მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მადონა მეგრელიშვილი და ჩვენი თეატრი

მადონა მეგრელიშვილი და ჩვენი თეატრი

ამით არის ბლოგი სასიამოვნო, – ხასიათიც შეგიძლია შეცვალო და დაპირებაც. ამაშია ჯანმრთელი სარედაქციო პოლიტიკის ბედნიერებაც 😊 (ეს მადლობა infoimereti-ს).

ამ კვირის ბოლოს, ჩემთვის ძვირფასი მეგობრის, ქუთაისისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ადამიანის, მადონა მეგრელიშვილის ხსოვნის საღამო იყო. ერთი წელი მისი საინტერესო და დატვირთული ცხოვრების მერე. მადოსნაირად არასტანდარტული, ინტერაქციული, საქართველოს საზღვრებს გაცდენილი, შემოქმედებითი და მგრძნობიარე. ჰოდა, იმ დღეს დავიწყე ფიქრი.. ორშაბათის ბლოგი როგორ დავწერო სხვა რამეზე, როცა გულიც და გონებაც მისით მაქვს შეპყრობილითქო. აქ არ ვლაპარკობ მადოზე, როგორც განათლების რეფორმატორზე, უნივერსიტეტში ახალი სტილის და ახალი კორპორატიული კულტურის შემქმნელზე, მენტორზე, თაობების გზის გამკვალავზე, ქუთაისის საერთაშორისო წარმატების ყველაზე დიდ ავტორზე, პატრიოტზე, საზოგადო მსახურზე. აქ მადოზე და თეატრზე მინდა მოვყვე.

თეატრი მისთვის ბავშვობიდან დაწყებული ნამდვილი სიყვარული იყო. მესხიშვილის ძველი თაობის ვარსკვლავების ეზოში ცხოვრობდა ხორხებში, ქუთაისის ულამაზეს უბანში და მათ ყოველდღიურ რეპლიკებსა და მხიარულ გადაძახილებში გაიზარდა. უყვარდა მოყოლა იმ პერიოდის გაჭირვების სიკეთეზე, არქონის რომანტიკაზე, თანასწორობის ჰუმანურობაზე, კარინოს (მისი ძმის, დათო მეგრელიშვილის მამის) სახლიდან „მოპარულ“ პროდუქტებზე მეზობელი თეატრალების გადასარჩენად 😊, საერთო ზრუნვის ტრადიციაზე. მოკლედ, პაროდიებსაც კი აკეთებდა მონატრებულ მეზობლებზე (გაგიკვირდებათ მისგან). ბაყუჩიას ხსენების გარეშე ამ ციკლს არ დაასრულებდა.

ეს შესავლისთვის ვთქვი, თორემ მადო სხვა ამბით მინდა ჩემს თეატრალურ ბლოგში მოვიგონო.

ქუთაისი-ნიუპორტის საერთაშორისო ასოციაციის 25 წლის საიუბილეო კვირეულის აჯენდას ვადგენდით და დეტალურად ვამუშავებდით კონკრეტულ იდეებს. ერთად შევთანხმდით, რომ სახალხო ზეიმების და ქუთაისური სასწაულების გვირგვინი მაღალი რანგის უელსელი სტუმრებისა და დიდი ბრიტანეთის ელჩისთვის, არც მეტი, არც ნაკლები, მესხიშვილის სცენაზე ინგლისურენოვანი მიუზიკლი ყოფილიყო და რა თქმა უნდა, თან ბერნარდ შოს „პიგმალიონი“! მე -მარტო, ამ ოცნებაში თავხედად ჩავთვლიდი თავს, მაგრამ მადოს გვერდით, ყველაფრის ახდენა დავიჯერე! მასთან სახლში ვიყავი ეს რომ ვთქვით და იმ წამსვე დავურეკეთ გიორგი სიხარულიძეს და სულხანს. შიშით და გულისფანცქალით ველოდი გიორგის გადაწყვეტილებას, დაგვეთანხმებოდა თუ გვეტყოდა – გიჟები ხომ არ ხართო? 😊

გიორგი სიხარულიძემ, მესხიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, უპრეცედენტო გამოწვევა მაშინვე მიიღო!!

და დაიწყო დიდი მოლოდინი. მოლოდინი და ჩემი ნერვიულობა და წვალება გიორგისა და მადოს შორის ყველა დეტალზე შეთანხმებისთვის, ყველა ეტაპზე ინფორმირებისთვის, ყველა ნიუანსის და რისკის პრევენციისთვის.. ერთ მხარეს მადონა მეგრელიშვილის რეჟიმის და სტანდარტის მენეჯერი და მეორე მხარეს, „ურეჟიმო“ შემოქმედების ხელოვანი და მისი ტემპერამენტიანი, ახალგაზრდული გუნდი, რომელსაც სულ არ უყვარს და არც ჭირდება ასეთ პროცესში ყოველდღიური კითხვები. ამ თვეების მანძილზე (ახლო წრეს ახსოვს) „კომუნიკაციების მართვის“ და „მშვიდობის ელჩის“ ყველა რესურსი ამოვწურე და თავგადადებული ველოდი დღეს, როცა ან უბედნიერესი ჩავხედავდი მადოს თვალებში, ან საერთოდ გადავიკარგებოდი მისი ცხოვრებიდან 😊.

“პიგმალიონი“ შედგა! შედგა, როგორც ახალგაზრდული ნიჭის და ფერების, ყველასთვის ნაცნობი და მშობლიური მელოდიების, სილამაზის და სიხარულის ზეიმი! ტაშით და ოვაციით ზანზარებდა პარტერი და სამივე იარუსი. ცრემლები მოდიოდა ელჩს და უელსის პარლამენტის თავმჯდომარეს, ისეთ კრიტიკულ ესთეტსაც, როგორიც მინდია უგრეხელიძეა, და მსოფლიოს დიდი თეატრების შემოქმედებითი გამარჯვებების მნახველ სხვა ავტორიტეტულ სტუმრებს.

ეს გააკეთა გიორგი სიხარულიძემ თეატრის ყველა თაობის წარმომადგენელთან და მთავარ ბირთვად მაინც მის ჯგუფთან ერთად, რომლებიც აცოცხლებდნენ და აბედნიერებდნენ ამ მზისფერ შენობას! სიცოცხლეს და ხელოვნებას მოწყურებულ ნიჭიერ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად!

მოხდა ის, რაც არ მომხდარა არასდროს. მესხიშვილის თეატრის სცენაზე ინგლისურენოვანი მიუზიკლი ითამაშეს და თანაც, დიდი საერთაშორისო რეზონანსით.

უკვე, კარგა ხანია, აღარც „პიგმალიონია“ რეპერტუარში, აღარც გიორგი – ამ თეატრში და იმ მფეთქავი ახალგაზრდებიდანაც აქა-იქ შემორჩნენ. ნელ-ნელა და თითო-თითოდ შეელიენ მზისფერი შენობის უმზეო ადამიანები მკაფიო, ძარღვიან და მგრძნობიარე ახალგაზრდებს.

ხანდახან მგონია, მართლა არ ვიცით რა მასშტაბის მოვლენას ვბადებთ, რა გრძნობებს ვაღვიძებთ, რა მნიშვნელობის განაცხადს ვაკეთებთ მომავლისთვის. და თუ ვიცით, როგორ ვკარგავთ ამას გზადაგზა ასე, ტკივილის და სინანულის გარეშე. გამოსწორების შანსზე უნიჭოდ უარის თქმით?

მადლობა მადოს, რომ მესხიშვილის თეატრის ისტორიას დარჩა ლამაზი, ახალგაზრდული, ყვავილებით გაფერადებული, მოცეკვავე და მომღერალი, ბედნიერი თაობის „პიგმალიონი“!

მადლობა შოთა მურღულიას(მაშინ ქუთაისის მერს), რომ გვენდო ამ ოცნებაში და ყველაფერი გვაჩუქა (აჩუქა თეატრს) ასეთი დღესასწაულისთვის!

მადლობა გიორგის, რომ ასეთ გამოწვევას შეეგება და შექმნა ის დაუვიწყარი დღე, დაუვიწყარი ოვაცია!

მადლობა ყველა იმ მსახიობს, რომელმაც იცის რა გააკეთა „პიგმალიონით“ ქუთაისის კულტურის ისტორიაში!

 

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები