მთავარიახალი ამბებიიმერეთი

კახა კალაძე – ჩვენ, იმერლებს, არ გვეშლება სად უნდა ვიყოთ, როდესაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს

კახა კალაძე – ჩვენ, იმერლებს, არ გვეშლება სად უნდა ვიყოთ, როდესაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს

ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ქუთაისში, “ქართული ოცნების” საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე განაცხადა.

“მოგესალმებით ჩემო საყვარელო იმერლებო სილაღით, იუმორით, სტუმართ-მასპინძლობით განთქმული ქალაქიდან – ქუთაისიდან! ბედნიერი ვარ, ამდენ გულანთებულ, პატრიოტ ადამიანს რომ ვხედავ!

საქართველოს მეორე დედაქალაქად წოდებული ეს უძველესი ქალაქი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, იყო და არის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ცენტრი. მისი შემოგარენი მდიდარია ქართული არქიტექტურული შედევრებით, უდიდესი სალოცავებით, რიღაც ამაყობს თითოეული ქართველი.

აქვე, გელათში განისვენებს საქართველოს ყველაზე დიდი მეფე, წმინდა დავით აღმაშენებელი, რომლის დროსაც დაიწყო საქართველოს ოქროს ხანა; რომლის მოღვაწეობაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ჩვენ ვართ არა პატარა, არამედ დიდი ერი.  უდიდესი კულტურისა და ისტორიის მქონე ქართველი ხალხი მუდამ იმარჯვებს, როდესაც არ ღალატობს საკუთარ ფესვებს, თავის იდენტობას, არ უხრის თავს სირთულეებს და გონიერებით, პატრიოტიზმით, რწმენით აგრძელებს განვითარებას და წინსვლას.

ამან გადაარჩინა ქართველი ერი, გაუძლო უამრავ შემოსევას, შიდა თუ გარე მტერს და დგას მტკიცედ. ვერასდროს, ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ერთად ვართ, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ.

ჩვენ, იმერლებს არ გვეშლება, სად უნდა ვიყოთ, როდესაც ვჭირდებით ჩვენს სამშობლოს.

ამ თავგანწირვის, ბრძოლის მაგალითი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ქვეყანას. დღესაც ასეა, დადგა თავისი ოჯახით და დღესაც თავისი ოჯახით დგას აქ. მინდა, მივესალმოთ ცოტნე ივანიშვილს”, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, “26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად!”

“ამდენად, მეგობრებო, ჩვენ ვერ დავუთმობთ ჩვენს ქვეყანას საჯიჯგნად უსამშობლო რადიკალებს, ვერავის მივცემთ უფლებას საქართველოს ბედი გარედან გადაწყვიტოს. ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხართ თქვენ, ქართველი ხალხი, მოსახლეობა და სწორედ თქვენ ხელშია მისი მომავალი.

26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს საქართველოს მომავლის დასაცავად, მშვიდობის დასაცავად! 26 ოქტომბერს გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს საქართველოს მომავალი, გაიმარჯვებს “ქართული ოცნება”! ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!” – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები