მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

კიბეებიდან სცენაზე და სცენიდან ისევ კიბეებზე

კიბეებიდან სცენაზე და სცენიდან ისევ კიბეებზე

ძნელია გაბედო იმაზე წერა, რაც უკვე პროფესიონალ თეატროლოგებს ბევრჯერ უღიარებიათ. მე, როგორც დილეტანტი, როგორც მოყვარული და უბრალოდ, ბლოგერი, მხოლოდ შთაბეჭდილებებს ვიხსენებ და ვცდილობ, დავალაგო წინადადებები სრულიად დაულაგებელი, ეპატაჟური, შოკის მომგვრელი დრამის, ქართული სცენის სამმა დივამ რომ გაითამაშა 19 აპრილს მესხიშვილში.

ძნელია მხოლოდ თეატრზე და სპექტაკლზე წერო მაშინაც, როცა ქუჩაშიც ქარიშხალია – ხან შედარებით მშვიდი, ხან უფრო ბობოქარი, ეგზისტენციალური კონფლიქტი და დაპირისპირება, – შენი, ჩემი და ყველას განცდა, პოზიციონირება, დაყოლა და წინააღმდეგობა, – მნიშვნელობა არ აქვს, გვინდა თუ არა ეს. ჰოდა, ალბათ, ჩემი ბლოგის მშვენიერებაც იმაშია, რომ ეს ანშლაგებდანათლული სპექტაკლი სწორედ აქ და ახლა ჩამოვიდა.  აქ და ახლა – ასე რომ უყვარს თეატრალებს სტანისლავსკის ეს კლასიკური ფორმულა.

სამეფო უბნის თეატრი – სულ საინტერესო და ახალი, სულ სამოქალაქო და შემოქმედებითი პოზიციის ერთი მკაფიო ლიდერი, არც ისე ხშირად ჩამოსულა ქუთაისში და ეს გამონაკლისი იყო. “მოახლეების“ ანონსიდან რამდენიმე დღეში, ყველა ბილეთი გაიყიდა, მაგრამ 19 აპრილს სანახავი სპექტაკლი, 18 აპრილის საღამოს, თეატრის კიბეებიდან დაიწყო, როცა სოციალურ ქსელში, სამი არაჩვეულებრივი მსახიობი – ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბაია დვალიშვილი, “არა რუსულ კანონს“ აქციის მცირერიცხოვან, თითქმის ერთკაციან პროტესტს შეუერთდა. იდგნენ მშვიდი და თბილი სახეებით. ისე, თითქოს მეორე დღეს ჟან ჟანეს ეს ცოფმორეული შეშლილები, კლასობრივ ტკივილებში და საკუთარი იდენტობის გალიებში მბორგავი “ექსცენტრიკები“ სულაც არ უნდა ეთამაშათ..

სპექტაკლი დაიწყო და 800-კაციანმა დარბაზმა ერთიანად შეიგუბა სუნთქვა. სახიფათო შარადების ასხმა ნელ-ნელა დაიწყო ნინო კასრაძის სრულიად გარდასახული, მშვენიერებადაკარგული სახის, სქოლიოზიანივით მხარჩამოვარდნილი და დაპატარავებულთვალებიანი მოახლით დიალოგში – ნატას ჯერ კიდევ გაუბედავ გმირთან, რომელიც მალევე გაიშალა ბრწყინვალე ყვავილივით დიდი, წითელი კაბის ულამაზეს სილუეტში  მისი არაჩვეულებრივი სხეულის მოძრაობით. ვერბალური ისტერია, როგორც რთული ავტორის ფსიქეა, სცენის ჰაერში ტრიალებდა. მსახიობების არაერთგვაროვანი ენერგია დროდადრო დინამიტებივით ფეთქდებოდა. ორი “მეორეხარისხოვანი“ ქალი საკუთარი ნაცრისფერი სამყაროს გაფხრეწას სასოწარკვეთილად ცდილობდა. სამყაროს, რომელიც დაბადებიდან წყევლასავით დაჰყვათ და ამ ტანჯვაში საკუთარ სურვილებს და სხეულს, საკუთარი სულის კივილს, მკვლელობის აუხდენელ წყურვილში შეშლილივით, ერთმანეთის დაუნდობლად დაათრევდნენ.

გული პირველად მაშინ გამეპო, როცა ნატა მურვანიძის მაგიდაზე ამხტარმა “კლერმა“, მთავარი „სფიჩის“ ექსტაზის ბოლოს – როცა თითქმის ბოლო ხმაზე და უპაუზო წინადადებებით, ძარღვებით კისერზე და გულში ნაპერწკლებგამყრელი მუხტით დაარწმუნა საკუთარი თავი და სოლანჟიც (ნინო კასრაძე), რომ ქალბატონის მოკვლა შეუძლია, რომ მისი კლასობრივი და ქალური მტრის გარღვევა და დასასრული ხელეწიფება, – მოულოდნელად ჩაიფსა. ისტორიული მარცხივით შოკის მომგვრელი იყო იმ პათოსიდან ამ სისველის ტრაგიკული და უსასოო შეგრძნება ჩემთვის..

