“ტორპედოს” გულშემატკივრებს კაპიტან მერაბ გიგაურის შემდეგ მთავარი მწვრთნელი სტივ კინი მიმართავს.
“გავეცანი კაპიტნის განცხადებას და მსურს ჩემი მხრიდან დავამატო:
“ჯუნგლების” მიმართ მხოლოდ დიდი პატივისცემა გამაჩნია. მაქვს განსაკუთრებული დამოკიდებულება მას შემდეგ, რაც 16 თვის წინ პირველად ვიდექი თქვენს წინ სამტრედიაში და ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას გუნდის მიმართ. მას შემდეგ თავს მეც ამ დიდი ოჯახის წევრად ვგრძნობ.
იმედი მაქვს, გრძნობთ და ხვდებით, რომ “დილასთან” მატჩის შემდეგ ჩვენს შორის გაუგებრობა მოხდა. მსურდა ამეხსნა და არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო ბოდიში მომეხადა, “ჯუნგლების” ლიდერს კი, რომელსაც ასევე დიდ პატივს ვცემ, ამ ყველაფერზე ცალკე საუბარი ვთხოვე.
ამ სეზონში ჩემპიონობის შანსი გვაქვს და გვინდა ეს ყველაფერი “ჯუნგლებთან” ერთად გავიზიაროთ. თქვენი მხარდაჭერა დარჩენილ მატჩებში ძალიან გვჭირდება: თქვენ მოტივაციას გვაძლევთ და გვიყვარს ყოველი მატჩის შემდეგ თქვენს ტრიბუნასთან მოსვლა.
ვიმედოვნებ, რომ ისევ ერთად დავდგებით. ეს თქვენი კლუბია და მას დიდება უნდა დავუბრუნოთ”, – აცხადებს სტივ კინი.
ეროვნული ლიგის 22-ე ტურში “ტორპედოს” შინ გორის “დილასთან” 1:5 მარცხის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.
ქუთაისელთა გულშემატკივრებმა (“ჯუნგლებმა”) საკუთარ “ფეისბუკგვერდზე” განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ სანამ კინი “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი იქნება, ისინი გუნდის მატჩებს არ დაესწრებიან.
აღნიშნულს “ტორპედოს” კაპიტანი მერაბ გიგაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და “ჯუნგლებს” მიმართა.
კომენტარები