მესხიშვილის თეატრში მაყურებელმა მედეას სრულიად სხვა ისტორია იხილა. არა ისეთი, როგორსაც ვყვებით ხოლმე საკუთარი ქალაქის და წარსულის სადიდებლად, უკვე ნაცნობ წყაროებზე დაყრდნობით – ოქროთი მდიდარი მითოსური სამეფოს და აიეტის ძლევამოსილებით გაბრწყინებულს.
გოგა თავაძის „მედეა“ ავსტრიელი დრამატურგის ფრანც გრილპარცერის ტრილოგიის „ოქროს საწმისის“ ადაპტირებული ვერსიაა, რომელსაც რეჟისორი ქუთაისში ჩამოსვლის დღიდან, დაახლოებით 2022 წლის მარტის თვიდან ამუშავებდა მესხიშვილის სცენისთვის. ეს უნდა გამხდარიყო მისი შემოქმედების მთავარი სიტყვა თეატრის ხელმძღვანელობის პერიოდში. ადრევე დაიწყო კოსტუმების მზადება სპექტაკლისთვის და თითქოს ცოტა მთავარ პროცესსაც დაასწრო. მთავარს – კონცეფციის შექმნის და დაბადების, სპექტაკლის ერთ ქსოვილად ქცევის ქიმიურ რიტუალს. იქამდე იყო ბევრი მოულოდნელი დღე, თვე და მოვლენა თეატრის ცხოვრებაში და ცვლილებაც, რომელმაც „მედეა“ კიდევ ერთხელ სხვა „მედეად“ აქცია და სამხატვრო ხელმძღვანელიც – ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელად, მაგრამ ეს სხვა თემაა.
როცა გავიგე (ჯერ კიდევ გასულ წელს) „მედეა“ გრილპარცერის მიხედვით იდგმებოდა, წავიკითხე რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, რადგან შედარებით უცნობი ნარატივია – დასავლური და აღმოსავლური კულტურების ცხარე დაპირისპირებით. უფრო ზუსტად – ცივილური სამყაროს დამოკიდებულებით ბარბაროსების ქვეყანასთან. და რადგან ბარბაროსებად პიესის მიხედვით სწორედ ჩვენ განვიხილებით, ინტერესი მკლავდა, როგორ შეძლებდა რეჟისორი ამ ვერსიიდან ღირსეულ გამოსავალს თეატრის ენით.
საპრემიერო ჩვენების 3 დღიდან, ორს დავესწარი. პირველს და მესამეს. ისიც ვიცი, სპექტაკლის უკეთესად შეხორცებისთვის მეტი დროა საჭირო, მაგრამ მთავარი შთაბეჭდილება მაინც მთავარ შთაბეჭდილებად რჩება. შეიძლება ნიუანსები შეიცვალოს, ხერხემალი იგივეა.
პირველი, რაც ფარდის გახსნიდან გადმოდის, რუხი ბინდი, მისტიკური ატმოსფერო და ცოტა ჰორორია, რასაც მედეას (ელზა სულაძე) სიტყვები „ცა მოიწმინდა“ სულაც არ გავიწყებს. კოლხური მაგიის რიტუალი ჩამოშვებულ, ბადეების მაგვარ შლეიფებსა და ბედისწერის სიმბოლურ ბორბალს შორის სრულდება კოლხი ქალების ქოროს (ნანცო ცხვირაშვილი, ანა ჩოგოვაძე, ნანა კუპატაძე) გრაციით. ქალების ამორძალური კინეტიკა დიდხანს მიყვება სცენას და ეს გენდერული რღვევა კიდევ უფრო მკაფიოა აიეტის (ზვიად სვანიძე) და აფსირტოსის (ალექსანდრე ფურცხვანიძე) გამოჩენის დროს.
აქ დაიწყო ჩემთვის ყველაზე დიდი მოულოდნელობა – რეჟისორის გადაწყვეტილებით, ლეგენდარული სამეფოს ხელმწიფე, ჰელიოსის შვილი, კირკეს და პასიფაეს ძმა, მედეას მამა აიეტი, ოქროს საწმისის დამუფლებელი – მენახა გახრილი სილუეტით, ცოტა დამფრთხალი, ცოტა უძლურიც მის ბავშვურად აცეტებულ, ოდნავ ჭკუა და ძალასუსტ უფლისწულთან ერთად (რომელიც სპექტაკლის განმავლობაში ნაკლები ლოგიკით ხან ძლიერდება და ხან ისევ უძლურდება). თითქოს მატრიარქატულ კოლხეთში ვარ, სადაც მთავარ ხელისუფალს და ქვეყნის ბედის განმგებს, მედეასთან თანასწორობის ენერგიაც არ შესწევს.
გრძნეული მედეა მის თამამ ქოროსთან ერთად „ბარბაროსების“ ქვეყანაში პირველი ხმაა, რომელიც თავშივე აცხადებს „მამები ბრიყვები არიან“ . საინტერესო ვერსიაა, მაგრამ სამწუხაროდ, კამათი არ ვითარდება. სასახლიდან მედეას განდეგილობა და ტყის კოშკში გახიზვნა რისი პროტესტია? აიეტთან დიალოგში ეს თითქოს ფრიქსეს უპატიებელი მკვლელობის გამო უნდა იყოს, რის შემდეგაც კოლხეთის მიწამ ღმერთების განძი დაისაკუთრა. მოკლედ, მედეა აჯანყებულია საკუთარ მამასთან და არ წყალობს მდედრის ხვედრს. თავხედურად განსჯის და ლანძღავს საკუთარი ძიძის შვილს (თამთა გაბუნია), რომელსაც ქმარი ყავს და ოჯახს უვლის.