პიესა საშინელი მოულოდნელობებით არის სავსე. თამაშის „თამაში“ და როლური ცვლილებები დრამატურგიულ შარადას კიდევ უფრო აძლიერებს და ხლართავს. გრძნობ, რომ ამ აბლაბუდიდან საღი ვერავინ გააღწევს. ეს ცოფი ხან გულისამრევ მლიქვნელობაში ჩირქივით გადმოდინდება და ხან, ამ ბნელი გრძნობების ომში ქვიარსექსივით უწესოდ ამოიყლორტება, – როცა არ ელი, როცა აღარ ფიქრობ სამყაროში ეს ვნებაც თუ არსებობს, მაშინ..

ბლოგში არ მრჩება ადგილი პიესის ფაბულა მოვყვე. მარტივად თუ შეიძლება თქვა, ტექსტი რომ გაუსაძლისი არ გავხადო, ის არის, რომ ორი და – ორი მოახლე, საკუთარი ქალბატონის (ბაია დვალიშვილი) მკვლელობაზე ოცნებობენ, თამაშობენ ერთმანეთს და ქალბატონსაც, ბედავენ, მაგრამ “თამაშშიც“ ვერასდროს მიჰყავთ საქმე ბოლომდე. მერე ერთმანეთს ესხმიან თავს. არის დაცინვა, დაკნინება, ძალადობა, კლასობრივი სიმწარე და “სამზარეულოდან“ გამოსვლის უსაშველო წყურვილი – ბოროტმოქმედების ხარჯზეც კი.

პიესამ და ჟან ჟანემ,  თვით კოქტო და სარტრი მოხიბლა მისი საზღვრებს გადასული, უჩვეულო წერით და ფანტაზიით. თავად ჟან ჟანეც ბევრისგან განსხვავებული შემოქმედია, „იყო ფრანგი კრიმინალი და სოციალურად გარიყული მწერალი. როგორც რომანისტმა, ეროტიკული და ხშირად უხამსი თემა  პოეტურ ხედვად გარდაქმნა. როგორც დრამატურგი, ავანგარდული თეატრის, განსაკუთრებით აბსურდის თეატრის წამყვანი ფიგურა გახდა“- ვკითხულობთ მასზე და როცა “მოახლეებს“ უყურებ, ხვდები, რომ ეს ძალიან ცოტაა ჟანესნაირ ავტორზე.

ვერ ვწერ იმაზე, როგორი ჟანგბადი იყო ბაია დვალიშვილის გამოჩენა სცენაზე, მისი ბოროტი სიკასკასე, აროგანტულობა და კურტიზანული ნალექის ნარევი. ვერ ვწერ ყველა იმ ფრაგმენტზე, რომელიც სამსახიობო ოსტატობის გიჟურ პროექციებად ჩამრჩა მეხსიერებაში. უბრალოდ, ვტიროდი: ენერგიას, თეატრის ყოველდღიურ წყურვილს, სინქრონულ ოვაციას, შემოქმედებით გაოგნებას, ამოწურვას და თუნდაც ბევრ მოულოდნელ კრიტიკას პროფესიულ წრეში. რამდენი ტკივილი აქვს მსახიობის პროფესიას. და რა კარგია ამ ტკივილებთან ნიჭით გამკლავების შანსი რომ არსებობს.. ამასაც ვტიროდი.

სპექტაკლის შემდეგ, თეატრის წინ, ახალგაზრდები ისევ აპროტესტებდნენ „არა რუსულ კანონს“.. მე შემეშინდა. კლერის ჩაფსმის სცენიდან “გაფუჭებულს“ ეს შიში ამყვა – აცლიან დროს, როდის გახდება პროტესტი კარიკატურა.. ბევრჯერ მინახავს ასეთი განელება. მანამდე სხვა მთავრობა რეჟისორობდა ასეთ ფინალს და ახლა სხვა მთავრობა უცდის სახალხო პიესის ასეთ დასასრულს, რომელსაც არასდროს მოჰყვება ტაში. უბრალოდ, მეც „ჩავიფსი“. და ამ თვითრეფლექსიის დროს, ბანალურ შეძახილებზე და სპონტანური ემოციების მეჩხერ პროტესტანტებში  ისევ გამოჩნდა სამი მშვიდი სახე. მშვიდი და თბილი. სცენიდან გადმოსული ჟან ჟანეს ვარსკვლავური გოგოები: ნატა მურვანიძე, ნინო კასრაძე და ბაია დვალიშვილი. ეს ფოტოც ვირუსივით გავრცელდა იმ წამებში და შემოქმედებით ვალთან ერთად, სამოქალაქო ვალიც ძალდაუტანებლად მოიხადეს. აქ და ახლა – ეს არის თეატრი!

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები