მთავარიახალი ამბები

“თეატრალური იმერეთის” მეთოთხმეტე სიცოცხლე

“თეატრალური იმერეთის” მეთოთხმეტე სიცოცხლე

სამშაბათს, 13 ივნისს, ჩვენი დიდებული, მზისფერი შენობა, უკვე მშობლიურად ქცეული  ტრადიციისთვის გულიანად გახსნის ყველა კარს და ნამდვილად სახალხო გახდება. აღელვებული და დაუვარცხნელი ემოციებით, გულწრფელი გულშემატკივრობით, ახალი და ძველი, ნაცნობი და უცნობი ნიჭით და გამარჯვების მოპოვების შეუკავებელი სურვილებით აივსება პარტერი და იარუსები. უსაყვარლესად აჭრელდება ფოიეებში მაყურებლებს შორის დიალოგების კილო, მუსიკა და შინაარსი. რეპერტუარი რომ არც იცოდე, ამ საუბრებით მიხვდები, ზესტაფონია თუ ჭიათურა, ხარაგაულია თუ ტყიბული, თერჯოლა თუ ბაღდათი, საჩხერე თუ სამტრედია, ხონი,  ვანი თუ  წყალტუბო. მთელ ამ ფერად, უპროტოკოლო და საოცნებო კვირეულებს ქუთაისური მასპინძლობის ტონად გასდევს ბატონი ლევან როხვაძის „შენი ჭირიმე, ქართველო“, მაია პაქსაშვილის დაკარგული კალორიები და გელა ძაგნიძის სტაბილური მღელვარება საორგანიზაციო საკითხებში. ეს ტრადიცია  „სახელოვნებო სამზარეულოში“ იმ დროს დაიწყო, როცა მათ ბინაც, პატარა დარბაზიც, ალტერნატიული სცენაც ექსპერიმენტებისთვის, არქივიც და სამუშაო ოთახებიც პუშკინის ქუჩაზე, თეატრის მოღვაწეთა კავშირში ჰქონდათ. დღეს რომ წარსულის ისტორიას ფოტოებით ვერ ვიხსენებთ, ხანძრის კვალია, რომელმაც ერთი ეპოქის ეს მსუყე მონაკვეთი გაანადგურა.

და ტრადიცია როგორ დაიწყო..

მაშინ იმერეთის გუბერნატორი თეატრალებზე, მწერლებზე, მხატვრებზე და მუსიკოსებზე შეყვარებული თემურ შაშიაშვილი იყო. კაცი, რომლის სახელსაც ბევრი დიდი საქმე უკავშირდება. მათ შორის, საოპერო ფესტივალიც გენიალური ვარსკვლავების მონაწილეობით ქუთაისში, მხატვრების და სკულპტორების საერთაშორისო პლენერები, სიმპოზიუმები, საგანმანათლებლო და კულტურული რეფორმები, გამომწვევი  ექსპერიმენტები.

“ვალერი ასათიანი როცა კულტურის მინისტრი იყო, მაშინ დიდი კულტურული მისიის ტურნე მოეწყო თითქმის 20 ქვეყანაში და დელეგაციას მეც ვახლდი – იგონებს “თეატრალური იმერეთის“ სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან როხვაძე – ჰოდა იქ ვნახე ბევრი სიახლე. შთაბეჭდილებებით ჩამოვედი და მომინდა ჩემს რეგიონშიც ახალი წამოწყება. პირველად, მცირე მასშტაბით, ვანში ვცადეთ და სახალხო თეატრები ერთ სივრცეში გამოვიყვანეთ. მერე ბატონ თემურს შევხვდით და მან “ფესტივალი ბორბლებზე” შემოგვთავაზა. ეს ნიშნავდა მთელი რეგიონის თეატრალურ რელსზე შედგომას! დიდი საქმე იყო!”

„ფესტივალი ბორბლებზე“(ახლაც ცხადად მესმის ეს სიტყვები ბატონი თემურის ხმით) ნიშნავდა ერთი სპექტაკლის თორმეტჯერ თამაშს ფესტივალის ფორმატში: რეგიონის ყველა ადმინისტრაციული ერთეული უნდა მოევლო თითოეულ დასს, რაც ახალ ურთიერთობებს აჩენდა, ახალ გრძნობებს, ემოციურ ბმას, გულშემატკივრობას. ეს წმინდად მასობრივი პოლიტიკის ერთი გაკეთილშობილებული ფორმა იყო – ხელოვნების ენით კომუნიკაცია და თან, ყველასთვის ერთნაირად სასურველი.

დაიწყო ახალი ტრადიციის დაბადება.

