მთავარიახალი ამბებისლაიდი

ვანის საკრებულოს თავმჯდომარის დაკოპირებული დეკლარაციები და “გამქრალი” ქონება

ვანის საკრებულოს თავმჯდომარის დაკოპირებული დეკლარაციები და “გამქრალი” ქონება

ალექსანდრე ლილუაშვილი ვანის საკრებულოს თავმჯდომარე უკვე მესამე ვადით არის. ის ამ პოსტს 2014 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების შემდეგ იკავებს.

ბოლო დეკლარაცია 2021 წლის 30 ოქტომბერს აქვს შევსებული და დეკლარაციაში ერთადერთი ის წერია, რომ „ლიბერთი ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე შევსების დროს ჰქონდა 2010,4 ლარი. ყველა სხვა გრაფა ცარიელია და, მათ შორის, ისიც, თუ წინა წელს ჯამში რა ანაზღაურება აქვს მიღებული.

2020 წლის დეკლარაციაში ცოტა მეტი ინფორმაციაა – მითითებულია, რომ მასთან ერთად ცხოვრობდა დედა. ასევე, წერია, რომ შევსების დროს მას „ლიბერთი ბანკში“ სახელფასო ანგარიშზე ჰქონდა 20 ლარი, დედამისს კი საპენსიო ანგარიშზე – ნული ლარი. ბოლო დეკლარაციისგან განსხვავებით, აქ მითითებულია წინა წელს შესრულებული სამუშაოს ჯამური ანაზღაურებაც, თუმცა, როგორც ჩანს, 2019 წელს შევსებული დეკლარაცია სრულად და უცვლელად არის დაკოპირებული, რადგან სამუშაო პერიოდად მითითებულია 01.01.2018-31.12.2018. არადა, დეკლარაციაში წინა წლის ინფორმაცია უნდა იყოს ასახული. ამასთან, აღებული თანხა თეთრების სიზუსტით ემთხვევა – 28 344 ლარი. გარდა ამისა, 2018 წლის ნოემბერში „ლიბერთი ბანკიდან“ აღებული აქვს 22000-ლარიანი სამომხმარებლო სესხი, რომელიც 2022 წლის ნოემბერში უნდა დაფაროს. 2018 წელს (ერთ თვეში) ამ სესხის ვალდებულების უზრუნველსაყოფად გასავალი ჰქონდა 601,09 ლარი და 2020 წელს შევსებულ დეკლარაციაშიც, სადაც 2019 წლის მონაცემები უნდა იყოს ასახული, სესხის უკვე 12-თვიანი ვალდებულების უზრუნველსაყოფადაც ზუსტად ეს თანხა – 601,09 ლარი აქვს მითითებული. ასევე, ემთხვევა შევსების დროს მის სახელფასო და დედამისის საპენსიო ანგარიშებზე არსებული თანხის ოდენობაც, თვითონ – 20 ლარი და დედამისს – 0 ლარი ორივე წელს.

2018 წლის დეკლარაციაში ფიქსირდება, რომ მას მემკვიდრეობით მიღებული აქვს თბილისში, საბურთალოზე მდებარე 150 კვ.მ ფართის ბინა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იყო 2014-2018 წლების დეკლარაციებით. თუმცა, ეს საკუთრება 2019, 2020 და 2021 წლების დეკლარაციებში გამქრალია და არ ჩანს, მის ამ საკუთრებას რა მოუვიდა.

2014-2017 წლების დეკლარაციებში კი მასთან ერთად მცხოვრები რამდენიმე ადამიანია დაფიქსირებული და მითითებულია ქონებებიც.

2014-2016 წლების დეკლარაციებში მასთან ერთდ ცხოვრობდა მისი მეუღლე, მარიამ გოგუაძე, რომელიც 100%-იანი წილის მფლობელია თბილისში, დიდ დიღომში მდებარე 500 კვ.მ მიწის და 105 კვ.მ სახლის. თუმცა, არ არის მითითებული, ის ამ ქონების მფლობელი როდის და რა ფორმით გახდა. 2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში ამ მიწის თანამფლობელად წერია თავად ალექსანდრე ლილუაშვილიც, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეუღლე ოფიციალურად ამ ქონების 100%-ს ფლობს. მართალია, ლილუაშვილის წილი მითითებული არ არის, მაგრამ შემდეგ ორ დეკლარაციაში უწერია „NULI NULI” (ორივეგან ამ ფორმით).

მისი ძმა, ბაკურ ლილუაშვილი, 2014-2016 წლის დეკლარაციების მიხედვით, ფლობდა ბათუმში მდებარე 100 კვ.მ ფართის სახლის 100%-იან წილს (მისამართი არ არის მითითებული) და სოფელ შუაგორაში (ვანის მუნიციპალიტეტი) 6000 კვ. მ მიწის ნაკვეთს. არ არის მითითებული, ის ამ ქონების მფლობელი როდის და რა ფორმით გახდა. თუმცა, 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის არის ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე მდებარე 100 კვ. მ ფართის სახლის 50%-იანი წილის მფლობელი, რომელიც 2012 წელს 25 000 ლარად აქვთ ნაყიდი. ამ სახლის 50%-ის მფლობელია მისი მეუღლე, მარიკა მაღლაკელიძე, რომელიც მხოლოდ ამ წელს შევსებულ დეკლარაციაში ჩანს. სხვა რაიმე ქონებას ის არ ფლობს. 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, ბაკურ ლილუაშვილი ასევე არის 100%-იანი წილის მფლობელი სოფელ შუაგორაში მდებარე 300 კვ.მ სახლის. ამ შემთხვევაში წერია, რომ ეს სახლი ანდერძით აქვს მიღებული, მაგრამ მიღების თარიღად წერია 1927 წელი (თავად ბაკურ ლილუაშვილი, ამ დეკლარაციების თანახმად, 1969 წელს არის დაბადებული). 2018 წლიდან ბაკურ ლილუაშვილი ძმის დეკლარაციებში აღარ ფიგურირებს.

ალექსანდრე ლილუაშვილს 2017 წლის 4 აგვისტოს „ლიბერთი ბანკიდან“ აუღია სამომხმარებლო სესხი 3250 ლარის ოდენობით და დასრულების თარიღად მითითებულია ამავე წლის 25 აგვისტო. თუმცა, ამ დეკლარაციაში არც გასავალია დაფიქსირებული, არც სხვა რამე შემოსავალი. ასევე ცარიელია ყველა სხვა გრაფაც. 2016 წლის 28 ივლისს „ლიბერთი ბანკიდან“ აღებული აქვს 4000 ლარიანი სესხი, რომელიც სამ დღეში – 2016 წლის 1 აგვისტოს დაფარა. შემოსავალი და გასავალი არც აქ არის დაფიქსირებული.

2014 წლის დეკლარაციის მიხედვით, ალექსანდრე ლილუაშვილს გასავალი ჰქონდა 4000 ლარი, რომელიც მეუღლის სწავლისთვის გადაუხდია.

2015 წლის დეკლარაციის თანახმად, 2014 წელს მისთვის თანამშრომლებს უჩუქებიათ 650 ლარის ღირებულების ელქტროტექნიკა. საინტერესოა, რომ ზუსტად 650 ლარის ღირებულების ელექტროტექნიკა მისთვის თანამშრომლებს 2015 წელსაც უჩუქებიათ.

 

წყარო: droa.ge

კომენტარები