მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დროშა უნდა ფრიალებდეს!

დროშა უნდა ფრიალებდეს!

ზაფხულია და მეც მინდა ცოტა მხიარული გამოვიდეს ჩემი ბლოგი. სიმღერა <<Somewhere Over The Rainbow>> წერის დროს სულ გულის ყურში მაქვს, თუმცა მეჩვენება, რომ როცა ჩვენს მზისფერ შენობაზე ვწერ, მზეც და ცისარტყელაც სიტყვებში მეკარგება. ალბათ, ეს პერსონალური ტკივილებია. განუხორციელებელი სურვილები, რომელიც მქონდა და ახლაც ვფიქრობ, მეტი შემეძლო. იქნებ, მეც მოვიქეცი უნიათოდ. იქნებ, ჩემი გადაწყვეტილებაც  მოსკოვის თეატრის „მასპინძლობის“ პროტესტის გამო, უფრო კი თეატრის ბინადრების პოზიციის არარსებობის წუხილით, – დამეტოვებია ეს კედლები, –  ნაჩქარები იყო. რადგან ეს ტრავმა გადამდები არ ყოფილა. რადგან მაშინაც ისე, როგორც ამ ბლოგების „შეუმჩნევლად კითხვის“ დროს, ამ დიდებული კედლების იქეთ დარჩა დუმილში შეფიცული ნაკრები,  რომელიც ყველას და ყველაფერს შეელევა და უძრავ წყალში ყოფნას გააგრძელებს. ხანდახან ისე ახავლდებოდა ან აკივლდებოდა ამ „დუმილში შეფიცული ერთობიდან“ ზოგიერთი მკვეთრი ხმა, გეგონებოდა შეირყა დამდგარი, ბლანტი სითხე და ლექიც დაიძრა. მაგრამ ეს მხოლოდ წამიერი და თავაშვებული ემოციაა, რომელიც აქაურ საგანთა წესრიგშია, ურთიერთობების თეატრალურ „გულწრფელობაში“, რომელიც რამდენიმე საათში, უკიდურესად დაუზოგავი და გამეტებული ეპითეტების შემდეგ, ისევ ძველებურ ყოფას უბრუნდება.

არადა, დღეს არ მინდოდა სევდა. უფრო საკუთარი თავის დაცინვის განცდით  შევუდექი წერას. გამახსენდა პანდემიის დასაწყისი და დროშის ისტორია თეატრის გვირგვინზე. გამახსენდა, რადგან ამ დღეებში, აგვისტოს ომის მეთოთხმეტე წლისთავზე, სოციალურ ქსელში ბევრი პოსტით ამიჩუყდა გული. სიტყვებზე მეტად, ჩვენი სახელმწიფო დროშის ნათელი ფოტოების თვალისშევლებით.

დროშა!

თქვენ ალბათ იცით და თუ არ იცით, ახლა გეტყვით, რომ სახელმწიფო დროშის დღე ქართული თეატრის დღეს ემთხვევა – 14 იანვარს. რა გენიალურია, არა? რამდენი სათქმელი და სანახაობა შეიძლება მიეძღვნას ამ დამთხვევას, ამ ეროვნული სულის საერთო ზეიმს. რა არაჩვეულებრივი სიმბოლურობაა თეატრის სახის და შინაარსისთვის. როგორ შეიძლება ამ დროს სახელმწიფო და სცენა გამთლიანდეს ნამდვილი პათოსით, შეძახილით, ოპტიმიზმით, მომავლის სხივით, რაც ასე ჭირდება ერს და ასე უხდება შემოქმედებას. უხდება ისეთი ნაციონალური სულისკვეთების თეატრს, სანდრო ახმეტელი რომ ოცნებობდა.

დღეს ჩვენს მზისფერ შენობაზე, ქუთაისის ყველაზე დიდებულ შენობაზე, მთავარი მისი სამკაული, საქართველოს დროშა ლივლივებს! მანამდეც ანათებდა ზუსტად ამ სიმაღლიდან ცას ეს თეთრ-წითელი, სისხლის და სიმართლის პატრიოტული ფიცივით საქართველოს სიმბოლო! მაგრამ იმ წლებში, როცა მე ამ გრანდიოზულ კედლებში ერთი პატარა და ძვირფასი კუთხე მქონდა, თეატრს ეს მთავარი სამკაული არ ამშვენებდა. რატომღაც. ალბათ, დაზაიანდა, ჩამოიღეს, უნდა შეეცვალათ, გაეახლებიათ, ან სულაც ახალი უნდა შეეძინათ და შეაგვიანდათ. დაავიწყდათ. მაგრამ ეს არ არის მთავარი ცოდვა.

ზუსტად ორი წელი ვთხოვდით ხელმძღვანელობას თეატრის გუმბათზე თავშივე განსაზღვრულ სადგამზე სახელმწიფოს მთავარ სიმბოლოს ისევ გადაეხედა ქალაქისთვის ზემოდან.

დღესაც ვერ ვხსნი უმოქმედობის მიზეზს, რომელიც ალბათ არც არსებობდა, გარდა არაორგანიზებულობის. მახსოვს, ვიდეოსანახაობის გაკეთებაც გვინოდა დროშასთან ერთად და რეზი და გიგა ტექსტის მონახაზს აკეთებდნენ აივანზე. რეპეტიციობდნენ უოლტ უიტმენის ცნობილი შედევრით.

ხომ თითქოს ყველასთვის მისაღები და გასაგები თხოვნა გვქონდა? – დროშა თეატრის თავზე, – და გადაწყვეტილება ვერა და ვერ მიიღეს. ახლაც არ მაქვს ახსნა, რატომ შეიძლება შეფერხდე ასეთ სურვილში, რაც სურვილზე მეტად, აუცილებლობაა. საყოველთაო აუცილებლობა და არა რაღაც პერსონალური ახირება.

მოკლედ, ამ ბუნდოვანი ლოდინის შემდეგ 2020 წლის 14 იანვარიც დადგა – ქართული დროშის და ქართული თეატრის დღე!

და დროშა თვითნებურად აიტანეს ბიჭებმა!

ეროვნულად, სპონტანურად და ემოციურად!

ანთებულებმა და გულაჩქარებულებმა!

რაც ამ „ზეასვლას“ მოყვა, აქ აღარ დავწერ, თუმცა ალბათ ამ ისტორიაში ეს ყველაზე მთავარია, ყველაზე „ბიუროკრატიული“ თუ არაეროვნული, არაშემოქმედებითი და არაპატრიოტული. ისევ გადაწყვეტილების ვერმიღებასავით ბოლომდე გაუგებარი და  მათი (გადაწყვეტილების მიმღებთა) ბიოგრაფიისთვის ცოტა სამარცხვინოც.

2021 წელს,  27 მარტს – თეატრის საერთაშორისო დღეს (! ცოტა სუსტი საპასუხო გათვლა იყო, მაგრამ შედეგის გათვალისწინებით, მაინც სასურველი პასუხი) უკვე ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით და უსაფრთხოების წესის დაცვით( 🙂 !) სახელმწიფო დროშამ საბოლოოდ ამოანათა ქუთაისის გულის გუმბათზე!

გვიყვარს ეს მზიფერი შენობა მისი სახელმწიფოს მთავარი სიმბოლოს დიდებული სამკაულით!

იქ, სადაც დროშის სადგამია, დროშა სულ უნდა ფრიალებდეს!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები