მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ვერაფრით მოვიცალე, რომ წამეკითხა”- ქუთაისში ფრაქცია “ხალხის ძალის” წარმომადგენელი ამბობს, რომ კანონპროექტი არ წაუკითხავს

“ვერაფრით მოვიცალე, რომ წამეკითხა”- ქუთაისში ფრაქცია “ხალხის ძალის” წარმომადგენელი ამბობს, რომ კანონპროექტი არ წაუკითხავს

ქუთაისში ფრაქცია “ხალხის ძალის” წარმომადგენელი მერაბ ჭოხონელიძე ამბობს, რომ მისი მოძრაობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელმაც საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია, ამ დროისთვის წაკითხული არ აქვს და ვერც შეფასებას გააკეთებს.

მერაბ ჭოხონელიძის თქმით, კანონპროექტი უნდა წიაკითხოს და მერე შეაფასებს.

“თბილისში ვარ ტრენინგებზე, საერთოდ არ გავცნობივარ ამ კანონპროექტს. უნდა წავიკითხო, უნდა გადავაანალიზო. იმ ფრაქციაში რომ ვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემი აზრი არ მაქვს. შეიძლება არ ვეთანხმებოდე რაიმეში. ეს სერიოზული ამბავია, ზედაპირულ პასუხს ნუ მომთხოვთ. ვერაფრით მოვიცალე, რომ წამეკითხა”, – აცხადებს მერაბ ჭოხონელიძე “ინფო იმერეთთან” საუბრისას.

2022 წლის დეკემბერში, ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება” ორმა დეპუტატმა დატოვა. ბექა ქებულაძე და მერაბ ჭოხონელიძე “ხალხის ძალას” შეუერთდნენ.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

საქართველოში მსგავსი კანონის მიღებას აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, მისი არმიღებისკენ ხელისუფლებას მოუწოდებენ დასავლელი პარტნიორებიც, მათ შორის, აშშ, ევროკავშირი, გაერო, ევროპის საბჭო.

ევროკავშირის საგარეო სამსახური “უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ის ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

კომენტარები