რადიკალურმა ოპოზიციამ ვერცერთ ოლქში ვერ გაბედა კანდიდატურის დაყენება, რაც იმის დასტურია, რომ ისინი “ქართული ოცნების“ მაღალ და საკუთარ დაბალ რეიტინგს აცნობიერებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები შეზღუდული კონკურენციის პირობებში ჩატარდა, მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რისთვისაც მან ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.
“ყველა საარჩევნო ოლქში “ქართულმა ოცნებამ“ 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში მიღებული შედეგები გააუმჯობესა. კერძოდ, ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 27 000-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 21 000 ხმა. თერჯოლის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 11 500 ხმა, 2021 წელს 9 000 ხმა მივიღეთ. ცაგერის მუნიციპალიტეტში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 4500 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 3200 ხმა. ქუთაისში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 5300-ზე მეტი ხმა, 2021 წელს მივიღეთ 3600 ხმა. ტყიბულში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1500 ხმა, 2021 წელს კი 1300-ზე ნაკლები. გურჯაანში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 1350 ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 1000 ხმა. ახალციხეში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 450-ზე მეტი ხმა, როდესაც 2021 წელს მივიღეთ 300 ხმა. თიანეთში ჩვენმა კანდიდატმა მიიღო 350 ხმა, როდესაც 2021 წლის შედეგი იყო 150 ხმა.
ვულოცავ გიორგი ხახუბიას პარლამენტის წევრად არჩევას, მანუჩარ რობაქიძეს თერჯოლის მერად არჩევას. ლევან ზალკალიანს ცაგერის მერად არჩევას, მიხეილ გიორგაძეს ქუთაისის საკრებულოს წევრად, გიორგი კერესელიძეს ტყიბულის საკრებულოს წევრად, ზურაბ მუხულიშვილის გურჯაანის საკრებულოს წევრად, როინ ნებაძეს ახალციხის საკრებულოს წევრად არჩევას, ხოლო იოსებ მათურელს თიანეთის საკრებულოს წევრად არჩევას, წარმატებებს ვუსურვებ ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს.
ეს იყო არჩევნები, რომელიც ჩატარდა ელექტრონული წესით, იმ წესით, რომელიც დადგინდა ახალი საარჩევნო კოდექსით, სადაც ამომრჩეველი გადიოდა ელექტრონული წესით რეგისტრაციას, ასევე ხმას აძლევდა ელექტრონული წესით, ეს იყო პირველი მასშტაბური ტესტი, რომელიც დაინერგა ახალი საარჩევნო კოდექსის ფარგლებში და ეს ტესტი მნიშვნელოვანი იყო, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სათანადო ხარისხით.
მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წარმომადგენელს, კომისიის წევრებს, რათა არჩევნები სათანადოდ ჩატარდა, მადლობა ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობისა და ჩვენი გუნდისთვის ნდობის გამოცხადებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დღეს რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნები ჩატარდა. ცაგერისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში მერები, ხოლო ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატები აირჩიეს.
კომენტარები