მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო”

“ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო”

ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყოს გათავისუფლებული, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

“წარმატებით, რეფორმებით შეპყრობილი საქართველო რუსმა ოლიგარქმა გააცნო, როგორც კლანური მმართველობის სასამართლო სისტემით. სამარცხვინო, ანტიდასავლური რიტორიკით, სამარცხვინო რეპრესიებით, პუტინისტონბით – აი, ასე გააცნო რუსმა ოლიგარქმა ჩვენი ქვეყანა მთელს მსოფლიოს.

ამასობაში ამერიკის შეერთებული შტატების გადაწყვეტილება არის ისტორიული და უპრეცედენტო, მოგეხსენებათ, ოთხი მოსამართლე დასანქცირდა და მათი ოჯახის წევრებიც, რაზეც ოფიციალური განცხადებაც გაკეთდა.

ეს არის ნათელი დადასტურება, რომ საქართველოში არის კლანური, კორუფციული სასამართლო და ყველა პოლიტიკური პატიმარი, რომელიც დღეს სასჯელს იხდის ამ კორუფციული, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს მიერ მისჯილი გადაწყვეტილებებით, სასწრაფოდ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით, პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება, რომ სანქცირება მოუწევდათ უკვე კონკრეტულ თანამდებობის პირებს და აქ საუბარია მურუსიძეზე, ჩინჩალაძეზე, შენგელიაზე, ცერცვაძეზე ანუ ეს პროცესი უკვე დაიწყო და ეს არის პოლიტიკური გზავნილი დანარჩენებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც საქართველოს სახელმწიფოს ანადგურებს. ეს ეხება იმ 76 ქართველ გარუსებულ დეპუტატს, რომლებმაც „რუსულ კანონს“ მისცა ხმა. მინდა მივმართო მათ, სად მიყვებით რუს ოლიგარქს.

მინდა ასევე მივმართო პროკურორებს, სუსის უფროსს ბატონ ლილუაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრს გომელაურს და მაღალი თანამდებობის პირებს, აღარაფერს ვამბობ კობახიძეზე, ღარიბაშვილზე, ვინც ანადგურებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ყველას მოგეთხოვებათ პასუხი და ეს გზავნილი არის თქვენთვის და შემდეგი რიგში ხართ უკვე თქვენ, ისევე როგორც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი.

ასევე მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს ნაბიჯი ჩვენი პარტნიორებისგან არის ქართველი ხალხის მიმართ მხარდაჭერა. მხარდაჭერა იმ გზის, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ და ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის და ეს კონკრეტული გზავნილი არის ქართველი ხალხის მონაპოვარი, ქართველი ახალგაზრდების მონაპოვარი, რომლებმაც 7-8-9 მარტს დაიცვეს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და ეს არის თქვენი მხარდაჭერა.

სწორედ ამიტომ, მე მოგიწოდებთ, რომ 9 აპრილს 17:00 საათზე, რუსთაველზე ყველანი ერთად უნდა დავდგეთ იმისთვის, რომ “რუსული ოცნება“, რუსული რეჟიმის დემონტაჟი მივიყვანოთ ბოლომდე. ეს არის უკვე უკანასკნელი წვეთი, მათ შორის ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და ეს არის კონკრეტული პირველი გადაწყვეტილება სანქცირებასთან დაკავშირებით.

მე მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ჩვენი ევროპული მომავლის მხარდაჭერისთვის და ჩვენ ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი.

წარმოუდგენელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ღიად საუბრობს კლანურ, კორუფციულ სასამართლო სისტემაზე, ამ სისტემის მიერ გასამართლებული პუტინის პირადი პატიმარი პრეზიდენტ სააკაშვილი აგრძელებდეს ასეთ წამებაში ყოფნას, ნიკა გვარამია, რომა შამათავა და ასევე ახალგაზრდა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც ამ რუსული რეჟიმის მსხვერპლია.

მოგიწოდებთ ყველას, ეს არ იქნება ერთი პარტიის აქცია, ეს იქნება სახალხო პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ და ევროპის მხარდამხარ“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარები