მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს”

“დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს”

სოციალური დახმარების ნაცვლად შრომისუნარიან მოქალაქეებს სამუშაო ადგილები უნდა შევთავაზოთ, ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებშია გამოცდილი- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქეა, აქედან დაახლოებით ნახევარი შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც არსებული სოციალური პოლიტიკის გამო სამუშაო ადგილების მოსაძებნად არ არიან მოტივირებულები.

„არსებული სოციალური პოლიტიკა გვაჩვენებს, რომ მიმდინარე დინამიკა, ტენდენციები ზოგადად არის შემაშფოთებელი. პირდაპირ ვთქვათ, რომ ჩვენ რეალურად არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ზრდასრული, შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ, შევაგუეთ უმუშევრობას, სიღარიბეს და უმოქმედობას. რეალურად, დღეს შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს ახალი სამუშაო ადგილი იმის შიშით, რომ შემდეგ მას სახელმწიფომ სოციალური დახმარება არ მოუხსნას, არ არის მოტივირებული, რომ ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები გაიუმჯობესოს და ეს რა თქმა უნდა, კატასტროფაა.

მაქვს იდეა და ინიციატივა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს ვიცე-პრემიერი, ბატონი ლევან დავითაშვილი და ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მე ვიტყოდი მანკიერი სისტემა ახალი, გაჯანსაღებული სისტემით, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, ეს იქნება საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ჩვენ ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს მოქალაქეებს, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობით თითოეული ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის. დღეის მდგომარეობით დაახლოებით 600 000 სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავს. აქედან მინიმუმ 200 000, მეტი თუ არა, დაახლოებით ნახევარი არის შრომისუნარიანი მოქალაქე, რომლებიც რა თქმა უნდა, არსებული სოციალური პოლიტიკის გამო არ არიან მოტივირებული სამუშაო ადგილების მოსაძებნად, დასაწყებად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები