იმერეთში ახალი წლის აღნიშვნა მუნიციპალიტეტებს ასობით ათასი ლარი უჯდებათ. “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციით, 2024 წლის აღსანიშნავად იმერეთში ყველაზე დიდ თანხას – 286271 ლარს ხარაგაულის მუნიციპალიტეტი დახარჯავს.
ახალი წლის აღნიშვნა ქუთაისს 200 000 ლარი, წყალტუბოს – 99 990 ლარი, ჭიათურას – 205 571 ლარი, საჩხერეს კი 99999 ლარი დაუჯდება.
“2023 წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ N2168 განკარგულება გამოსცა, რომელიც პროექტის, “ახალი წლის დღეები საქართველოში” ორგანიზებას შეეხება. განკარგულების მიხედვით, საქართველოს 30 მუნიციპალიტეტს, მათ შორის დუშეთის, ქუთაისის, ოზურგეთის, თეთრიწყაროს, კასპის, მესტიის, ხარაგაულის, ქობულეთის, ახალქალაქის, დმანისის, ასპინძის, გორის, ბოლნისის, წალკის, მარნეულის, შუახევის, ხაშურის, თელავის, ახმეტის, საჩხერის, ყაზბეგის, ხულოს, წყალტუბოს, ჭიათურის, ბორჯომის, ყვარლის, გურჯაანის, საგარეჯოს, ფოთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტებს დაევალათ პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების ჩატარება. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 პრიმა მუხლის მე-3 პუნქტის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს ღონისძიებების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით გამარტივებული შესყიდვების გამოცხადების უფლება მიენიჭათ.
პროექტის “ახალი წლის დღეები საქართველოში,” განხორციელებისთვის ჩამოთვლილი მუნიციპალიტეტების უმრავლესობამ გამარტივებული შესყიდვები უკვე გამოაცხადა. ხელშეკრულებები ჯერჯერობით გაფორმებული არ არის, თუმცა მათი სავარაუდო ღირებულება 4,580,183 ლარს შეადგენს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც საქართველოს მთავრობა წინასაახალწლო განკარგულებით სხვადასხვა მუნიციპალიტეტს გამარტივებული შესყიდვის გამოცხადების უფლებამოსილებას აძლევს. მაგალითად, 2022 წლის 29 ნოემბერს “საახალწლო და მიმდინარე წლის შემაჯამებელი ღონისძიებების ორგანიზების შესახებ” განკარგულებით, საქართველოს მთავრობამ 62 მუნიციპალიტეტს დაავალა ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვა. ღონისძიებები მოიცავდა კონცერტებს, საშობაო ბაზრობებს, გამოფენა-გაყიდვებს, საბავშვო გასართობი სივრცეების მოწყობას, ფეიერვერკებს და სხვა აქტივობებს”, – აღნიშნულია “ფლანგვის დეტექტორის” ინფორმაციაში.
კომენტარები