მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ეს ბიჭი ანათებს!

ეს ბიჭი ანათებს!

გიორგი არაბიძე სახელმწიფო მუზეუმში აღმოვაჩინე ორი წლის წინ. არა როგორც რარიტეტი, რა თქმა უნდა. უბრალოდ, პირველად მოვუსმინე იქ და შევხედე შესრულების დროს მისი სხეულიდან უსწორმასწოროდ წამოსულ ტალღებს, რიტმის ეიფორიას, მუსიკის ინკარნაციის ცისარტყელებს, თვალებიდან გადმოცვენილ მბრწინავ ნაწილაკებს და ვიგრძენი, რომ მის თითებში სხვა, უფრო დიდ და უანგარიშო სამყაროსთან ხელის წავლების დაუცხრომელი მადა ნერვიულობდა.

მერე გავიგე, რომ ივლიანე ნაჭყებიას შვილიშვილი იყო –  ჩემთვის ახლობელი და ქუთაისისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის. ისე გამიხარდა… გამიხარდა და  გამახსენდა,  თბილისამდე გზაში გიორგიზე მონაყოლი ამბებიც. ბევრი და სახალისო. მაგრამ ეს ბოლოს უნდა დამეწერა.

ყველა დამატებითი ინფორმაციის გარეშეც, თუ ერთხელ ნახე გიოს აღელვებული ურთიერთობა  ინსტრუმენტთან, მისი ფლირტი შავ-თეთრად გაფენილ კლავიატურაზე, არასდროს დაგავიწყდება.

არ აქვს მნიშვნელობა, კლასიკური მუსიკა გიყვარს თუ არა, გესმის თუ არა, გიოს მაინც მოუსმენ! ეს მისი ტალანტის იძულებაა ყველა ადამიანზე, ბუნებრივი მომხიბვლელობით.

10 მაისს ამ ქუთაისელ ბიჭს, ბიჭს, რომელსაც ფალანგები ნოტების მარადიული გათამაშებისთვის უცეტავს, რომელსაც ხმაში ყმაწვილური ასაკი და უასაკობა ერთად უთამაშობს, რომელსაც ნიჭი და გულწრფელობა კლასიკოსების ეპოქებთან როიალის ხმაურით ამოგზაურებს, ჩვენი ოპერის თეატრის სცენაზე სოლო კონცერტი აქვს!

ჰოდა, შევხვდით მანამდე და ვილაპარაკეთ. რეპერტუარზე მითხარითქო, ვთხოვე. მისი არაორდინარული მიმოხილვა მწყუროდა. მისი შემოქმედებითად აწეწილი ექსკურსი..

პირველი – ბახიო! თქვა და გასწორდა წელში. მზერა გაამაგრა. ეს, ხომ იცი ზეკუ, მუსიკის კონსტიტუციააო! გენიოსიაო! არანორმალურიო! ჰოდა, მეო ბახში მელოდიას კი არა, ზუსტ ტემპს ვეძებო, კანონს ვკითხულობო, კრისტალურად. ბახს ვერ დაარღვევო..

აბა, მეთქი გულდი? არ არღვევდა?

ოოო, გულდი მაცოფებსო. მაგას ჩქარა ესმოდა ბახიო, მე კიდე, ჯერ ვსწავლობ, პირველ ნაბიჯებს ვბედავო..

გავაგრძელეთ რეპერტუარზე – ბეთჰოვენს ხსენებაზე ვარცხნილობითაც დაემსგავსა, უცებ აეშალა თმა და აენთო – იდარდა მის უარყოფილ სიყვარულებზე, უფულობაზე, სმენის დაკარგვაზე, ტკივილებზე, გაგიჟებაზე. სულის კომპოზიტორიაო – მითხრა და მაშინვე საკუთარი ზნე დაუკავშირა – ტაშის დროს რომ ფიქრობს და არ უყვარს პაუზით ინსტრუმენტთან მზადება, არ უყვარს “გაწკეპილი პიანისტი“ და კლავიატურას მალევე იმორჩილებს. ეს მისი სვლაა, მისი ხასიათი!

მერე სკრიაბინზე ილაპარაკა მეგობარივით. გაუღიმა ხსენებისას. ჩიტი რო ფრთხება და მერე მიჩუმდება, ისეაო. დაუმთავრებელი, რომ ვერ ეჭიდები ბოლომდეო.

