საათს არ უნდა აღემატებოდეს. პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანის ინფორმაციით, საქართველო ევროპაში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 24-საათიანი სამუშაო რეჟიმი დღემდე შენარჩუნებულია.

“საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ცვლაში მუშაობის ხანგრძლივობას, ერთადერთი შეზღუდვაა, რომ ცვლებს შორის შუალედი უნდა იყოს 12 საათი. შესაბამისად, პრაქტიკაში დამკვიდრებული 24-საათიანი ცვლები საქართველოს კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. თუმცა, ამგვარი რეგულირება ეწინააღმდგება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც 24 საათიან პერიოდში მინიმალური დასვენების 11 საათიანი უწყვეტი ხანგრძლივობა დაცული უნდა იყოს. 24 საათიანი მორიგეობების პრაქტიკა საქართველოში ყველაზე ხშირად გამოიყენება სამედიცინო სექტორში, თუმცა მას ფაქტობრივად ეკონომიკის ყველა სექტორი იყენებს, განსაკუთრებით დაცვის სამსახურები. პარადოქსულია, რომ იქ სადაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფხიზელი გონება, თუნდაც საკუთარი და სხვა ადამიანების უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სწორედ ამ სფეროებში ხდება ასეთი სამუშაო რეჟიმის გამოყენება. ამჟამად, არსებობს კანონპროექტი, შრომის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, სადაც დგინდება 12 საათიანი ცვლა, რომელიც მოიცავს ერთ საათიან შესვენებას. თუმცა, მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების სამომავლო ბედი, გაურკვეველია. სამწუხაროა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 24-საათიანი სამუშაო განაკვეთი შემორჩა“, – ამბობს ლიპარტელიანი.

ბიზნესომბუდსმენის აპარატში infoimereti.ge-ს განუცხადეს, რომ რომ დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის შრომითი ურთიერთობა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე ხდება. იმ შემთხვევაში კი, თუ დასაქმებული ფიქრობს, რომ მისი უფლებები ილახება, მაშინ მან შესაბამის უწყებებს უნდა მიმართოს.

“შრომითი ურთიერთობა, თავის თავში გულისხმობს ორ პირს შორის – დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის წინასწარ შეთანხმებული წესებით საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებას. დასაქმების მსურველი წინასწარ არის ინფორმირებული სამუშაო სპეციფიკის და ანაზღაურების შესახებ. დამსაქმებელს, დასაქმებულთან შეთანხმებით, სამუშაო სფეროს სპეციფიკის შესაბამისად, აქვს უფლება განსაზღვროს სამუშაო ადგილზე სამუშაო დრო, ხოლო დასაქმებულს აქვს საშუალება უარი თქვას მისთვის შეთავაზებულ სამუშაო რეჟიმზე. ბიზნესომბუდსმენის აპარატის პოზიციაა, რომ სამუშაო საათების, მათ შორის ზეგანკვათური სამუშაო საათების, მაქსიმალური ნორმის კანონში განსაზღვრა – არის ჩარევა დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობაში და დასაქმებულს ართმევს შესაძლებლობას თავად მიიღოს გადაწყვეტილება მისთვის მისაღები სამუშაო საათების რაოდენობის შესახებ. თუ დასაქმებული თვლის რომ მისი უფლებები არასამართლიანად ილახება შეუძლია მიმართოს უფლებადამცველ ორგანიზაციებს და სასამართლოს, სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ასეთის შემთხვევაში, გადაწყვეტილება ყოველთვის დასაქმებულის სასარგებლოდ მიიღება”, – განაცხადეს ბიზნესომბუდსმენის აპარატში.

ჯანდაცვის კომიტეტში კი “ინფო იმერეთს” განუცხადეს, რომ  შრომის კოდექსი ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დაიხვეწა და დასაქმებულის უფლებები მკვეთრად არის დაცული.

კომენტარები