თემურ შაშიაშვილს ჩამოყავდა რეჟისორები თბილისიდან, აქ დაახვედრებდა საკუთარ გუნდს, ოტია იოსელიანს და რეზო ჭეიშვილს. როგორც სჩვეოდათ, საათობით უცვლიდნენ აზრს ერთმანეთს. ფესტივალის კონსულტანტობა ლევან ხეთაგურსაც სთხოვა, მაგრამ პრაქტიკაში სულ სხვა ქმედებები მოითხოვა რეალური შედეგისთვის მიღწევის პროცესმა. დარბოდნენ თერთმეტივე მუნიციპალიტეტში ლევანი, მაია და გელა. ცალკე რაიონის ხელმძღვანელებთან ხსნიდნენ ჩანაფიქრისთვის საჭირო დავალებებს, ცალკე „სახალხო დასებს“ ხვდებოდნენ და ათამამებდნენ დიდი სცენისთვის. მარცვალ-მარცვალ იკრიბებოდა ყველა ის დეტალი, რაც დღეს ასე ავსებს და ახმაურებს თეატრალურ ქუთაისს ივნისის თვეში.

“ერთი თვე იყო დარჩენილი ფესტივალის გახსნამდე და რეჟისორმა უარი თქვა ხონში სპექტაკლის დადგმაზე. კატასტროფა იყო ხონელებისთვის. ობიექტური მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, ვარდებოდა ფესტივალიდან ეს მოწესრიგებული და მეოცნებე დასი, რომელიც მთელი წელი ელოდა თეატრალურ დღესასწაულში საკუთარ დღეს – იხსენებს ფესტივალის დირექტორი მაია პაქსაშვილი – ღამის პირველ საათზე გაგიჟებულმა დავრეკე ყველა ნაცნობ რეჟისორთან თბილისში „მიშველეთთქო“! იცოდა ყველამ ჩემი თავგადაკლულობა და ერთი სტუდენტის კონტაქტები მომცეს. ჩავუვარდი იმ ბიჭს ფეხებში. თან ვუბოდიშებდი „კი ვიცი ერთ თვეში სპექტაკლის დადგმა წარმოუდგენელი რომ არის და სასწაულს გთხოვ, მაგრამ უნდა ქნა ეს სასწაულითქო“. ჩამოვიდა. და გადარჩა ხონელები. ასეთი ამბები მრავლად გვქონდა..“

თემურ შაშიაშვილმა თეატრალური ფესტივალის მხარდაჭერა ბადრი პატარკაციშვილს სთხოვა. არ იყო პატარა საქმე და  უარიც იმერეთის გუბერნატორთან არ ჭრიდა. ფაქტია, პატარკაციშვილმა ქველმოქმედება სიამოვნებით გაიღო.

პირველ წელს ჟიურის თავმჯდომარედ ოტია იოსელიანი დაინიშნა, როგორც მახსოვს. მას შემდეგ – რეზო ჭეიშვილი. 2003 -ში მეც მიხაროდა ჟიურის წევრობა. რაიონებში საპატიო მისიით დააგზავნეს გურამ საღარაძე, ჯემალ ღაღანიძე, კარლო საკანდელიძე და სხვები. გაიხარეს რაიონებმა!

ყველაზე მთავარი, რაც მოხდა, ყველა კუთხეში თეატრის სიყვარული თავიდან დაიბადა! თეატრის დღესასწაული და ამ დღესასწაულში მონაწილეობა იქცა მთელი იმერეთისთვის ყოველწლიურ მოლოდინად. თეატრალური მარათონი გახდა ყველა ნიჭიერის და თეატრის მოყვარულის ახდენილი ოცნების ნაწილი! არაჩვეულებრივი ტრადიცია დაიწყო! ჭეშმარიტად სახალხო!

ბლოგი ამ ამბებს ვერ დაიტევს, მაგრამ მაინც ვთქვი წარსულის გასაცოცხლებლად.

ბლოგში ვერც იმაზე მოვყვები დეტალურად, რაც ფესტივალმა გამოიარა დღემდე. სხვა დროს ვთქვათ.

ცოტა ვახსენეთ, მაგრამ ინერციისთვის საკმარისია.

2011 წელს უკვე ჟიურიში თეატრის კრიტიკოსები დასხდნენ.

2016 -ში ფესტივალმა საერთაშორისო სტატუსი მიიღო.

წელს პრიზების თანხა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაემატა ფესტივალის მწირ ყულაბას!

უდიდესი საქმე გაკეთდა წლების წინ ამ ტრადიციის დაბადებით: ყველა კუთხეში თეატრი გაჩნდა! ფესტივალის დაწყებამდე, ყველა კუთხეში პრემიერა იმართება, მზადება წლიდან წლამდე მაგიური რიტუალია! აბედნიერებს ადამიანებს!

რამდენი რამე დამრჩა მოსაყოლი.. მაგრამ გავჩერდები ახლა. მადლობა აქ ნახსენებ ადამიანებს „თეატრალური იმერეთისთვის“. წელს საინტერესო რეპერტუარია. მიდით და შეაღეთ მზისფერი შენობის კარი. ისიამოვნეთ!

ხვალიდან  ქუთაისში ტრადიციული, თეატრალური დღესასწაულია!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები