მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ლივ შტაინი

ლივ შტაინი

ლივ შტაინი – ეს ჩემი ქალია ყველა მისი ტკივილით და სიყვარულით. ოღონდ ამ სიტყვებს მის გმირზე ვერ იკადრებ. სპექტაკლიდან გამოსვლის შემდეგ, არაფერია ისე უბრალო ბგერათაშეთანხმება, როგორც მხოლოდ „ტკივილი“ და მხოლოდ „სიყვარული“.

(ბლოგის დასწერად word-ის ცარიელ სივრცეს  თვალებს ვუშეშებ. მერე გლენ გულდის შესრულებით თავიდან და თავიდან ვიწყებ რაველის „la valse”-ში ხეტიალს. სპექტაკლისგან შეპყრობის და  შთაგონების ნამსხვრევებზე ფეხშიშველი დავდივარ)

ლივ შტაინმა საათ-ნახევრის მანძილზე დაუნდობლად მათრია.

გამოდიხარ და არ გახსოვს რა გეცვა და რისთვის გეცვა,  თმა დავარცხნილი გქონდა თუ არა, ჩანთაში რა გედო, ან საერთოდ, წამოიღე თუ დაგრჩა სადმე.. არაფერს აქვს ის მნიშვნელობა, რაც თეატრში შემოსვლამდე ჰქონდა.

ნინო ხარატიშვილის „ლივ შტაინი“ მესხიშვილის თეატრის სცენაზე (სადაც მაყურებელიც ზის) ფარდასთან ერთად, დახუთული ჰაერით იხსნება. ნაგროვები სიმძიმით.

ბრწყინვალე კარიერის პიანისტმა ქალმა (ენდი ძიძავა) რამდენიმე თვის წინ შვილი დაკარგა. პროფესია უარყო და ცხოვრებას ზურგი აქცია. ადამიანებსაც. მუსიკას, რაც ასე მთავარი იყო მისთვის. ყოფილი ქმარი ემილი (სულხან გოგოლაშვილი) უკვე მეორე, ახალგაზრდა ცოლთან ჰელენთან (თიკი მოსულიშვილი) ერთად ცხოვრობს, მაგრამ ლივის „შემობრუნებას“ ცდილობს – თავისებურად – გლოვის ამ ფორმის პროტესტით, საკუთარი “დანაშაულისგან“, ლივის ცხოვრებასთან დაბრუნებით, თავის დაღწევისთვის. შვილის გარდაცვალებაზე “წარსულის“ დარქმევით, რაშიც ლივის „აწმყო“ უშლის ხელს. პიანისტის მენეჯერი სიმონე (სოფიო ჩირაძე)  არშემდგარი კარიერის ნევროტულ წვალებაშია და საკუთარ წარუმატებლობას ქვეცნობიერად (და არა მხოლოდ)  მაინც, ლივისთვის მსახურების თავგანწირვას აბრალებს. თუმცა ისიც “ცდილობს“ სხვისი გლოვის დასრულებას. თითქოს ყველა ცდილობს ნამდვილი სიცოცხლე დაუბრუნონ დიდებულ ქალს, რადგან მისი „დაბრუნებაა“ მათი წარმატების და პიროვნული რეაბილიტაციის გასაღები. და ჩნდება ახლგაზრდა, თავნება, ემოციური  გოგო ლორა (ვიკა ბოკერია) ამ გრძელი ჯავრისგან დამუხტულ ანტურაჟში. ეკლექტიკური, გამომწვევი, როგორც მისი იისფერ-ვარდისფერი კოსტიუმი და ლივი პირველად, თითქმის იძულებით თმობს თვეობით ზურგშექცეულ პოზას.

აქ პირველად შევხედე მსახიობს (ენდი ძიძავა) თვალებში (ძალიან ახლოს). მის გლოვისგან ჩამოწელილ ნაკვთებს ნაჩქარები სიბერის ბუნებრივი ჩრდილებით, მძიმე და ძუნწ მზერას, რომელიც ნელ-ნელა ბადებდა უნდობლობას, ეჭვს, სიშორეს.. სიშორეს ადამიანებთან – იმ ერთადერთის სიკვდილის გამო, რომელშიც ჯერ კიდევ ვერ არკვევ, დამნაშავე ხარ თუ მსხვერპლი.

და სცენის მარცხენა კუთხეში ახალი ქვეთავი ამონათდა – “გარიგება“:  Sylfaen-ის  სადა ფონტით, გოდარისეულად – თხრობაში ტიტრების წაშველებით, რაც მე ძალიან მიყვარს, როგორც კინოს ელემენტი. ზოგადადაც, სისადავე, ამ სპექტაკლის მტკიცე კანვაა, რომელზეც “მაღალი ხმის“ და „მონდომებული მიმიკის“ გარეშე უფრო ამობურცულად იკითხება ნაქარგი, ფსიქოლოგიური დრამის სიღრმით, – მუცლიდან და არა ყელით.

ლივი და ლორა შეთანხმდნენ: გოგონა მის გარდაცვლილ შვილზე მოუყვება ისტორიებს, როგორც მისი მეგობარი, რომელმაც მეტი იცის ანრიზე, ვიდრე ლივ შტაინმა. დედამ, რომელმაც ცხოვრება მუსიკას უძღვნა და არა მის „ერთადერთ, ექსკლუზიურ კომპოზიციას“ – მის შვილს (ამ დროს გგონია, რომ ბერგმანის “შემოდგომის სონატას“ არ გადაღებულ გაგრძელებას ხედავ, როგორც დედის მწარე კათარზისით ტანჯვას და არა შვილის ტრაგედიის ნაწილს, რომელიც უკვე ნანახი გაქვს). ამის სანაცვლოდ, კი ლივი გაკვეთილებს მისცემს ლორას.

და იწყება ფატალური ალქიმია რაველის „la valse”-მდე ტრიუმფალურად მისვლისთვის!!! გზა ფინალამდე – სავსე მღვრიე და აბურდული შეგრძნებებით, საზღვრების  მძაფრი რღვევით, ლივის ღრმა დეპრესიიდან აღფრთოვანებამდე მისვლის, სიბერის ჩრდილების ბუნებრივად ალაგებით, ახალგაზრდობის და აქამდე დაუგემოვნებელის უზომო ჭავლით შესუნთქვის, კლავიატურის უკიდეგანო ექსტაზით და ადრენალინით! საბედისწერო ვალსით თუ ანტივალსით, ეგზისტენციალური ცოდვების არანორმალური სიამოვნებით  და ტკივილით.

პატარა ლორა რასაც ეხება, თავიდან აღვიძებს! აღვიძებს დავიწყებულ ლტოლვას ვნებაგაცივებული ემილის და მისი ახალგაზრდა ცოლის ვადაგასულ საწოლშიც კი. მისი უკონტროლო ტემპერამენტის ყივილი თავხედური და კატისებრი ცოცვით ათბობს ლივის გაყინულ სხეულსაც, რომელსაც არანორმალურად უნდა იგრძნოს ყველაფერი, რასაც მისი მკვდარი შვილი განიცდიდა და, გამოტოვა.

სულის შემძვრელია ეს ჩახუტება – ლივის და ლორასი, როგორც ყველა დანარჩენი ჩახუტება (მგონი სამი. სხვადასხვა ქვეტექსტით, ცხოველმყოფელი)  ამ სპექტაკლში. ლივი თითქმის მუცლიდან, ხარბი მადით ამბობს – მინდა ვიგრძნო რას გრძნობდა ის – და ამ დროს მისი აყირავებული მზერით  საკუთარ საშოში გაბრუნებს – ანრის დამბადებელში და მივიწყებულში.

ახალი ენერგიის კაშხალი – ლორა, კი  მკვდრეთითაღმდგარ ხელებში ჰყავს მოქცეული. ჩაველას ხრინწიანი ხმა, როგორც სიყვარულის დისონანსი, გულს გიჩერებს.

ბლოგისთვის ბევრია და ჩემთვის ცოტა, რასაც ვწერ. თითქმის მთავარ სათქმელთან ახლოსაც ვერ მივედი. ვერ ვატევ ვილაპარაკო ყველა დეტალზე, რომელიც ორჯერ ნახვის შემდეგ, სულ სხვადასხვანაირად გამომყვა, როგორც საკუთარი ბიოგრაფიის ირიბი და ცოცხალი თანამთხრობელი. ვერ ვილაპარაკე, რომ არავინ იცის რა უფრო ნამდვილია – „ტყუილი“ თუ „სიმართლე“. რა უფრო აბედნიერებს ადამიანებს, რას უფრო ვერ პატიობენ და რანაირად „შველიან“ ლივის ნაირებს. საერთოდ , რა ესმით ლივის და ლორას ურთულეს კავშირში, სადაც არც მარტო ვნებაა და არც მარტო მუსიკა, არც მარტო სიმართლე და არც მარტო ტყუილი, სადაც მსხვერპლიც და მოძალადეც,  ერთიც ხდება და მეორეც! რა არის ის არამიწიური იმპულსი, რომელიც მთავარი სიკვდილისკენ ასეთი დაუზოგავი ჟინით მიგაქანებს. სიკვდილია ორივე – უფსკრულთან დარჩენით და უფსკრულში გადაშვებით! მაგრამ არ მინდა ფინალზე დავწერო. ეს მაყურებლის წაუკითხავ (სცენაზე ამოსაკთხ) სიამოვნებად უნდა დარჩეს, ალბათ..

ხუთი პერსონაჟია და ყველაზე მინდოდა მეთქვა. ვერ ჩავისუნთქე ბლოგში ამისთვის. მაინც ლივის და ლორას გარშემო ვიტრიალე, თავბრუდამხვევად, ბუნებრივია.  სოფო ჩირაძე,  მკაფიო ფერის კოსტიუმში, მისი შინაგანად აჭრილი და გარეგნულად „მოხუფული“ ხასიათისთვის ისე ნამდვილი იყო. თიკის მერილინ მენსონის “ნასმენი“ ტემპი და ვნების წყურვილი, სულხანის ანტისექსუალურობა სექსში, მისი ყოფითი ბრძოლა ენდის ნაპოვნ ბედნიერებასთან, როგორც ჩასაფრებული მკრეხელის.. ყველა პერსონაჟი მსუყე იყო (ხარატიშვილისეულად). სპექტაკლი ბევრი, ბევრი საინტერესო ნიუანსით და ცვალებადი რიტმით, ცვალებადი მუსიკალური აქცენტით – Led Zeppelin-დან რაველამდე, რახმანინოვის გვერდზე ჩავლით.. და რეივერული “პაკლონით“!!! ყველაფერია რაც მიყვარს:  ამღვრეული და თან დალაგებული, ღრმა და თან მოტივტივე. ყველა ის რთულ-მარტივი კითხვა სხვადასხვა და რთულ-მარტივი პასუხით, რაც მაწუხებს და რასთან ერთადაც ვცხოვრობ – ხარატიშვილის გრძნობების ანტიკური პანთეონიდან.

ვულოცავ თათპოპიაშვილს და მთელს შემოქმედებით ჯგუფს!

ვულოცავ და მადლობა ენდის – მის ლივ შტაინს – ურთულესს, მუდმივად განახლებადს, მუდმივად საკამათოს, ერთდროულად: მისაღებს და მიუღებელს, აღმაფრთოვანებელს და დამთრგუნველს,  და ამიტომ – რა თქმა უნდა, განსაკუთრებულს! ეს ჩემი ქალიცაა, ჩემი კათარზისიც  და ჩემი შთაგონების ნაწილიც, რომლითაც ხშირად მოვიწამლავ სულს.

Re: სპექტაკლიდან გამოდიხარ და არ გახსოვს რა გეცვა და რისთვის გეცვა,  თმა დავარცხნილი გქონდა თუ არა, ჩანთაში რა გედო, ან საერთოდ, წამოიღე თუ დაგრჩა სადმე.. არაფერს აქვს ის მნიშვნელობა, რაც თეატრში შემოსვლამდე ჰქონდა.

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები