მთავარიახალი ამბებიწყალტუბო

ექსპერტიზის დასკვნით, ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია

ექსპერტიზის დასკვნით, ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული შეზღუდული შერაცხადია

ორსული ცოლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი შეზღუდული შერაცხადია – ნათქვამია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

დასკვნა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერაა გაცემული და დოკუმენტის თანახმად, ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში საკუთარ ქცევას სრულად ვერ აკონტროლებდა.

როგორც ბრალდებულ გოგა გზირიშვილის ადვოკატი, მევლუდ ჯანჯღავა აცხადებს, აღნიშნული დასკვნა ბრალდებულს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს, თუმცა სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შესაძლოა, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოიყენოს.

“შეზღუდული შერაცხადი არის ადამიანი, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ დანაშაული ვერ გაეცნობიერებინა, მაგრამ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის იმ სტანდარტზე, რაზეც ჯანმრთელი ადამიანის ფსიქიკაა, თუმცა ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ თავისუფლდება“, – აცხადებს ჯანჯღავა.

მკვლელობა გასული წლის 22 დეკემბერს, თბილისში მოხდა. ბრალდებულმა გოგა გზირიშვილმა, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით ორსულ მეუღლეს – ქეთა კეპულაძეს სხეულის სხვადასხვა არეში 30 ჭრილობა მიაყენა. ორსული კეპულაძე შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

გზირიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ვ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით ორსული ქალის, ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 წლიდან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგა გზირიშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს თავად დაურეკა.

მოკლული ქეთა კეპულაძე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითიდან იყო.

კომენტარები