მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

დღეს აღდგომაა

დღეს აღდგომაა

მართლმადიდებელი ეკლესია უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესია ქრისტიანულ დღესასწაულთა შორის. აღდგომას წინ უსწრებს სააღდგომო მარხვა, რომელიც 48 დღე გრძელდება და აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე სრულდება. ბრწყინვალე შვიდეული კი, მსგეფსია.

სახარების მიხედვით, უფალი იესო ქრისტე კაცობრიობის გადასარჩენად და ცოდვებისგან გამოსასყიდად ჯვარს ეცვა. ჯვარცმიდან მესამე დღეს უნდა აღსრულებულიყო ქრისტეს წინასწარმეტყველება: “მესამე დღეს მკვდრეთით აღვდგები”. კვირა დღეს, გამთენიისას საფლავის დარაჯებმა მიწისძვრა იგრძნეს. მერე ანგელოზი დაინახეს, რომელმაც საფლავიდან ლოდი გადააგორა. ბოლოს იხილეს მაცხოვრის საფლავიდან აღდგომა. უფალი ჯვარცმით ჯოჯოხეთში ჩავიდა და იქედან მართალთა სულები ამოიყვანა. უფლის აღდგომით ადამიანისთვის სამოთხის კარი ისევ გაიღო.

აღდგომის დღესასწაულს კვერცხების წითლად შეღებვის ჩვეულება. ეს ტრადიცია წითელ პარასკევს, ანუ ქრისტეს ჯვარცმის დღეს უკავშირდება. როდესაც მარიამ მაგდალინელი იმპერატორს წარუდგინეს, მან ქვეყნის მმართველს სიმბოლურად კვერცხი გადასცა და ქრისტეს აღდგომა ახარა. იმპერატორს ამის გაგონებაზე გაეცინა და თქვა, რომ ამის დაჯერება ისეთივე რთული იქნებოდა, როგორც ის, რომ ეს კვერცხი გაწითლდებოდა. მას ჯერ სიტყვა არ დაესრულებინა და კვერცხი ჯერ გავარდისფრდა, ბოლოს კიმ გაწითლდა. მარიამმა იმპერატორს ისიც აუწყა, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, წითელი კვერცხი – მაცხოვრის აღდგომისა. ეს გახდა დასაბამი იმისა, რომ ქრისტიანებს უფლის აღდგომა ერთმანეთისთვის წითელი კვერცხებით მიელოცათ.

კომენტარები