ქუთაისში, “ქართული ოცნების” მიერ დაპირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ადგილობრივებმა ძებნა გამოაცხადეს.
სამოქალაქო აქტივისტები ფანრებით ხელში, იმ პროექტებს ეძებდნენ, რომლის მშენებლობის დაპირებებიც “ოცნების” ხელისუფლებამ წლების წინ გასცა, ახლა სამუშაოები დასრულებული უნდა იყოს, თუმცა ადგილზე ძირითად შემთხვევაში რქოსანი პირუტყვი ბალახობს.
სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” წევრები ბერძენი ფილოსოფოსის მეთოდით ცდილობდნენ ენახათ რეაბილიტირებული რიონისპირა სახლები, ელექტრომობილების ქარხანა, ოცნების ქალაქი, ტექნოლოგიური ჰაბები და სხვა.
მათი თქმით, “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში ქუთაისმა დაკარგა საპარლამენტო ქალაქის სტატუსი, განვითარების პერსპექტივა, ქალაქი დატოვა 30 ათასზე მეტმა ადამიანმა და მოსახლეობის რაოდენობით ქუთაისმა მეორე ადგილიდან მეოთხეზე გადაინაცვლა.
აქტივისტები მოუწოდებენ თანაქალაქელებს, საპარლამენტო არჩევნებში ხმა მისცენ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის კურსის და ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნების პირობას დადებენ.
“ჩვენ, დღეს, ფარნებით ვეძებდით “ოცნების” პროექტებს, ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. ის, რომ ქუთაისი დაცლილია, არ არის მხოლოდ ქუთაისის პრობლემა, ეს, ალბათ, პირველ რიგში, თბილისის პრობლემაც არის. მაშინ, როდესაც სახელმწიფო კომპანიების უმეტესობა და სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, თბილისში ფუნქციონირებს, თავისთავად, ეკონომიკაც მთლიანად კონცენტრირებულია თბილისში და მთელი საქართველო, შეიძლება ითქვას, ერთ ქალაქში ცხოვრობს”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა ეკა ფხაკაძემ.
ქუთაისში აღნიშნული აქცია-პერფორმანსი მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” ორგანიზებით გაიმართა.
კომენტარები