მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი რეკორდულად გაზრდილი

იმერეთში მოსახლეობის რაოდენობა მინიმუმამდეა შემცირებული, სოციალურად დაუცველთა რიცხვი კი რეკორდულად გაზრდილი

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, იმერეთში, 2024 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 442 300 ადამიანი ცხოვრობს, აქედან 82 837 პირი საარსებო შემწეობის მიმღებია. თუ საანგარიშო პერიოდად 2017-2024 წლებს ავიღებთ, ვნახავთ, რომ მოსახლეობის რიცხოვნობა, 2017 წელთან შედარებით, 72 100 ადამიანით შემცირდა, ხოლო საარსებო შემწეობას მიმღებთა რაოდენობა 16 115-ით გაიზარდა.

იმერეთში სულ თორმეტი მუნიციპალიტეტია. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მოსახლეობის რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, ყველა მუნიციპალიტეტში შემცირებულია და საერთო ჯამში, დღეს იმერეთში 72 100-ით ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე საანგარიშო პერიოდის (2017-2024 წლები) საწყის ეტაპზე ცხოვრობდა.

2017 წლიდან დღემდე, მოსახლეობის რიცხოვნობა 17 200-ით შემცირდა ქალაქ ქუთაისში. ზოგადად, მოსახლეობის შემცირებას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. მათ შორისაა ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი. საქართველოში, მათ შორის, იმერეთში, შემცირებულია ცოცხლად დაბადებულთა მაჩვენებელი, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა აჭარბებს შობადობის მაჩვენებელს.

2019 წლის ჩათვლით, ქალაქ ქუთაისში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო, მაგრამ 2020-2021 წლებში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შემდეგ, გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა და ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობას გადააჭარბა. შემდეგ წლებში გარდაცვალება მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა ბუნებრივი მატება მომდევნო წლებშიც უარყოფით ნიშნულზე შენარჩუნდა.

იმავე პერიოდში, პანდემიის გამო, გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობაზე შეზღუდვები დაწესდა, რის შედეგადაც, მოსახლეობის ნაწილის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. მთავრობამ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების გადამოწმებაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ამასთანავე, ბაზაში თითქმის ყველა განმცხადებელი დაარეგისტრირა და საარსებო შემწეობაც დაუნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლიდან პანდემიური შეზღუდვები მოიხსნა და ეკონომიკურმა პარამეტრებმა აღდგენა დაიწყო, იმერეთში რეგისტრირებულების რაოდენობა მაინც გაცილებით მაღალ ნიშნულზეა, ვიდრე პანდემიამდელ წლებში იყო.

“ფაქტ-მეტრი”

კომენტარები