პროკოფიევის სარკაზმი მე სად შემიძლიაო.. გაუბრაზდა. არ ვიცი რა არის ღვარძლი და გესლი და ჩემებურად ვკითხულობ, ამას გამოცდილება და სწავლა უნდა, მაგრამ მაინც არაჩვეულებრივიაო. რატო იყო ნეტა ასე ცუდი ადამიანიო, დადარდიანდა, მაგრამ ახსნებიც იქვე აქვს. პოლიტიკური ეპოქების მიმოხილვით. რიხტერის გამოწვევით და სხვა ნიჭიერი მუსიკოსების ნაგავში გადაყრის მცდელობის მაგალითებით. მაინც ხო აჩვენა კლასი რიხტერმა და სამ დღეში ფურორით შეუსრულა მისი ნაწარმოებიო – გულწრფელი აღტაცებით მიყვება.  რეალური ჯიბრით უხარია პიანისტის გამარჯვება და კომპოზიტორის კუთხეში მიყენება. რადგან პროკოფიევი რახმანინოვს ერჩოდა, არადა რახმანინოვი ჩემი კაციაო – განათებული სახით მიმხელს გიო. რატოთქო? თინეიჯერების დაუვარცხნელი ხასიათისთვის ახლობელიაო.  სიზუსტისთვის ისევ მივუბრუნდი და კითხვებს სვამსო და მიტო! მერე გადაირევაო, აბობოქრდებაო, კულმინაციას აარტყამსო და ისევ, უცებ, საწყის წერტილზე დაეცემაო. მიყვარს ძალიან, მაგრამ გენიოსი არ იყოო, – დანანებით ამატებს. ჩავარდნები ჰქონდა და ისედაც, ის ჯერ დიდი პიანისტი იყო და მერე კომპოზიტორიო.

მერე მენდელსონზე ილაპარაკა მადლიერი შეგირდივით, ოღონდ სიყვარულის გარეშე. ბევრი რამე მასწავლაო, ბევრი რამე მაპოვნინა და მიმაგნებიაო, როგორც კარგმა პედაგოგმა, მაგრამ შთაგონება და ძრწოლვა შოპენის მაქვსო! აი, ეს არის რაც არისო! – ზეკუ, როგორც დიდ მუზეუმში შეხვალ და სასწაულ ანტიკვარებს ნახავო, უყურებ და ვერ ძღებიო, ისეთი სრულყოფილებაა შოპენი – უბრალოდ უნდა დატკბეო! „აი, ეს სრულყოფილება რო გავიაზრე, შემეშინდა! მანამდე სულ „ვუტყაპუნებდი“ შოპენს და ახლა ერთი ზედმეტი ნაბიჯის გადადგმის მეშინია, როგორც ბროლი, არ ჩამომსხვრეს. შოპენს ასტრალში გაყავხარ.. შოპენი მყავს გულში, კედელზე, კომპიუტერზე, დედაჩემის სამსახურში, ლედასთან, ყველგან.. შოპენი იწყება პირველი ბგერიდან ისე, როგორც სამყარო!“ – ამბობს და თვითონაც ირინდება ტკბობაში გადასული. ხელები მოულოდნელად უცოცხლდება და თითებით შოპენის დაკვრას იწყებს ნინო ჭოლაძის ბარის მაგიდაზე..

ერთი სული ჩავითქვით რეპერტუარის გაადამიანურების შემდეგ. სავსე მქონდა სხეული გიორგის ფერებით და ბგერებით, მისი ახდენილი და ასახდენი მუსიკის ქარიშხალით. ვუყურებდი მის გარდასახვებს და მაბედნიერებდა შემოქმედების უსაზღვრობა, უკანონობა, ქუთაისი, სადაც ქუჩაში ასეთ ბიჭს ხვდები და ყველა ალოგიკურობას პატიობ, არ განიხილავ, მის მანიპულაციებს მუსიკალური ტერმინების რიგით მიყვები – იმპულსურად, ვნებით, აჩქარებით, ფართოდ და ხმამაღლა. მასთან ყველაფერი მუსიკის კონსტიტუციაშია.. ბახის პორტრეტით ყველაზე მაღლა და შოპენით – გულში, ლირიულად.

ვილაპარაკეთ თამუნაზე –  დედამისზე, ლედაზე – მის მასწავლებელზე. ორ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე გიორგისთვის. კიდევ რწმენაზე. ათეიზმის წარსულში დატოვებაზე და რელიგიიდან მიღებული ენერგიის ნამდვილ ძალაზე, ადამიანის სიყვარულზე, ხალხზე, ქუთაისზე.. ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ და ვერ დავასრულეთ.

10 მაისისთვის საჭირო ენერგიის დასაზოგად  შევწყვიტეთ კლასიკოსების გამოწვევა მონპლეზირის არკასთან.

15 წლის გიორგი არაბიძე – ამ ქალაქივით ანცი ნიჭის და დაუდგომელი, გულანთებული შეყვარებულივით ავა ოპერის სცენაზე და შავფრთიანი როიალის უსწორმასწორო მუცელში, რბილი ჩაქუჩების თავნება დაყოლიებით, ბახით, ბეთჰოვენით, სკრიაბინით, პროკოფიევით, რახმანინოვით, მენდელსონით და შოპენით გაათბობს დაჭიმულ სტრუნებს თქვენი ტკბობისთვის….

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები