სსიპ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად, მომდევნო 4 წლის ვადით, მუსიკოსი, ქორმაისტერი ირინე ლომინაძე დაინიშნა. “პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი ამ პოზიციას მიმდინარე წლის 4 ივნისიდან დაიკავებს. შესაბამისი ბრძანება დღეს გამოიცა.
ირინე ლომინაძის პროფესიული საქმიანობა ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრს 2015 წლიდან უკავშირდება. იგი 2015 წლიდან დღემდე ამ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. 2013-2014 წლებში კი გახლდათ თეატრის მთავარი ქორმაისტერი.
სხვადასხვა წლებში მუშაობდა ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში საგუნდო განყოფილების პედაგოგად, საგუნდო განყოფილების ციკლობრივი მეთოდკომისიის თავმჯდომარედ და გამგედ.
წლების განმავლობაში იყო ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული გუნდის დირიჟორი, მიმდინარე წლიდან კი ქუთაისის კამერული გუნდის დირიჟორია.
კომენტარები