არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი და ვარ მთელი ცხოვრება, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, იმპიჩმენტის კენჭისყრისას პარლამენტში მივა და ურჩევს ოპოზიციას, გარეთ დადგნენ და დადგნენ იმპიჩმენტის წინააღმდეგ.
“დღეს ცოტა არ იყოს გული მეტკინა, თუმცა ამ ქვეყანაში უკვე აღარაფერი მიკვირს და ნამდვილად არ გამიკვირდა დღევანდელი შედეგი. მაგრამ გული მეტკინა იმ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის, რომელიც დღესდღეობით იყო დარჩენილი როგორც ჩვენს სამართლებრივი სისტემაში ერთ-ერთი ადგილი, სადაც კიდევ გარკვეულწილად ნდობას იმსახურებდა ეს სასამართლო. დღეიდან უკვე ესეც აღარ არის ისეთი დასკვნა დადო, რომელიც მას უნდა რცხვენოდეს. ყოველივე მოსამართლეს, რომელმაც ხელი მოაწერა, უნდა რცხვენოდეს.
მინდა გაგამხნეოთ, არსად არ მივდივარ, არ გადავდგები, არ გადმოვდგები, ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, ვარ მთელი ცხოვრება და რისთვისაც ჩამოვედი, დავრჩი, ქუჩაში ვიდექი ჩვენი ევროპული მომავლისთვის. “ოცნების” ოცნების დრო დამთავრდა, მათ ოცნებებს არ გავამართლებ და არსად არ წავალ, ახლა თვითონ იფიქრონ, რომელი სალომე ზურაბიშვილი ჯობდა მათთვის.
ჩვენ ერთად მივაღწევთ ყველაფერს ევროპულ გზაზე რაც არ უნდა ხელს უშლიდნენ ამას ვიღაცები შიგნით, მივაღწევთ ასევე თავისუფალ არჩევნებს, ნურავინ დაკარგავს იმედს.
პარლამენტშიც მივალ და სხვათა შორის, მე იმ პატარა კაცებთან რომ დავდგე არავინ არ მჭირდება, მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, თუ უნდათ, რომ სურათი დადგეს ძლიერი, გარეთ დადგნენ და დადგნენ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის წინააღმდეგ, შიგნით მე ვიქნები, მე გამოვალ და ყველაფერს ვიტყვი, რაც არის საჭირო. მადლობა მხარდაჭერისთვის და ერთად ვიბრძოლოთ ბოლომდე”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები