მთავარიახალი ამბებიქუთაისი

იოსებ ხახალეიშვილი იმ პროექტებს ასახელებს, რომელიც მისი მერობის პერიოდში განხორციელდა

იოსებ ხახალეიშვილი იმ პროექტებს ასახელებს, რომელიც მისი მერობის პერიოდში განხორციელდა

ქუთაისის ყოფილი მერი იოსებ ხახალეიშვილი სოციალურ ქსელში იმ პროექტებზე საუბრობს, რომელიც მისი მერობის პერიოდში განხორციელდა.

“მოკლედ, რა გავაკეთეთ ჩვენს ქალაქში ამ დროში:

პირველ რიგში, ქუთაისი ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა იუნესკოს და ისევ გახდა მსოფლიოს უდიდესი კულტურული პლატფორმის წევრი ქალაქი, ლიტერატურის კუთხით, რაც უმნიშვნელოვანესია ქუთაისის საერთაშორისო პოზიციონირებისათვის და ბევრ შესაძლებლობას აძლევს ჩვენს ქალაქს, მათ შორის 2025 წელს დააარსოს და უმასპინძლოს პირველ საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს.

ქუთაისს აქვს სრულად განახლებული ფალიაშვილი ქუჩა, ახალი ოლიმპიური საცურაო აუზი და საფეხბურთო აკადემია, აღდგენილი “ოქროს ჩარდახი”, ცენტრალური შადრევანი, შენგელია არენა, ასსაფეხურიანი კიბე, აღმაშენებლის ხეივანი, გამსახურდიას გამზირი,  ჭავჭავაძის გამზირი, ჭეიშვილის ქუჩა, მაჩაბლის, სააკაძის, ბუკიას, ხორავას, მანდარიას, შანიძის და კუპრაძის ქუჩები, პირველად ქუთაისში ხელოვნური საცოცი კედელი და ჯომარდობის ბაზები, რეაბილიტირებული ნიჩბოსნობის სკოლა, 17-ე სპორტული სკოლის ძიუდოს დარბაზი, საჭადრაკო სკოლა “მაია”, ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი, თავისუფალი ჭიდაობის ახალი დარბაზი ხარებავას ქუჩაზე, ბალახის ჰოკეის ხელოვნურსაფარიანი სტადიონი, „დათიკოს“ სკვერი მუხნარში და ბაღი ნინოშვილის ქუჩაზე, ათობით სკვერი, უსაფრთხოების კუნძული, ბინების ფასადი

მიმდინარეობს ოპერისა და ბალეტის თეატრის, ცენტრალური ბულვარის რეაბილიტაცია, მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა აღმაშენებლის მოედანზე, 17-ე სპორტული სკოლის კრივის დარბაზების და ადმინისტრაციის შენობის რეაბილიტაცია, ციფრული განათლებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ცენტრის მშენებლობა ნუცუბიძის ქუჩაზე, ხეივანი ავტომშენებლის და ოცხელის ქუჩებზე. წელს დაიწყება ანჯაფარიძის სკვერში მცირე მეწარმეობის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის განხორციელება. ასევე შეძენილია სპორტის სასახლის, გ.ტაბიძის ქუჩის ფასადების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის პროექტები.

პირველად საქართველოში, ქუთაისში მომზადდა სპორტის განვითარების კონცეფცია, კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიები. ვუმასპინძლეთ 3 საერთაშორისო ფორუმს, რომელშიც 40-მდე ქვეყნის 30-მდე საერთაშორისო ორგანიზაციის 300-ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა.

ქალაქმა უმასპინძლა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში 21 წლამდე ასაკის გუნდებს შორის, ევროპის ჩელენჯ-კაპს ბალახის ჯოკეიში, დავაარსეთ ღია პირველობა კალათბურთში “ქუთაისის თასი” და ალეკო ბოყოჩაძის სახელობის ტურნირი ხელბურთში, პირველად ბიუჯეტში გამოიყო თანხა სპორტული ინიციატივების მხარდაჭერისათვის და ქალთა რაგბის ხელშეწყობისათვის. ქუთაისის „აია“ და „ქუთაისი 2010“ 2024 წელს გახდნენ საქართველოს ჩემპიონები, „ტორპედო“ კი საქართველოს თასის გამარჯვებული.

დავაფუძნეთ ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალი, მერის ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო, მოხალისეთა მხარდაჭერის პროგრამა, ახალგაზრდული  მუსიკის ფესტივალი -„როკაია“, ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების კონკურსი, რომელიც რამდენიმე კვირაში გაიმართება, სტუდენტური დასაქმების ფორუმი, ოქროსმედალოსნების, ეროვნულ გამოცდებზე 100% დაფინანსების მქონე პირველკურსელებისათვის ფინანსური დაჯილდოების და მერის სტიპენდიატების პროგრამა, საჯარო სკოლების თვითმმართველობების პროექტების დაფინანსების პროგრამა.

პირველად, ქვეყნის მასშტაბით, განვახორციელეთ სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების აბიტიურიენტებისათვის დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამა ეროვნული გამოცდებისათვის, ქუთაისელი მოსწავლეებისა და  სტუდენტების  საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდებში მონაწილეობის დაფინანსების პროგრამა, და მთავარი, უფასო მგზავრობა სკოლის მოსწავლეებისთვის და 50% -იანი შეღავათი სტუდენტებისთვის; თითქმის გაორმაგდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის ბიუჯეტი, დავაფინანსეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების პერსონალური ასისტენტების მომზადების პროგრამა

მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიისთვის შევიძინეთ 10 ახალი მიკროავტობუსი, მოვაწყვეთ საინფორმაციო ტაბლოების 100-ზე მეტ მოსაცდელში, წლის ბოლომდე კომპანიის შენობა აღიჭურვება სოლარ-პანელებით და 100% იქნება უზრუნველყოფილი დამოუკიდებელი ელენერგიის  წყაროთი. შევქმენით და ავღჭურვეთ მუნიციპალური ინსპექცია-ზედამხედველობის თანამედროვე სტრუქტურა.

დავაარსეთ ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ აღვადგინეთ ჯორჯ ბალანჩინის საერთაშორისო ქორეოგრაფიული ფესტივალი, “ქარავან არტ ფორუმი “. პირველად ქუთაისში, განვახორციელეთ “მიურალ ფესტი”, რომლის ფარგლებშიც მოხატული კედლებს მსოფლიო აღიარება მოჰყვა, ქუთაისში. ქვედა წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში ბინა დაიდო „გაბრიაძის წყარომ“, რომელიც მრავალი წელი ელოდა მშობლიურ ქალაქში დაბრუნებას.

აკადემიური ანსამბლის სტატუსი მიენიჭა ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს და გაიხსნა ანსამბლის სახელობის ვარსკვლავი, ქუთაისის კაპელას მიენიჭა იოსებ კეჭამაძის სახელი, გაიხსნა გიზო კაკაურიძის სახელობის ვარსკვლავი.

გამოვეცით რეზო გაბრიაძის “ჩემი პატარა ქალაქი” და ახალი წიგნი “ქუთაისი”, – წერს ხახალეიშვილი.

იოსებ ხახალეიშვილმა ქუთაისის მერის თანამდებობა 15 ივლისს დატოვა.

კომენტარები