ვარსკვლავებიც სხვადასხვანაირად ანათებენ… მთვარის, ან მზის ფერით. პროფესიული სტოიკურობით, ან ადამიანური ვნებით. თეთრი, ან ოქროსფერი შუქით. მკაცრად, ან მხურვალედ. მიუწვდომლად, ან შენიანად.
კი! ვარსკვლავიც ხდება შენიანი და შინაური, თუ ის მზისფერია, ადამიანური ვნების, ოქროსფერი შუქით და მხურვალე. ისეთი, როგორც ქუთაისივით მოსიყვარულე და კოლორიტული, 90 წლის ლამარა ვაშაკიძე. მისი სილამაზის უკვდავებაც სიყვარულშია. სიცოცხლის და ადამიანების სიყვარულში, თეატრით ტრფობაში, სცენის ხიბლში, რაც თითქმის, ერთი და იგივეა ვარსკვლავისთვის, რომელიც სხვების აღფრთოვანებას და ოვაციებს უძღვნის საკუთარ ბედნიერებას.
მესხიშვილის თეატრიც სხვა რიტმში ირხეოდა 16 ივნისს. ყველა სტუმარს, ოფიციალურს და არაოფიციალურს, ქვეტექსტებისგან დაცლილი და ნამდვილი სიკეთის მოლოდინი ჰქონდა ერთ დიდ სახეზე – პარტერშიც, ბელეტაჟზეც და იარუსების ნახევარწრეზეც. 90 წლის ცოცხალი და სისხლსავსე სილამაზის კიდევ ერთხელ ალალად შექების და ხოტბის სურვილში განაბული მოლოდინი, რომელიც სახელმწიფო ანსამბლის “ქუთაისურმა“ ტემპერამენტმა საზეიმოდ გაარღვია ფიცარნაგზე.
ზუსტად ამ ქალაქურ-ქორეოგრაფიული კომპოზიციიდან, ულამაზესი ქართული ჯიშის დემონსტრაციაში, მზის ნატეხივით გამობრჭყვიალდა ლამარა – თავაწეული და მოხდენილი, შავი თმით და ელვარე შავი თვალებით, ლამაზი წვივებით და კოხტა ნაბიჯებით, თეატრალური ღიმილით და რევერანსით! დადგა მშობლიური თეატრის ისტორიულ სცენაზე და კიდევ ერთხელ “აიძულა“ სამყარო გადაეთვალა მისი იუბილე – 90 წელი, როგორც სხვა სიცოცხლის საიდუმლო და მხოლოდ ლამარას კუთვნილება, ჯადოსნური კალენდარი.
ამ აღფრთოვანებაზე ჰყვებოდა ნიკა წულუკიძეც (საღამოს წამყვანი). ლამარაზე შეყვარებულ „ბიჭებს“ იხსენებდა, გოგოებსაც, – თვალს რომ აყოლებდნენ ქუჩაშიც და სცენაზეც. ერთნაირად რომ მოსწონდა, ამღერებდა ან აპოეტებდა ბევრს. გამორჩეული რომ იყო მისი ადამიანური ფუფუნებით – უკონფლიქტობით, უკონკურსობით, გამართლებებით და საერთო აღიარებით ბედისგან.
ოქროსფერბისერებიან კაბაში, სცენაზე იდგა 90 წლის ვარსკვლავი – ნამდვილი ქალი ყველა მისი ხიბლით, ფორმით და შინაარსით სრულყოფილი, ნათელი აზრით და საოცარი მეხსიერებით, რომელმაც დაამარცხა ასაკი, დაამარცხა შური, ტკივილები, კონკურენცია და ინტრიგა. იცეკვა თამამად ახალგაზრდებთან ერთად მისი უბერებელი ტანით, იმღერა უფრო მოკრძალებით “სმენა ისეთი არა მაქვსო“ და მერე, რიგრიგობით, ჩვენი დიდებული კამერული გუნდით და ვაჟთა ვოკალური კვარტეტით დაგვატკბო მის სახელზე… მოისმინა ლექსები – წარსულის თაყვანისმცემლებისგან ძველი გრძნობებით მიძღვნილი და იგივე წარსულის ინკარნაციით, კიდევ ერთხელ, ლამარასეულად გაეპრანჭა სავსე დარბაზს. ისე, როგორც მარტო მას შეუძლია! ერთდროულად თავმდაბლად და სიამაყით! ერთადერთობით! სიყვარულით ნაცხოვრები ათეული წლებით და ქათინაურებით პირსავსე ბიოგრაფიით!
სცენის იქით, კი, საოცრად თავბრუდამხვევია მისი საუბარი. სცენის იქით, კი მთელ ეპოქებს აცოცხლებს და ხელჩაკიდებული გატარებს მოგონებებში, რომელიც რეალურ აწმყოს უფრო ჰგავს, ვიდრე წარსულს. რომელშიც ყოველ მეორე სიტყვად “მამაა“!
მისი ხატი და ლეგენდა! მამა – ნიკოლოზ კალანდაროვი! კაცი, რომელმაც საკუთარი კარიერა და წინსვლა, ახლობლის თანადგომას ანაცვალა, კაცი, რომელმაც ვარსკვლავურ მზრუნველობას მიაჩვია პატარა გოგო, კაცი, რომელმაც ძალა და თავდაჯერება გააყოლა მთავარ მზითვად საკუთარ შვილს და ეს ესტაფეტა, ასეთივე ენერგიით და ძლიერი ხელით, წლების მერე, ნოდარ ვაშაკიძემ გადაიბარა, ლამარას ბედნიერი ცხოვრების ყველაზე ძვირფასმა მეგობარმა…
და თითქოს, ასეც უნდა ყოფილიყო… ლამარას ახდენილი ზღაპარი იყო მთელი ეს წლები! გამართლებებით – თეატრალურ ინსტიტუტში, მესხიშვილში, ქალაქში და უბრალოდ, ადამიანებში!
სცენის იქით, ეს უბერებელი ქალი, ერთნაირი თვალისციმციმით გიყვება აკაკი ვასაძეზეც და გურულ ქალზეც რომელიღაც სოფლიდან, დოდო ანთაძეზეც და სცენის მუშაზეც, მედეა ჩახავაზეც და ქუთაისელ ცეცილიაზეც, უკვდავზეც და მოკვდავზეც, ბედნიერზეც და ტრაგიკულზეც.
სიცოცხლეზე შეყვარებული ბედის ნებიერა!
თითქოს ნაივური, მაგრამ მკაფიო ხასიათით და სტანდარტებით. გონიერიც და თანამედროვეც. სილამაზის საპირწონე ნიჭიერებით და ამაზე მტკიცებისთვის თავშეუწუხებელიც. ბედის საჩუქრების შემრგები და მარგებელიც.
სხვებისთვის განზრახ მიყენებული ტკივილების და ჭრილობების გარეშე. სიყვარულით და კეთილდღეობით სავსე და იმავეს მფრქვეველი გარშემო. მისკენ წამოსულ ისრებს რომ უბლაგვებს წვერს!
ამიტომაც იყო გულწრფელი მილოცვები მის იუბილეზე. კულტურის მინისტრის ოჯახური სტუმრობაც (დედასთან და ქალიშვილთან ერთად) რაღაც სხვა სოლიდარობის ხარისხს და ღირსებას ატარებდა იუბილარისთვის. ადამიანურად სასიამოვნოს!
სცენაზე ოფიციალური მილოცვით მეტი სტუმარი შეიძლებოდა ყოფილიყო, ქალაქის მერის, საკრებულოს თავმჯდომარის და თეატრალური საზოგადოების ლიდერის გარდა, მაგრამ ვარსკვლავმა თვითონ ასწია თამასა და შეძლო ბევრზე მეტი!
იქნებ, კარგია, რომ სათქმელიც დარჩა და სიყვარულიც, – სამტკიცებელი.
ლამარა ვაშაკიძეს, მისი უნივერსალური და უასაკო სიჯანსაღით, აწიც თამამად შეუძლია სახალხო აღტაცების ზღვას გაუძლოს! ვარსკვლავია და მიტომ!
ლამარა ვაშაკიძე 1958 წლიდან ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის მსახიობია. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ნატუა (ი. გედევანიშვილის „მსხვერპლი”), გაიანე (ი. სუმბათაშვილის „ღალატი”), ხატია (ნ. დუმბაძის “მე ვხედავ მზეს”), ირინე, პელაგია (დ. კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერება”, ,,დარისპანის გასაჭირი”), ანა პავლოვნა (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი”), რუსუდანი, ნარგუთა (მ. ჯაფარიძის „ჟამთაბერის ასული”და „ბუღარა“), დედოფალი (ა. დიუმას „სამი მუშკეტერი”), ელიზავეტა დანილოვნა (ვ. დარასელის „კიკვიძე”), ანა ფრანკი (გუდრიჩისა და ჰაკეტის „ანა ფრანკის დღიური”), მარიკა, სალომე (ალ. ჩხაიძის „ხიდი” და „თავისუფალი თემა”), ციალა, ციცინო (დ. კვიცარიძის “მამის კვალზე” და „როცა სიცოცხლე გეძახის”), მარიამი (ი. ვაკელის „აპრაკუნე ჭიმჭიმელი”), ისმენე (სოფოკლეს „ანტიგონე”), მოსწავლე გოგონა (ი. ვოლჩეკის „სასამართლო ქრონიკა”), ადა (თ. ჭილაძის „სურათები საოჯახო ალბომიდან”) და სხვა.
ლამარა ვაშაკიძეს 1990 წელს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა, 2000 წელს კი გადაეცა ღირსების ორდენი.
2014 წლის 14 მაისს ქუთაისის თეატრის წინ გაიხსნა ლამარა ვაშაკიძის სახელობის ვარსკვლავი.
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები