ზემო აბაშა – სოფელი სამტრედიის მუნიციპალიტეტში, გამოჩინებულის თემის ცენტრი (სოფლები: ზემო აბაშა, ქვემო აბაშა). მდებარეობს იმერეთის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 250 მეტრი, სამტრედიიდან 20 კილომეტრი, საჯავახოდან 10 კმ.
გამოჩინებულის თემი იყო საჯავახოს მხარის ნაწილი. სავარაუდოდ, ამიტომ გამოჩინებულის ეკლესიის ადგილმდებარეობად ქსე-ს მე-9 ტომში სოფელი საჯავახოა შეცდომით მითითებული. გამოჩინებულის საბლაღოჩინო XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოს ანექსიის მიერ მიეკუთვნა ქუთაისის მაზრას. 1902 წლის მონაცემებით აბაშის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 6 სოფელს და მისი მოსახლეობა იყო 4129 ადამიანი. 1926 წლისთვის გამოჩინებულის თემი შედგებოდა 14 სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 6744 ადამიანს, ხოლო ფართობი 59 კმ²-ს.
სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის გამოჩინებულის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესია 1519 წლით თარიღდება. გამოჩინებულის მონასტერი გურიის ქედის ერთ-ერთ მაღლობზე დგას, ვრცელი გადასახედი აქვს და ამიტომაც ჰქვია გამოჩინებული. ეკლესიას გარს აკრავს თხილისა და ჭადრის ტევრი. ეკლესია მომცრო კვადრატული ფორმის უგუმბათო შენობას წარმოადგენს.
ეკლესიის დასავლეთით დგას ქვიტკირის ორსართულიანი სამრეკლო, რომელსაც აღმოსავლეთით კარის თავზე ჰქონდა მხედრული წარწერა „მოსახსენებლად სულთა გიგო კალოიანისა და მშობელთა თვისთა ამ სამრეკლოის აშენებაზე შევაწიე სამი თუმანი აზნაურმა ოტია კალოიანმა ჩყნე წელსა (1856 წ.)“.
ძველად არსებობდა წესი: აღდგომის წინ, წითელ პარასკევს თარგამაძეების გვარის კაცი ჩამოატარებდა სოფელში დროშა ჯვარს შეჭედილს ვერცხლით და შემკულს წარწერით (ამავე ჯვრით უძღვებოდნენ ძველად მიცვალებულს მნათეს მიჰქონდა იგი წინ), ხალხი ნებაყოფლობით სწირავდა ფულს. მოგროვილი ფულით ყიდულობდნენ ზვარაკს (ცხვარს), რომელსაც აღდგომის დილას, წირვის შემდგომ შემწვარს მიართმევდნენ კალოიანებს (გვარია). ისინი ბეჭებს აიღებდნენ და შემდეგ ხალხს დაუძახებდნენ: „ზვარაკი არის და მოგროვდითო“. ხალხი მოგროვდებოდა, აიღებდნენ კალოიანები და ზვარაკს ხალხს უნაწილებდნენ.
XVIII საუკუნის 80-იან წლებში გამოჩინებულში მოქმედებდა საეპისკოპოსო კათედრა, რაც გამოწვეული იყო ხინოწმინდის საეპისკოპოსოს გაუქმებით ოსმალეთის მიერ. ხინოწმინდიდან გამოჩინებულში გადაასვენეს ღვთისმშობლის ოქროს ხატი, რომელიც ტაძრიდან მოიპარეს 1904 წელს. გამოჩინებულში მოღვაწეობდა გამოხიზნული ეპისკოპოსი იოანე ხინოწმინდელი. გამოჩინებულის ეკლესიაში დიაკვნად მსახურობდა ეფთვიმე გენათელი.
კომენტარები