მთავარიახალი ამბებიპოლიტიკა

“კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით”

“კანონი უკვე ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით”

გამჭვირვალობის კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და არ უნდა განვიხილოთ, არც კანონის ოპონენტების მარცხად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, კანონის მიღება მით უმეტეს არ უნდა იყოს განხილული საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად.

“გამჭვირვალობის კანონის მიღება არ უნდა განვიხილოთ, როგორც ხელისუფლების გამარჯვება, როგორც ასეთი და არ უნდა განვიხილოთ, არც კანონის ოპონენტების მარცხად, მით უმეტეს, არ შეიძლება, კანონის მიღება განვიხილოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამარცხებად, ხშირად ცდილობენ ხოლმე, ასე წარმოაჩინონ ეს ყველაფერი. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით გაიმარჯვა მხოლოდ საქართველომ, მისმა სუვერენიტეტმა და მისმა უსაფრთხოებამ, შესაბამისად, ამ კანონის მიღებით დამარცხდნენ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეები, ეს ცალსახად შეიძლება ითქვას“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე შეფასებით, გასული ორი თვის განმავლობაში კანონის შესახებ უამრავი დეზინფორმაცია გავრცელდა.

“იყო ჭარბი ემოციები, რასაც ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელოვნური საფუძველი, თუმცა ახლა უკვე კანონი ძალაშია და ყველამ უნდა ვიმოქმედოთ პრაგმატულად, ცივი გონებით და გვერდზე უნდა გადავდოთ არასაჭირო ემოციები. ეს განსაკუთრებით ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ლიბერალურ-ფაშისტური ქმედებებით ცდილობენ, გადაფარონ პროტესტის წარუმატებლობით გამოწვეული იმედგაცრუება. ლიბერალური ფაშიზმი არის კლასიკურ ფაშიზმზე და ბოლშევიზმზე არანაკლებ საშიში იდეოლოგია, რომელიც გაუმჭვირვალე ფინანსების მეშვეობით, უკვე წლებია, ხელოვნურად ინერგება ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში. ეს აბსოლუტურად შეუთავსებელია ქართულ კულტურასთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, გაემიჯნონ ლიბერალურ ფაშიზმს, რომელიც ყველაზე დიდ საფრთხეს პირველ რიგში მისი მიმდევრების პიროვნულ განვითარებას უქმნის“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები