ზოვრეთი – სოფელი იმერეთის მხარის ზესტაფონის მუნიციპალიტეტში (თემის ცენტრი). მდებარეობს მდინარე ძუსის (ჩოლაბურის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 240 მეტრი, ზესტაფონიდან 13 კილომეტრი.
სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელს აღმოსავლეთით ესაზღვრება სოფელი ქვედა საზანო, რომელიც გამოყოფილია მდინარე ძუსით, დასავლეთით ესაზღვრება სოფლები: ღვანკითი და რუფოთი. ჩრდილოეთით სოფელი ქვედა ალისუბანი, ხოლო სამხრეთით სოფლები: ჭალატყე და ქვედა საქარა.
სოფელი მნიშვნელოვანია ისტორიული ძეგლებით: კერძოდ, აღსანიშნავია ე.წ. მაცაბერიძეების ციხე, რომელიც პატარა ზომისაა, მაგრამ ერთობ მნიშვნელოვანი ისტორიული ფუნქცია უნდა ჰქონოდა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ციხის ნანგრევებიდან მოჩანს მეზობელ სოფელში, ქვედა საზანოში, არსებული ანალოგიური ზომის ციხე.
სავარაუდოდ, ომიანობის დროს, სწორედ ამ ციხეებში ანთებული ცეცხლით აცნობებდნენ ერთმანეთს მოსალოდნელ საფრთხეს.
სოფელში არის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც აშენებულია XVIII საუკუნეში.
სოფელ ზოვრეთის და ჭალატყის საზღვარზე მდებარეობს XII საუკუნეში აშენებული ხიდი, რომელიც ცნობილია “თამარის ხიდის“ სახელით.
სოფელში გავრცელებული გვარებია: მაჩიტიძე, შავგულიძე, კვეტენაძე, ალავიძე, ვერულაშვილი, ღვინჯილია, გვალია, იმნაძე, ჩუბინიძე, კალატოზი, ვარდოსანიძე, ჩხიკვაძე, რობაქიძე, დეკანოიძე, მაცაბერიძე, ბეღელაძე, ბოგვერაძე, ნებიერიძე, კაპანაძე, ცერცვაძე, აბჟანდაძე, ჭაბუკიანი, გურგენიძე, შაქარიშვილი.
კომენტარები