დღნორისა – სოფელი იმერეთის მხარის წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, დღნორისის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დღნორისა, ლეხიდრისთავი, საჩხეური, ჭაშლეთი).
მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე, წყალტუბოდან 63 კილომეტრში. სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარეობს თავშავას ტბა.
დღნორისა წყაროებში XVII საუკუნის 60-იანი წლებიდან იხსენიება. გვიანდელ შუა საუკუნეებში იგი ლეჩხუმის შემადგენლობაში იყო. სოფლის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს ადრინდელი შუა საუკუნეების „ნაციხვარის გორა“, შემორჩენილია ციხე-გალავნის კედლის ფრაგმენტები. სოფელსა და მის მიდამოებში აღმოჩენილია ძვ. წ. X–VIII სს. ბრინჯაოს კოლხური ცული, თოხები და სპილენძის ზოდები.
1958 წელს სოფლის მახლობლად, ადგილ „კორვაშის მთაზე“ აღმოჩნდა ძვ. წ. IV ს. დასასრულის კოლხური მონეტების განძი. აღმოჩენილი ნივთები და განძი დაცულია ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში.
1989–1991 წლებში „კორვაშის მინდორზე“ არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი გ. გაბიძაშვილი) გამოვლინდა ძვ. წ. VIII–V სს. ნამოსახლარი. აღმოჩენილია მშრალი წყობით ნაგები შენობების კვალი, კერამიკული ნაწარმის ფრაგმენტები, კაჟისა და ობსიდიანის იარაღი, წიდები, ქვისა და თიხის საბეგველები და სხვ.
კომენტარები