მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ზესტაფონი – გაიგე შენი ქალაქის ისტორია

ზესტაფონი – გაიგე შენი ქალაქის ისტორია

ზესტაფონი — ქალაქი დასავლეთ საქართველოში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 1920 წლამდე ეწოდებოდა “ყვირილა“.

წყაროებში პირველად მოიხსენიება XVI საუკუნის 60-იან წლებში. სახელწოდება „ზესტაფონი“, გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს მდინარე ყვირილაზე არსებული ზედა ფონისაგან. XIX საუკუნის 20-იან წლებში აქ იყო კაზაკთა ჯარის პოსტი – ყვირილის პოსტი და დასახლებასაც ყვირილა დაერქვა. 1872 წელს ფოთი-თბილისის რკინიგზის გაყვანის შემდეგ აქ ვაგზლის შენობა ააშენეს, იმატა მოსახლეობამ. 1892 წელს აქ გაიმართა ზესტაფონის კრება, რომლითაც მოხდა მესამე დასის დაფუძნება.

პირველი რესპუბლიკის დროს ქალაქი მცირე ხნით ატარებდა რევოლუციონერ ვალიკო ჯუღელის სახელს. 1920 წლის იანვარში ყვირილას ოფიციალურად ეწოდა ზესტაფონი. ქალაქად გამოცხადდა 1926 წელს.

ზესტაფონის ზრდა დაკავშირებულია ფეროშენადნობთა ქარხანასთან, რომელიც 1933 წლიდან ამოქმედდა. საწარმოს ამუშავებამ ქალაქი აქცია საქართველოს ერთ-ერთ ინდუსტრიულ ცენტრად. საბჭოთა პერიოდში ასევე მოქმედებდა ელექტროტექნიკის ქარხანა „საქკაბელი“, ხილწვენების და ღვინის ქარხნები, სამკერვალო და სხვა სამრეწველო საწარმოები. 1955 და 1973 წლებში შედგა ქალაქის განაშენიანების გეგმები. აშენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები, საზოგადოებრივი შენობები და სხვა.

ზესტაფონი რამდენიმე უბნად იყოფა. ლეგენდის თანახმად ზესტაფონის მიდამოები ტყეებითა და ჭაობებით იყო დაფარული. მოსახლეობა სახლების მშენებლობისას სახურავისთვის ყავარს აკეთებდა, შესაბამისად ერთ-ერთ უბანს “საყავრია“ შეარქვეს. ქალაქში რამდენიმე სარეკრეაციო ადგილია, მათ შორის ვარინკა მაჭავარიანი-წერეთლის სახელობის სკვერი, „ირინეს პარკი“ და სხვ.

ზესტაფონში არის მარგვეთისა და უბისის ეპარქიის კათედრა და რეზიდენცია. ქალაქში არის 4 მართლმადიდებლური ტაძარი: წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს, წმინდა იოანესა და ღვთისმშობლის სახელობის.

ზესტაფონში არის ზესტაფონის რაიონული სასამართლო, რომლის იურისდიქცია ვრცელდება ზესტაფონის, თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე.

ქალაქში არის სოხუმის პროფესორ აკაკი ჩხარტიშვილის სახელობის ეკონომიკურ-ჰუმანიტარულ უნივერსიტეტი, 7 საჯარო სკოლა, 4 კერძო სკოლა და 8 საჯარო ბაღი.

ქალაქში მოქმედებს თეატრი და მუზეუმი. ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი დაარსდა 1968 წელს. მასში დაცულია 8500 ექსპონატი: ქვის, ბრინჯაოს და რკინის ხანის მასალა, სამკაული, ნუმიზმატიკა, კერამიკული ნაწარმის ნიმუშები, XII ს-ის ჯაჭვის პერანგი, შუა საუკუნეების საყოფაცხოვრებო ნივთები, ადგილობრივ მხატვართა მიერ შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუშები, XIX ს-ის წერილობითი დოკუმენტები და ფოტომასალა. ზესტაფონში ასევე არის ეროვნული გალერეის ფილიალი: ზესტაფონის სურათების გალერეა.

ქალაქს ჰყავს საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი”.

ზესტაფონში ზღვის სუბტროპიკული ნოტიო ჰავაა, იცის ზომიერად ცივი ზამთარი და შედარებით ცხელი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურაა 13,9 °C. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 3,7 °C, აგვისტოსი 23,9 °C. ნალექები 130 მმ წელიწადში.

კომენტარები