მთელი ეს მატრიარქატული დომინაცია მელოდრამაში ეცემა იაზონის (გიორგი შალამბერიძე) და მედეას შეხვედრის პირველივე წუთს და იწყება ის, რაც ვიცით, ან დაახლოებით ვიცოდით – სიყვარულით განწირული ქალის თავდავიწყება. აიეტი კიდევ ერთხელ (საკმაოდ საეჭვო ვითარებაში) ენდობა ქალიშვილს და იქვე ჩადენილ ღალატზე, დასჯის ნაცვლად, გადასცემს გასაღებს ოქროს საწმისის „დასაცავად“. ცოტა საკვირველია… მაგრამ თუ აიეტი ისეთია, როგორიც რეჟისორმა გვაჩვენა, ალბათ ეს წინდაუხედავობაც უკვე მის ლოგიკაში ნამდვილად ჯდება.
მოკლედ, იმედი დავიტოვე, რომ თუ სცენების ლაკუნურობა არა, „ბარბაროსობაზე“ ღირსეული პასუხი მაინც მელოდა მეორე აქტში, მაგრამ იქ უკვე გატეხილ, დაჩაგრულ მედეას შევხვდი, რომელსაც საკუთარი მხევლებიც კი აღარ მხევლობენ. არ ჩანს რა მოტივით, მაგრამ მათ კოლხურ (ხევსურულისმგავს) სამოსთან ერთად, სულისკვეთებაც სახეცვლილია. სისხლის ყივილს ისევ ძიძა- გორა (სოფიო ჩირაძე) ინარჩუნებს და ხშირად მედეას ალტერეგოც ხდება ისტორიულ ფესვებთან მიჯაჭვული.
სრულიად სხვა და ცოტა ეკლექტური სცენოგრაფიაა მეორე აქტში. თანამედროვე სისადავის ჩარჩო-შირმების უკან, რკალურად პომპეზური სვეტები -ზემოდან დაშვებული გამჭვირვალე ორგანზისმაგვარი ქსოვილით და ბევრი სითეთრე, რომელსაც ხშირად ჭამს ფერადი განათებები, თითქოს დააქცენტებული, როგორც ფონური მუსიკა კონკრეტული რეპლიკებით, მაგრამ პოპ-გარემოს მსგავსი.
კრეონი (დავით როინიშვილი) და კრეუზა (ინგა კაკიაშვილი) სადღესასწაულო მელოდიით ურთდებიან ბედისწერის ტრაგიკულ შინაარსს და მედეას განკვეთის პერსპექტივას. ორი სხვადასხვა კულტურის ქალის კონფლიქტი, რომლის სიღრმეც უხეშად ირღვევა პლუსფონოგრამით (არ ვიცი რატომ გადაწყვიტა რეჟისორმა ასე), „ბარბაროსის“ კიდევ ერთი წაგების ტოლფასია. გორას შეგონებამდე, მედეა ნაბიჯ- ნაბიჯ სუსტდება. ამას მოსდევს იაზონის გაუცხოება და დელფოსიდან მოსული ამფიქტიონის წევრის (გოჩა ნემსიწვერიძე) ავისმომასწავებელი გაფრთხილება.
მოკლედ, სპექტაკლი დიდია, ისე, როგორც ამ სიყვარულის ისტორია. რომანტიზმის და კლასიციზმის ნაზავით, როგორც გრილპარცერის დრამატურგიის ნიშა.
ამ სიდიდეში ცოტა დამეკარგა მთავარი წუთების პოვნის ბედნიერება – როდის მიიღო გადაწყვეტილება მედეამ საკუთარ შვილებზე, დამეკარგა მისი ვნებების კულმინაცია – „დაფაზე“ წერის და სცენაზე სიარულის დროს როგორ უნდა დაკიოდეს საკუთარ ბედს და ამ დროს მუსიკა ფარავს დასანახ, გასაგონ ტრაგიზმს. განათებების იაფმა ცისარტყელამ ხშირად შეჭამა რეალური დრამის მხატვრობა. შემენანა მედეა. ეს მსოფლიო ტკივილის უკვდავი პერსონაჟი. შემენანა აიეტი, რომელმაც მხოლოდ წყევლის უნარი აჩვენა ბერძნებს და ჩვენც. გული დამწყდა აფსირტოსზე. მე უფრო მგრძნობიარე მინდოდა, ვიდრე უსუსური. მეტკინა „ბარბაროსობა“ რომელიც აიეტის ქალაქიდან, ვერ გავაპროტესტეთ, არადა შეგვეძლო ობიექტურად და სამუდამოდ. ვერ დავეჭიდეთ დიდ ავსტრიელს (გრილპარცერს ვგულისხმობ, ავტორს) და მეგონა ამ დაჭიდებისთვის ღირდა მხოლოდ სამსაათიანი სპექტაკლით ცხოვრება.
ხელოვნებაში ყველაფერს აქვს გამართლება.
მაყურებელი წყვეტს ამას. მე უმცირესობა ვარ, მაგრამ ვარ!
ავტორი: ზეკო ხაჩიძე
დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე
კომენტარები