მიხეილ სააკაშვილი მესამე პრეზიდენტი კი არ არის, ის არის პირველი მკვლელი და დიქტატორი, – ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს რეჟიმს ასეულობით პატიმარი ჰყავს ციხეში მოკლული.
“9 200 პატიმარია საქართველოში და ამდენი ხანი ერთ პატიმარზე გვალაპარაკებთ, როდესაც ეს პატიმარი არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დამნაშავე, ვინც სასჯელს იხდის ციხეში, მის რეჟიმს რამდენიმე ასეული პატიმარი ჰყავს მოკლული. მის ავანტიურებს და ღალატს შეეწირა 2008 წლის აგვისტოში რამდენიმე ასეული ადამიანი, ათიათასობით ბიზნესმენი გააუბედურეს, ზოგს ქონება წაართვეს, ზოგი დააყაჩაღეს, ზოგს სახელმწიფოზე აფორმებდნენ, ზოგს საკუთარ ოჯახებზე და ბევრის სიცოცხლე შეეწირა ამას. ასეულობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე არის ამ ადამიანის მიერ შექმნილი რეჟიმის კისერზე და ახლა გინდათ, რომ საზოგადოებას შეეცოდოს. არ გვაინტერესებს ჩვენ“, – განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მძიმე კრიმინალზე, უმძიმეს დამნაშავეზეც კი, სახელმწიფო ზრუნავს სათანადოდ.
“დღეს მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ციხეში და არის საავადმყოფოში, რატომ, მე არ ვიცი, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შესაბამისად, სახელმწიფო ასეთ უმძიმეს დამნაშავეზეც კი ზრუნავს სათანადოდ. ამის იქით ჩვენ ვერავითარ პასუხს ვერ გაგცემთ, რაც უკავშირდება სააკაშვილს. ის არის პატიმარი, რომელიც არის საავადმყოფოში ყველანაირი მომსახურებით არის უზრუნველყოფილი, დანარჩენი არის უწყებების საქმე.
როდესაც იყო სააკაშვილის რეჟიმი საქართველოში, წლების განმავლობაში 140-ს აღემატებოდა საპატიმროებში გარდაცვალების მაჩვენებლები. როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, საშუალო მაჩვენებელი 20-ზე ნაკლებია. ეს ნიშნავს პირდაპირ სტატისტიკურად დადასტურებას, რომ 100 კაცზე მეტს მისი რეჟიმი კლავდა ციხეში წამებით.
რა მესამე პრეზიდენტი, იყო პირველი დიქტატორი და მკვლელი. მესამე პრეზიდენტი კი არ არის მიხეილ სააკაშვილი, ის არის პირველი მკვლელი და დიქტატორი. 100 კაცს მარტო წელიწადში კლავდა ციხეებში. 500 კაცი შესწირა აგვისტოს ომს თავის ავანტიურითა და ღალატით. მერე ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც ჩაწერა, რომ ქართველმა არმიამ დაიწყო ომი, ამას უწოდებთ მესამე პრეზიდენტს? მესამე პრეზიდენტი კი არა, პირველი ავანტიურისტი და მკვლელია ქვეყანაში. ამიტომ არის ღირსი, რომ ექვსწლიანი სასჯელი მოიხადოს, რაც შეფარდებული აქვს მართლმსაჯულების მიერ. აცადეთ სასჯელის მოხდა“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები