მთავარიახალი ამბები

“ვინ ჩაწვდომია ჩემსავით, ადამიანის არსს?” – ყვარყვარე

“ვინ ჩაწვდომია ჩემსავით, ადამიანის არსს?” – ყვარყვარე

ძნელია იმ ლეგენდარული „ყვარყვარეების“ მერე ახალი დროის ყვარყვარეს ჩასაფრებულივით არ ჩახედო თვალებში.

ყველას მოგვყვება ეს ნანახი, თუ გაგონილი: კოტე მარჯანიშვილის და უშანგი ჩხეიძის “ყვარყვარე“ – ოქროს ფონდი – გაცრეცილი საარქივო ფოტოებითაც რომ „თამაშობს“ დღემდე, დევი აბაშიძის და დოდო აბაშიძის „ყვარყვარე“ – ყველასთვის ორგანული და აღმაფრთოვანებელი ნიჭიერებით დახატული პოლიტიკოსი-ნაცარქექია, სქელ წარბებს ქვევით მოქცეული ვიწრო თვალებით,- წამებში რომ იცვლიან ადგილს და შინაარსს..

ჰოდა, ქუთაისში, ამ ზაფხულს ფოთის თეატრში დადგმულმა „ყვარყვარემ“ იმოგზაურა. ოთხშაბათს გულაჩქარებული შევედი მესხიშვილში. ვფიქრობდი – “რა ჯანდაბაა ეს, მონოსპექტაკლის ფორმატში კაკაბაძის ხმაურიანი დრამატურგიის გაგუდვა? როგორ? სად უნდა გააქრო და გადამალო ამხელა პოლიფონია? მონოა, ნუუ.. რაც არ უნდა ქნა, ერთი ხმაა, ერთი კაცი“ – ვფიქრობდი და ველოდი.

..ფეხშიშველი იდგა გაუნათებელ სცენაზე, თეთრ პერანგში, თეთრი ზურგშექცეული ამურივით შეპუტკუნებული ანგელოზის უკანალმოშვერილი სკულპტურის აქეთ და იდგა მშვიდად. ერთი ხელის გაწვდენაზე. ერთი კაპილარის შეკრთომაც რომ არ გამოგეპარება, იმ სიახლოვით. ისე ვიჯექი, თვალი რომ გავუსწორე პირველი სიტყვიდან, წამწამსაც არ მოუყენებია ჩრდილი. თვალის დაუხამხამებლად გავყევი ერთ მსახიობში მოსრიალე უცნაურ განცდებს – თეატრალური ხელოვნების 50-წუთიან დღესასწაულს!

არც ერთი ხმა ყოფილა და არც ერთი კაცი.

ნეტა, ასეთი თამაშის მერე, რისი გაგონება უნდა მსახიობს? რა სიტყვები უნდა დაწერო იმ სიამოვნების უკუგება რომ შეძლო, ცოტათი მაინც, რასაც თვითონ განიჭებს სცენიდან?

ითამაშა თავგანწირულად, კეთილსინდისიერად და ნიჭის მაშხალებით, აფეთქებებით და მომხიბვლელი რელაქსის ქორეოგრაფიული ილუსტრაციით ინტერლუდიებში. სხეულს ისე ფლობდა, როგორც რბილ ქსოვილს – უძვლოს და უსახსროს. ტოკავდა, ბორგავდა, ოცნებობდა, დიდდებოდა და მცირდებოდა, სხვადასხვანაირად იბადებოდა, თხრობაში ცვლიდა ისტორიებს, გარემოს, პარტნიორებს და დროს – ნამდვილს და მოგონილს. შიშველი ტერფებითაც ლაპარაკობდა ისე, როგორც სურდა – ეხებოდა და თან არ ეხებოდა ფიცარნაგის სიბრტყეს მისი უწონო მოძრაობით. ახალშობილის მეოცნებე სილაღიდან, ფსევდორევოლუციონერობამდე, ყველა რეცეპტორის გააქტიურებით იწყებდა ცურვას  პოლიტიკური სატირის ანტურაჟში, ფარისევლურად და ეგოისტურად. ფილოსოფიურადაც, კი. რომანტიზმიც ჰქონდა, თითქმის სარწმუნო და თავისებური, ნერწყვმორეული ვნებით „ქვის“ ქალთან, თუ ქალის ნაწილთან.

