მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ერთ-ერთ დაღუპულს დაბადების დღე ხვალ ჰქონდა” – რიკოთთან დაღუპული პოლიციელების ვინაობა ცნობილია

“ერთ-ერთ დაღუპულს დაბადების დღე ხვალ ჰქონდა” – რიკოთთან დაღუპული პოლიციელების ვინაობა ცნობილია

რიკოთთან მომხდარ ავარიას სამი პოლიციელის – კახა ბაღდავაძის, მურადი ლეჟავას და, მიშო მაჩიტაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამივე მათგანი იმერეთის საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორი იყო.

ავარია მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ცვლის დასრულების შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ.

ერთ-ერთ მათგანს, კახა ბაღდავაძეს ხვალ დაბადების დღე ჰქონდა.

“ნათელში იყოს შენი სული უფროსო მეგობარო და ოქრო ადამიანო. თავზარდამცემი აღმოჩნდა ჩემთვის ამ ამბის გაგება, ეხლაც ვერ ვიჯერებ და შოკირებული ვარ. ღირსეული პიროვნება და საამაყო პოლიციელი იყავი. მე როგორც მომავალი სამართალდამცავი, ბედნიერი ვარ, რომ შენნაირი მაგარი ადამიანი იყო და იქნება მუდამ ამ დიდი ოჯახის ნაწილი. მუდამ გვემახსოვრები და ისე ღირსეულად დავიცავთ მუნდირს და ვატარებთ როგორც ამას შენ აკეთებდი და როგორც შენ გაგიხარდებოდა. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტრაგედიას ჩვენს სტრუქტურას და საქართველოს”, – წერს დაღუპული პოლიციელების მეგობარი სოციალურ ქსელში.

პროკურატურის ინფორმაციით, 12 მარტს, დაახლოებით 10:45 საათზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუნევში გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 153-ე კილომეტრზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტომანქანის და „FORD TRANSIT“-ის მარკის ევაკუატორის შეჯახების შედეგად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამი პატრულ-ინსპექტორი გარდაიცვალა, ხოლო ერთი პატრულ-ინსპექტორი და ევაკუატორის მძღოლი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-8 ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია) მიმდინარეობს.

კომენტარები