მთავარიახალი ამბები

თეატრალური ფესტივალი “უშანგი” ზესტაფონის თეატრში პრემიერით გაიხსნა

თეატრალური ფესტივალი “უშანგი” ზესტაფონის თეატრში პრემიერით გაიხსნა

ზესტაფონის სახელმწიფო თეატრში პირველი კლასიკური დრამატურგიის თეატრალური ფესტივალი “უშანგი” დაიწყო.

ფესტივალი ზესტაფონის თეატრმა პრემიერით გახსნა. უილიამ შექსპირის “ჰამლეტი“ რეჟისორმა ვატო ჯუღელმა უშანგი ჩხეიძის დაბადებიდან 125 წლისთავს მიუძღვნა.

ფესტივალის მონაწილეები არიან – გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რუსთავის პროფესიული მუნიციპალური დრამატული თეატრი, მოზარდ მაყურებელთა თეატრი, ფოთის სახელმწიფო დრამატული თეატრი და ზესტაფონის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

ფესტივალს 13 გამარჯვებული ეყოლება სხვადასხვა ნომინაციებში, რომელსაც სპეციალურად შექმნილი, კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ჟიური დაკომპლექტებულია თეატრის კრიტიკოსებისგან: ლელა ოჩიაური, ლაშა ჩხარტიშვილი, მანანა თევზაძე, გიორგი ყაჯრიშვილი და ვალერი ოთხოზორია.

“ჩვენი მიზანი არ იყო მხოლოდ ფესტივალის შექმნა. ჩვენი მიზანი ახალი თეატრალური კულტურის ჩამოყალიბებაა, რომელიც შეცვლის და დაამკვიდრებს ახალ დამოკიდებულებებს, საფუძველს ჩაუყრის ახალ თანამშრომლობებს, ახალგაზრდებში დაბადებს ახალ სურვილებს – ეზიარონ ხელოვნების სამყაროს. ფესტივალს და შესაბამისად, ზესტაფონის თეატრს, აქვს ყველა რესურსი და ჯანმრთელი ამბიცია, იყოს საერთაშორისო წოდების და დღეს სწორედ ამ ისტორიის საწყისს დაედო საფუძველი“, – აცხადებს ზესტაფონის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვატო ჯუღელი.

ფესტივალი 5 დეკემბერს დაჯილდოების ცერემონიით დაიხურება, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე წარუძღვება.

კომენტარები