ეროვნული ლიგის 22-ე ტურში “ტორპედოს” შინ გორის “დილასთან” 1:5 მარცხის შემდეგ ქუთაისელთა გულშემატკივრებმა პროტესტი გამოხატეს და “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელის სტივ კინის გუნდიდან წასვლა მოითხოვეს.
ქუთაისელთა გულშემატკივრებმა (“ჯუნგლებმა”) საკუთარ “ფეისბუკგვერდზე” განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნეს, რომ სანამ კინი “ტორპედოს” მთავარი მწვრთნელი იქნება, ისინი გუნდის მატჩებს არ დაესწრებიან.
აღნიშნულს “ტორპედოს” კაპიტანი მერაბ გიგაური სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და “ჯუნგლებს” მიმართა.
“ჯუნგლები – The Jungles, ტორპედოს გულშემატკივრებო, 2010 წლიდან დღემდე ამ კლუბის მაისურით არაერთი სეზონი ჩავატარე. წლების განმავლობაში არაერთ სირთულესთან გამკლავება მოგვიწია, ბევრად მძიმე დღეები გვქონია, თუმცა ყველა ჯერზე ერთად დგომით დღევანდელ დღემდე მოვედით… ამ კლუბის მაისურით გამართული თითოეული მატჩი, თითოეული წამი ჩემთვის საამაყოა და თქვენ ეს კარგად იცით.
წელს უკვე მოვიპოვეთ ერთი ტიტული, თუმცა გვაქვს შანსი, სეზონი კიდევ ერთი, ამ ეტაპზე ჩვენთვის მთავარი ტიტულით დავასრულოთ. მენდეთ, თითოეული ფეხბურთელისთვის ის მხარდაჭერა, რომელსაც თქვენგან ვგრძნობთ როგორც საშინაო, ისე გასვლით მატჩებზე, უმნიშვნელოვანესია. ვაფასებთ იმას, რასაც ჩვენთვის აკეთებთ და მოედანზე სწორედ თქვენთვის გავდივართ.
როგორც კაპიტანი, თავს უფლებას ვაძლევ და გუნდის სახელით მოგმართავთ თხოვნით: ახლა, როცა სეზონის დასკვნით ნაწილში ვართ და როცა სასწორზე ბევრი რამაა, მათ შორის, ქვეყნის ჩემპიონობა, ერთმანეთის გარეშე ნუ დავრჩებით და ეს გზა ისევ ერთად გავაგრძელოთ.
ჩვენ, როგორც გუნდი, სრულად ვიაზრებთ ჩვენს პასუხისმგებლობას. აუცილებლად გვექნება დრო ერთმანეთთან ყველაფერზე სასაუბროდ, მაგრამ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თხოვნით, გააკეთოთ ის, რაც ყველაზე მაგრად იცით – დაგვიდგეთ გვერდით. ერთად ისევ ბევრს შევძლებთ, ჩვენ ვართ ტორპედო!”, – წერს გიგაური.
“ტორპედო” ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 41 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ გორის “დილას” 6 ქულით ჩამორჩება.
კომენტარები