მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მარიკა ვაჭარაძე – ვის წინააღმდეგ ვიღებთ ამ კანონს? სად გვინდა ჩვენ ვიყოთ?

მარიკა ვაჭარაძე – ვის წინააღმდეგ ვიღებთ ამ კანონს? სად გვინდა ჩვენ ვიყოთ?

სად გვინდა ჩვენ ვიყოთ – 21-ე საუკუნის რუსეთში თუ თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ და ვაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, – ასე ეხმაურება რეგიონული ინიციატივების ცენტრის “ნათელი მომავლის” დამფუძნებელი მარიკა ვაჭარაძე ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.

“როდესაც ამ კანონის მიღებაზე ვსაუბრობთ და ამერიკის მაგალითი მოგვყავს, გასათვალისწინებელია ის მოცემულობა, როცა ეს კანონი იქნა მიღებული ამერიკაში. აშშ-ში მეორე მსოფლიო ომის წინ, 1938 წელს მიიღეს ეს კანონი. ამ კანონის მიზანი იყო ამერიკის მოსახლეობა მესამე რაიხის ნაცისტური პროპაგანდის გავლენისგან დაეცვა.

მოგვიანებით ამ კანონმა არაერთი ცვლილება განიცადა – გამარტივდა და დავიწროვდა აგენტების განსაზღვრება. კანონის ბოლო ვერსია შემოიფარგლა მხოლოდ იმ ადამიანებით და ორგანიზაციებით, რომლებიც უცხო ქვეყნების ან ორგანიზაციების პირდაპირი ბრძანებით ან სურვილით მოქმედებენ და არ ეხება მედიას და სამოქალაქო სექტორს.

კითხვა მაქვს – ვის წინააღმდეგ ვიღებთ ამ კანონს? თუ ორგანიზაციების გამჭვირვალობაზეა აქცენტი, ამისთვის შესაბამისი სტრუქტურები არსებობს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ფინანსური გამჭვირვალობა. საინტერესოა ევროპული პრაქტიკაც. მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს განმარტებით ე.წ. უცხოური აგენტების კანონი (უნგრეთის) არღვევს ევროპის კავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 63-ე მუხლს (კაპიტალის თავისუფალი მოძრაობა) და ძირითადი უფლებების შესახებ ევროპის კავშირის ქარტიის მე-12 მუხლს (გაერთიანების თავისუფლება). ამ გადაწყვეტილების აღსასრულებლად ევროკომისიის მიერ დაწყებულმა დარღვევის პროცედურამ აიძულა უნგრეთი, გაეუქმებინა არასამთავრობო ორგანიზაციების სავალდებულო რეგისტრაცია და მათთვის ამგვარი იარლიყის მინიჭება. ამერიკაში ეს მოხდა თითქმის ერთი საუკუნის წინ, 2012 წელს კი რუსეთში და ეტაპობრივად ამოქმედდა, რამაც ვიცით რა შედეგიც დადო. ამ ფონზე ისევ ისმის კითხვა – სად გვინდა ჩვენ ვიყოთ – 21-ე საუკუნის რუსეთში თუ თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი ვიყოთ და ვაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო”, – განაცხადა მარიკა ვაჭარაძემ.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა გეგმავს კანონპროექტის მიღებას, რომლის ანალოგის დამტკიცების შედეგად რუსეთში არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ჯერ “უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი სრულად აკრძალეს. “უცხოური აგენტების“ შესახებ კანონით ქვეყანაში ებრძვიან მედიასაც.

ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვას დღეს ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. დარბაზში არ შეუშვეს მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკოსების ნაწილი, ნაწილს კი პარლამენტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. განხილვის პარალელურად პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 4 ადამიანი დააკავეს. სხდომის დასრულების შემდეგ “ხალხის ძალის” და “ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტი პოლიციის თანხლებით დატოვეს.

კომენტარები