გარშემო ყველაფერი მხოლოდ მისგან შექმნილი სამყაროსავით იყო.. უკანალმოქცეული პუტკუნა ანგელოზის გარდა.. შეურგებელი გულთამზესავით..

თითქმის დამავიწყდა რეჟისორი რომ ჰყავდა სპექტაკლს, თითქმის დამავიწყდა მუსიკის ცალკე ავტორიც. დოლის რიტმი მირტყამდა ყურში, მკაფიოდ და ეროვნულად, უზუსტესი აქცენტებით და სულ სხვა რიტმის ლიბრეტოს ოსტატური თანხლებით ჯანო იზორიას „ყვარყვარეს“ რეფლექსიებიდან. უცოდველი ბატკნის კარგად დაჭიმულ ტყავზე ისევე ელასტიურად დაცურავდა მისი ხელის თითები, როგორც სცენის ზედაპირზე – მსუბუქი ტერფი. მაგრამ რატომ დღეს, ყვარყვარე? და როგორი ყვარყვარე? – ეს კითხვებიც ხომ მახსენებდა თავს?

თითქოს გამოთხოვება იყო პოლიკარპე კაკაბაძის მწერლობასთან. ეს სხვა ყვარყვარეა. ამ დროში ცოტა სევდიანიც და ბოლომდე გაუმარჯვებელი. უსუსური ხერხემლით დროებით წელში აღმართული და მაინც მხრებჩამოყრილი შინაგანი წვალებით. უსიყვარულო და ნაცრით სავსე ბურთებთან დაბრუნებული, დროდადრო კოსმიურ უწესრიგობას რომ ემსგავსებოდა ყვარყვარეს ერთი ხელის გაქანებით. კვარცხლბეკიდან ჩამოჩოჩებული გილიოტინის სიმაღლემდე და არა ჯვარზე ასული.

რეჟისორ საბა ასლამაზიშვილის და მსახიობ ჯანო იზორიას „ყვარყვარე“ პერფექციონიზმით შეპყრობილ, „როგორ გავხდეთ ლიდერი“ და „როგორ მივაღწიოთ წარმატებას“ , ან მსგავსი ტრენინგების სერტიფიკატებით CV-ებ ავსებულ, ნამდვილი ცოდნის და  ცხოვრების გემონაკლულ თაობებს (ძველსაც და ახალსაც) ჰგავდნენ, ერთმანეთზე წინსწრების მარათონში, ნაწვალებად მიტაცებული სკამები მაინც რომ ვერ აბედნიერებთ.. რაღაცნაირად ტრაგიკული ყვარყვარე იყო.. ქუჩარებით და კაკუტებით სავსე სამყაროს მყიფე ყვარყვარე – მოფილოსოფოსო და დროში მეტად დაეჭვებული. მისი ნაცრიანი სათამაშოებივით ბოლოდახვრეტილი და გამოცლილი..

საბა ასლამაზიშვილის და ჯანო იზორიას ყვარყვარეს უკანასკნელი სიტყვებიც ხომ ნიცშეანური პრინტია – “გამაკარით რა ჯვარზე!“- მენტალური და ნაცნობი ტკივილი – დღეს უფრო ხშირი და გაუფასურებული, ვიდრე მანამდე? ნაცარქექიობის ანტიკომპლექსი. ყვარყვარული სამყაროს და არა მარტო ყვარყვარეს ამოძახილი. სადაც ერთი დადებითი პერსონაჟიც არაა!! სადაც ცოდვაში გავლა, კათარსისით არავისთვის მთავრდება..

“ვინ ჩაწვდომია ჩემსავით, ადამიანის არსს?” – ეს სოკრატეს არ უთქვამს. ყვარყვარემ თქვა. და სიბრძნის კი არა, სევდის დასაწყისია.. ქუჩარების და კაკუტების სამყაროს სევდის.

რა კარგია, რომ ოთხშაბათს, გულაჩქარებული მივედი ამ სპექტაკლის სანახავად.

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები