დღეს თეატრის საერთაშორისო დღეა და მგონი პირველად (ჩემს მეხსიერებაში და არა, ისტორიულად), ორშაბათს, მესხიშვილის სცენაზე სპექტაკლი დაინიშნა.
“ქარი ქრის ვერხვებში“ ნინო მაღლაკელიძის პირველი ნამუშევარია, რომლითაც ჩვენ ეს ახალგაზრდა რეჟისორი გავიცანით და მისი კარიერაც იღბლიანად დაიწყო. წინა ბლოგებში ვყვებოდი, რომ სულხან გოგოლაშვილის დამსახურება უდავოდ იყო ამ წარმატებაში, თუმცა ნინო იმსახურებს თანადგომას. ახალგაზრდაა, გონიერი, თანმიმდევრული და მიზანდასახულიც.
პირველად, ბუნებრივია, პრემიერის დროს ვნახე და დღეს თავიდან წავედი ემოციების გასაახლებლად. თან თეატრის დღეს, მესხიშვილის სცენაზე, ყველა ჩემს მოგონებასთან ახლოს ყოფნის შანსს ვერ გავუშვებდი ხელიდან. ვიჯექი სევდიან სცენაზე ახლო წარსულის ბევრი აჩრდილით გარშემორტყმული და კიდევ უფრო ვუახლოვდებოდი ტესტოსტერონისგან (გახსოვთ ალბათ, ნინო მაღლაკელიძის მეორე სპექტაკლი სწორედ ამ სახელწოდებით დაიდგა მესხიშვილში) „დაცლილ“ სამ პერსონაჟს დარდიან და უსიხარულო თავშესაფარში.
“ვერხვებმა“, როგორც მას შემოკლებით ეძახიან, გასულ წელს, მგონი ყველა გასტროლი და ფესტივალი შემოიარა. კომედიის ფესტივალიც კი. ამიტომ მასზე ბევრი დაიწერა და ბევრმა ნახა. ადვილია სამოგზაუროდ. სცენოგრაფია მინიმალისტური. ერთი ხელის მტევანზე დაითვლება მისი დეკორაცია. მაგრამ სენტიმენტი აქვს ბევრი..
სულხან გოგოლაშვილი – რენე, დავით როინიშვილი – გუსტავი და ზვიად სვანაძე – ფერნანი, უკვე გახდნენ მაყურებლისთვის ახლობელი მოხუცები მათი ჭირვეული ბუნებით, მანერულობით და ჩემთვის ცოტა ზედმეტად ნაწვალები ხმის ტემბრით, რომელიც მათთვის უკვე სულაც აღარაა წვალება.
ფაქტია, ისინი ამ სპექტაკლში ბედნიერად გადმოცხოვრდნენ. თეატრის უპირველესი სიამოვნებაც ესაა მსახიობისთვის.
ვიჯექი პირველ მოქმედებაზე, ვუყურებდი ამ აწყობილ ანსამბლს, ვუსმენდი მათ ხმაშეცვლილ სიტყვებს, ვიმახსოვრებდი შინაარსს, რომელიც სევდაზე სევდას ამატებდა – დაკარგული ახალგაზრდობის, ცარიელი წლების, გამოწვევის სასოწარკვეთის.. ჟრუანტელად გიტარებდა მოხუცებულობის დრამას მარტოობაში, ძველი და ძალაგამოცლილი ინერციით წინააღმდეგობას სამყაროსთან, სიცოცხლესთან, ახალგაზრდებისთვის მოპარულად თვალისშევლების ტრაგიზმს და უღიმოდი ქარისთვის თავშეშვერილ ამ კაცუნებს, უსაქციელო ბავშვებად რომ მოქონდათ თავი ტეხილი მოძრაობით, გაშეშებული ფეხით, ან პერიოდულად გონის დაკარგვით – თავში ჩარჩენილი ნაღმის ტრავმით.
კარგები იყვნენ. უხაროდათ თამაში. მოსწონდათ საკუთარი თავი ამ სპექტაკლში ბევრჯერ ნათამაშები როლის ბუნებრივობით.
სხვათაშორის, რეჟისორის და მსახიობების კომპლიმენტად უნდა ითქვას, რომ მიუხედავად რეპერტუარში სტაბილურად ყოფნის და მაყურებლისგან მიღებული აღიარების (რაც ხშირად პირველყოფილ ხარისხს უცვეთს სცენებს), მისთვის პირველად მიცემული ფერი არ დაკარგა სპექტაკლმა. პირიქით, უფრო მსუყე გახდა. გაჯერებული.
მუსიკალური ინტონაციებიც ისე ორგანულია, ფაქიზი..
მაგრამ მაინც დღესასწაულს ველოდი თეატრში დღეს. სხვა დღესასწაულს. აი, როგორი სიხარულით და აღმატებითაც ულოცავთ ხოლმე ერთმანეთს თეატრის საერთაშორისო დღეს!
ალბათ, როდისმე ესეც იქნება!
“თეატრო, დამეხმარე, გამომაფხიზლე, გამაღვიძე! დავიღალე – ამაყენე! გავბოროტდი – გამხადე კეთილშობილი! დავყრუვდი – დამიბრუნე სმენა! თვალთ დამაკლდა – დამიბრუნე მხედველობა..!” – უნიკალური შეძახილია, რომელიც ოდესღაც ამ დღესთან, 27 მარტთან დაკავშირებით, გოგი გვახარიას სტატიაში ციტატად წავიკითხე და დღესასწაულის უსასრულო მოლოდინს თეატრალური წყურვილით აღწერს!
ასეთი თეატრი გვინდა! გილოცავთ 27 მარტს!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები