მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ილიაობას სასწაულებრივად მოსული წვიმისათვის დადანაშაულებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

ილიაობას სასწაულებრივად მოსული წვიმისათვის დადანაშაულებული ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი

ახალი სტილით 2 აგვისტოს (ძველი სტილით 20 ივლისი) წმიდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღნიშნავს ხსენებას წმიდისა წინასწარმეტყველისა ილია თეზბიტელისა, რომელიც ამქვეყნად ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იესო ქრისტეს ხორციელ შობამდე მე-9 საუკუნეში. წმ. ილია წინასწარმეტყველი თავისი ამქვეყნიური მოღვაწეობის შემდგომ, უფლის განგებით, ცეცხლოვანი ეტლებით იქნა აღტაცებული ზეცად. ეკლესიის სწავლებით, მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ, წმ. ილია წინასწარმეტყველი ანტიქრისტეს სამხილებლად უნდა მოვიდეს წმ. ენოქ წინასწარმეტყველთან ერთად და ამის შემდგომ ილია წინასწარმეტყველიც განიცდის გარდაცვალებას. საისტორიო გადმოცემით, ილია წინასწარმეტყველის ხალენი (მოსასხამი) იმყოფება საქართველოში და ის დაფლულია მცხეთის სვეტიცხოვლის წმ. თორმეტი მოციქულის სახელობის საპატრიარქო ტაძარში, წმ. ილია წინასწარმეტყველის სახელობის ეკვდერში.

წმ. ილია წინასწარმეტყველის ცხოვრებაში აღწერილ მრავალ სასწაულს შორის არის გადმოცემული, რომ მისი ლოცვით, უფალმა, სასწაულებრივად წვიმა მოავლინა. ამ მიზეზით, არაერთ თხოვნათა შორის, ილია წინასწარმეტყველს ხშირად განსაკუთრებით ავედრებენ გვალვისას წვიმის მოსვლას.

აღნიშნულ ტრადიციას უკავშირდება ერთ-ერთი საგულისხმო და ფრიად საინტერესო ფაქტი, რომელიც ქუთაის-გაენათის ეპარქიაში მეოცე საუკუნის 50-იან წლებში მოხდა.

1953 წლის 29 ოქტომბრიდან 1956 წლის 4 ივლისამდე (გარდაცვალებამდე) ქუთაის-გაენათის ეპარქიას მართავდა მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე).

ხსენებულ პერიოდში ერთ-ერთი ზაფხული იმერეთში განსაკუთრებით გვალვიანი იყო. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ნათესები, რამაც ასევე, გლეხობის ძლიერ დაზარალების საფრთხეც გააჩნია. აღნიშნულით შეწუხებულმა ადამიანებმა საშველად მიმართეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელს. მღვდელმთავარმა ხალხს ნუგეში სცა და დაიბარა ისინი წმიდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს წირვაზე.

ილიაობის დღესასწაულზე, 2 აგვისტოს, დილიდანვე მრავალი ადამიანი მივიდა ტაძარში, სადაც ისინი დაიბარა მეუფე გაბრიელმა. ტაძარში შეკრებილ ხალხში ყოფილა შეგზავნილები საბჭოთა რეჟიმის სამთავრობო-ძალოვანი ორგანოების წარმომადგენლებიც, რომელთაც განზრახული ჰქონდათ, რომ წირვის დამთავრებისთანავე, წვიმის მოუსვლელობით გაწბილებული ხალხისათვის დაეცინათ. 2 აგვისტოს დილიდანვე ძალიან ცხელოდა, ცაზე სულ მცირე ღრუბელიც კი არ სჩანდა…

ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა აღავლინა საზეიმო საღმრთო ლიტურგია. წირვის განსრულებისას, როდესაც შეკრებილმა მრევლმა ერთხმად წარმოთქვა “ამინ”, მოწმენდილ ცაზე ქუხილის ხმა გაისმა, იქვე ღრუბლებიც გაჩნდა და წამოვიდა ძლიერი წვიმა. საბჭოთა ათეისტური რეჟიმის მიერ იმ დღეს ტაძარში საგანგებოდ შეგზავნილი პირები თავად დარჩნენ გაწბილებულნი…

ხსენებულ დღეს  ისეთი ძლიერი წვიმა მოვიდა, რომ მდინარე რიონი ადიდდა, რომელმაც ჩეკას ერთ-ერთ კანტორას ძირი გამოუთხარა და წაიღო. ამ ფაქტის გამო ადგილობრივი კომუნისტები ძლიერ განრისხებულა. მათ ბრალი დასდეს ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელს სახელმწიფო ქონების განადგურებაში და მისი დაპატიმრება მოითხოვეს. გაგულისებულმა ჩეკისტებმა თბილისში, საქართველოს სსრ ცენტრალურ ხელმძღვანელობაში საჩივარი გააგზავნეს: „მიტროპოლიტმა გაბრიელმა კანტორა დაგვინგრია, ილოცა და ისეთი წვიმა მოიყვანა, სახელმწიფო ქონება გაანადგურა. ნება მოგვეცით, დავიჭიროთ და პასუხისგებაში მივცეთ”, – წერდნენ ადგილობრივი კომუნისტები რესპუბლიკის ცენტრალურ ხელმძღვანელობას (ა. ჩაჩანიძე; ჟურნ. „ისტორიანი“, # 3 (15), 2012 წ; გვ. 41).

თბილისში დაფიქრებულან და მიხვდნენ, რომ თუ ამ საჩივარს ოფიციალურ მსვლელობაში ჩააყენებდნენ და მიტროპოლიტ გაბრიელს ამ მიზეზით პასუხისგებაში მისცემდნენ, ეს სარჩელი და საქმე მიიყვანდათ ღმერთის აშკარა და შეიძლება ითქვას სამთავრობო დონეზე აღიარებამდე, რის გამოც, სასწრაფოდ გააუქმებიათ სარჩელი. ილიაობას მომხდარი ეს სასწაული კი ამქვეყნიური სიცოცხლის ბოლომდე ახსოვდათ ამის მომსწრე იმჟამინდელი მრევლის წევრებს.

წმიდა ილია წინასწარმეტყველის მეოხებით, ღმერთმა მოანიჭოს მშვიდობა ქუთაისსა და სრულიად საქართველოს.

ფოტოზე: ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი (ჩაჩანიძე); გადაღებულია მოწამეთას მონასტერში, წმ. დიდმოწამეთა არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმ. ნაწილებთან

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები