მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

თეა წულუკიანი – ხელისუფლება არის პირნათელი სააკაშვილის წინაშე

თეა წულუკიანი – ხელისუფლება არის პირნათელი სააკაშვილის წინაშე

როგორ უნდა დასრულდეს ან გადავადდეს სასჯელი, ამის არანაირი ბერკეტი მთავრობას და მის წევრებს არ აქვთ, ამის არანაირი ბერკერი პარლამენტს და მის წევრებს არ აქვთ, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

“მოდით, ყველამ გადაწყვეტილება მივანდოთ სასამართლოს, ვინაიდან პროცესი ჩანიშნულია და შუამდგომლობა არის დაყენებული მოსამართლის წინაშე. ყველანაირი ტიპის წინასწარი სურვილები, ოცნებები, მოწოდებები არღვევს სასამართლოს სიმშვიდეს, როგორც ამას ვუწოდებთ ხოლმე საერთაშორისო სამართალში, ვინაიდან მოსამართლეს სჭირდება მშვიდ გარემოში გადაწყვეტილების მიღება დოკუმენტებზე დაყრდნობით, ხოლო დოკუმენტებზე დაყრდნობით, შემდეგ იმუშავებს ხოლმე გადაწყვეტილებას შინაგანი რწმენის საფუძველზე. შინაგანი რწმენა კი, არ ყალიბდება აჟიოტაჟის და გარკვეული ზეწოლის ფონზე, რომლადაც, ასევე, შეიძლება, ჩაითვალოს ზოგადად განცხადებები, მათ შორის პოლიტიკოსებისგან. შესაბამისად, კი, თუ არა? როდის, სად, რატომ, რისთვის და რის საფუძველზე? – ეს გადაწყვეტილება ეკუთვნის მხოლოდ მოსამართლეს. მე ვისურვებდი ერთადერთ რამეს, რომ პატიმარმა განაახლოს თანამშრომლობა და კიდევ უკეთესი თანამშრომლობა იქონიოს სამედიცინო პერსონალთან, ვიდრე აქამდე ჰქონდა, რადგან მისი ჯანმრთელობისთვის ეს მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ჯანმრთელობა პირველ რიგში მასვე ადარდებს და თუ არ ადარდებს, უნდა ადარდებდეს. სახელმწიფო კი, ყველანაირად ხელს უწყობს მას, რომ პენიტენციური სამსახური და სამედიცინო სამსახური იყოს მოწოდების სიმაღლეზე.

სასჯელისგან გათავისუფლების მექანიზმი არსებობს მხოლოდ რამდენიმე და ეს რამდენიმე სინამდვილეში ძალიან ცოტაა, მაგრამ არც ერთი ეს შესაძლებლობა არ არის მთავრობის ხელში. მე გახლავართ მთავრობის წევრი. ამიტომ მთავრობას და მის წევრს არ ეკუთვნის კითხვა, როგორ უნდა დასრულდეს ან გადავადდეს სასჯელი, ამის არანაირი ბერკეტი მთავრობას და მის წევრებს არ აქვთ, ამის არანაირი ბერკეტი პარლამენტს და მის წევრებს არ აქვთ. ეს ბერკეტი შესაძლოა, ჰქონდეს მოსამართლეს, თუ კი ის ამას გადაწყვეტს. არსებობს შეწყალების მექანიზმი, რომელიც ეკუთვნის პრეზიდენტს და სულ ეს არის. თუ მე არ მაქვს ბერკეტი, ესე იგი, არ ვაგებ პასუხს. მე ვაგებ პასუხს იმაზე, რომ როგორც სახელმწიფომ, მივაწოდო სამედიცინო მომსახურება, რაც კეთდება. შესაბამისად, ხელისუფლება არის პირნათელი სააკაშვილის წინაშე, იუსტიციის სამინისტროც და მთელი ხელისუფლება, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მისი გათავისუფლების ბერკეტი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები