ზესტაფონში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით დაკავებულ პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში გაიმართა.
მოსამართლემ სრულად გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურორის თქმით, საქმეში მტკიცებულებებით დგინდება, რომ დაკავებული, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს პროსტიტუციას ერთი თვის განმავლობაში აიძულებდა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და სავარაუდოდ, გაასაჩივრებს. ადვოკატის თქმით, მათ 10 000-ლარიანი გირაოს შუამდგომლობა დააყენეს, თუმცა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
მისი თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
უცხო ქვეყნის მოქალაქე ზესტაფონში, ჩხეიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში დააკავეს. მას ბრალად ადამიანებით ვაჭრობა ედება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
კომენტარები