“3 დღის წინ 10 წელი შესრულდა, რაც “ქართულმა ოცნებამ” მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება 2012 წლის 1 ოქტომბერს და მაშინ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, ქართველმა ხალხმა მიიღო პრინციპული გადაწყვეტილება, გარდატეხა შეეტანა პოლიტიკურ პროცესებში და ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებაში“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში.
ირაკლი კობახიძის თქმით, იმ პერიოდში საქართველოში იყო უმძიმესი პოლიტიკური რეჟიმი – დანაშაულებრივი ავტორიტარული რეჟიმი, რომლისთვისაც ადამიანის ღირსებისა და ადამიანის უფლებების შელახვა იყო ყოველდღიური პრაქტიკა.
“ხაზს გავუსვამ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას – ჩვენ გვქონდა მშვიდობის 10 წელიწადი და ჩვენ გვქონდა სუვერენიტეტის 10 წელიწადი. ჩვენ პატივს ვცემთ, რა თქმა უნდა, ყველა პარტნიორს, მაგრამ ვიღებთ სუვერენულ გადაწყვეტილებებს ჩვენი ქვეყნის და ხალხის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად და სწორედ ასე გაგრძელდება ჩვენი პოლიტიკის წარმოება. კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას ბიძინა ივანიშვილს, იმ გარდატეხაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მივიღეთ 10 წლის წინ ჩვენს ქვეყანაში და მადლობა ქართველ ხალხს, რომელმაც დაამტკიცა სწორედ 2012 წლის 1 ოქტომბერს, რომ აქვს ამბიცია, იყოს ევროპული ცივილიზაციის სრულფასოვანი წვერი. მადლობა ხალხს სიბრძნისთვის, რომელიც გამოავლინა გასული 10 წლის მანძილზე. ბოლოს ვიტყვი, რომ ჩვენ გვჯერა ქართული ოცნება ძალიან მალე აუცილებლად ახდება, კეთილდღეობა შევა თითოეულ ოჯახში და საქართველო გამთლიანდება, ჩვენ დავიბრუნებთ როგორც აფხაზეთსა და სამაჩაბლოს ასევე ჩვენს აფხაზ და ოს დებსა და ძმებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კომენტარები