მსჯავრდებულ ნიკა კენჭაძის ოჯახი ქუთაისის ციხეში მომხდარი ფაქტის გამოძიებას ითხოვს.
ოჯახი აცხადებს, რომ ნიკა კენჭაძეს ქუთაისის ნომერ მეორე დაწესებულებაში მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს. ისინი ვარაუდობენ, რომ პატიმარს ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის სხვა მსჯავრდებულები მიუგზავნეს.
30 წლის ახალგაზრდის ოჯახის წევრების განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ის ამ დრომდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე.
მდგომარეობის გაუარესების გამო მსჯავრდებული გუშინ ქუთაისის კლინიკიდან, თბილისში, კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს.
ოჯახის ინფორმაციით, ნიკა კენჭაძე ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს და მას კარანტინის გამო სხვა პატიმრებთან შეხება არ უნდა ჰქონოდა.
“მაგარი ნაცემია, მოსაკლავად. მოუწყვეს, იქ ვერ უნდა შესულიყო ვინმე, 4 დღის შესული იყო თვითონ და კარანტინში იყო. 100%-იანი მოწყობილია. რამდენი ხანი იყო დაგდებული არ ვიცი, შაბათს მოხდა და კვირას მივიდა საავადმყოფოში ღამის 2 საათზე”, – აცხადებს ოჯახის წევრი.
ოჯახის უფლებების დამცველი ამბობს, რომ მსჯავრდებულს თავზე აქვს დაზიანებები და მძიმე მდგომარეობაშია.
“მძიმე მდგომარეობაშია, მართვით სუნთქვაზეა, საიმედოს ექიმები ვერ იძახიან. რა დაზიანებები აქვს, რა შეიძლება გაუკეთდეს ან რა მოხდა, არაფერს ეუბნებიან ოჯახის წევრებს. ზუსტი დიაგნოზი არ ვიცით. ერთი ვიცით, რომ თავზე აქვს დაზიანებები და ძალიან მძიმეა. თითქოს თვითდაზიანებები ჰქონდა და ვენები ჰქონდა გადაჭრილი ამ ბიჭს, მეუღლე ამბობს, ექიმმა მითხრა, რომ არანაირი ასეთი დაზიანებები არ აქვს, რაც შეიძლება თვითონ მიიყენოს ადამიანმა, დაზიანებები აქვს თავში”, – აცხადებს უფლებადამცველი.
პენიტენციური სამსახური მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას იხსნის და ამტკიცებს რომ პატიმარმა თვითდაზიანებები მიიყენა. ოჯახი ითხოვს, რომ გადაეცეთ ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელიც უწყების განცხადებით, პატიმრის საკანში იყო დამონტაჟებული.
კომენტარები