რუსეთმა დღეიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი 372.2 დოლარიდან 525 დოლარამდე გაზარდა. ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს ზეთის მთავარი საიმპორტო ბაზარი რუსეთია. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველომ რუსეთიდან 3.9 მლნ დოლარის ღირებულების 2 504 ტონა მზესუმზირის ზეთი შეიძინა, რაც გასული წლის იმპორტის მაჩვენებლებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. (2021 წლის იანვარ-აპრილი – 16.8 მლნ დოლარი, 11 831 ტონა).
ზეთის იმპორტიორი კომპანია „ალფას“ დირექტორი ირაკლი ციხისთავი BM.GE-სთან აცხადებს, რომ ივნისში ზეთის იმპორტის შემდეგ პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე დაახლოებით 10%-მდე გაძვირდება.
„საექსპორტო გადასახადის ზრდა, რა თქმა უნდა, დახლზე ზეთის ღირებულებას გაზრდის. ივნისში იმპორტირებული ზეთის ფასი დაახლოებით 10%-ით გაიზრდება. დღეს 1 ლიტრი ზეთის ღირებულება 9 ლარია, საექსპორტო ფასის გავლენით ზეთის 1 ლარით გაძვირდება“, – აცხადებს იმპორტიორი კომპანიის დირექტორი.
კომპანია „ალფა“ მზესუმზირის ზეთის იმპორტს „ბარაქა“ ბრენდით ახორციელებს და თვეში 500-600 ტონა ზეთი შემოაქვს.
კომენტარები