მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ეს დანგრეული და შეჩერებული ნაგებობები ასახავს შსს-ს დღევანდელ სახეს და მათ დამოკიდებულებას პოლიციელების მიმართ”

“ეს დანგრეული და შეჩერებული ნაგებობები ასახავს შსს-ს დღევანდელ სახეს და მათ დამოკიდებულებას პოლიციელების მიმართ”

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე პოლიციელებისთვის ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა 2020 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა ადგილზე სამუშაოები მიტოვებულია.

ტენდერის პირობების მიხედვით, ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი თეთრი კარკასის მდგომარეობით 100-მდე პოლიციელს უნდა მიეღო.

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე გიგა შუშანია აცხადებს, რომ პოლიციელებისათვის დაწყებული და მიტოვებული სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს სახეა.

“ორი წლის წინ აქ უნდა აშენებულიყო ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი, რომელშიც 88 პოლიციელი და მისი ოჯახები უნდა შესულიყვნენ, თუმცა ხედავთ რა მდგომარეობაშიც არის ეს კორპუსები. ეს დანგრეული და შეჩერებული ნაგებობები ასახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელ სახეს, მათ დამოკიდებულებას, როგორი პატივისცემა აქვთ რიგითი პოლიციელების მიმართ, რომლებიც უკვე წლებია, ბინას უშედეგოდ ელოდებიან. ამის პარალელურად კი ათობით და ასობით პოლიცელი, რომელსაც ამ ქალაქში და ქვეყანაში განვითარების და ოჯახების რჩენის თავი აღარ აქვთ, მექსიკის გავლით მიდიან ამერიკაში და ტოვებენ მათ სამშობლოს”, – განაცხადა გიგა შუშანიამ.

ქუთაისში ნიკეას 19 ნომერში ორი თერთმეტსართულიანი კორპუსი უნდა აშენებულიყო, რისთვისაც 7 მილიონ ლარამდე გამოიყო. ქუთაისში კორპუსი კომპანია „თი ემის“ უნდა აეშენებინა. მშენებლობები ყველა ქალაქში, მათ შორის ქუთაისში დღემდე მიტოვებულია.

კომპანია “თი ემის“ დირექტორი ჯემალ გვარლიანი “ქართული ოცნების“ შემომწირველია და ჯამში მმართველი პარტიისთვის 60 000 ლარი აქვს შეწირული.

კომენტარები