მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მეორე მსოფლიო ომში გაღებული წვლილი ქუთაისის ინდუსტრიული საწარმოებიდან

მეორე მსოფლიო ომში გაღებული წვლილი ქუთაისის ინდუსტრიული საწარმოებიდან

მეორე მსოფლიო ომი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი მასშტაბური ტრაგედია იყო, რომელშიც სამოც მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიდან თითქმის ყველა ოჯახის წარმომადგენლები იბრძოდნენ ამ ომში. საქართველოდან შვიდას ორმოცდაათი ათასამდე ადამიანი გაემგზავრა ფრონტზე. მათ შორის იყო ქალაქი ქუთაისი, საიდანაც ათასობით ადამიანი წავიდა მეორე მსოფლიო ომში. ქუთაისის რკინიგზის სადგურიდან ახალგაზრდებით სავსე ეშელონები მიემგზავრებოდა ფრონტისკენ. მათ არ იცოდნენ დაბრუნდებოდნენ თუ არა ცოცხლები.

მეორე მსოფლიო ომში ქუთაისმა გააგზავნა ოცდაერთი ათას ხუთასამდე ჭაბუკი და გოგონა, რომელთაგან შვიდი ათასამდე, სამწუხაროდ, ფრონტიდან ვერ დაბრუნდა.

ამ ომში ქუთაისის ინდუსტრიული საზოგადოებრივი წრეებიდანაც მრავალი ადამიანი გაემგზავრა ფრონტზე.

1941 წლისათვის, როდესაც მეორე მსოფლიო ომში ჩართული აღმოჩნდა საბჭოთა კავშირიც, ქუთაისში ყველაზე მსხვილი და მრავალრიცხოვანი საწარმო იყო აბრეშუმის კომბინატი, საიდანაც ორასი ახალგაზრდა მამაკაცი გაემგზავრა ფრონტზე. მათ ნაცვლად აბრეშუმის კომბინატში საქმიანობა მყისიერად გააგრძელეს ამ ახალგაზრდა ვაჟკაცების ოჯახების წევრებმა, შვილებმა, მეუღლეებმა, მათ შორის ასაკოვნებმაც. იმ დროისათვის ქუთაისის აბრეშუმის კომბინატის ხელმძღვანელი გახლდათ დავით თოთიბაძე, მთავარი ინჟინერი იყო აკაკი მიქელაძე, ხოლო პარტბიუროს მდივანი – გალაკტიონ დოლიძე.

1942 წლისათვის ქუთაისის აბრეშუმის კომბინატს დაევალა აბრეშუმის სპეციალური ქსოვილის წარმოება პარაშუტებისთვის. საგანგებოდ შეიქმნა ფრონტული ბრიგადა ოცდაათი პროფესიონალი ძაფის ამომღებლის შემადგენლობით. ბრიგადას ხელმძღვანელობდნენ: ქრისტინე სხირელი და ზინა შალამბერიძე. ხსენებული შესაბამისი ქსოვილების გამოშვების მიზნით გადაეწყო ორასი საქსოვი დაზგა-დანადგარი. ორი წლის მანძილზე ამ დავალებას ქუთაისის აბრეშუმის კომბინატმა წარმატებით გაართვა თავი. გამოუშვეს ხუთი მილიონი მეტრი საპარაშუტე ქსოვილი, რომლის შექმნაში მონაწილეობდნენ კომბიტანის ბრიგადები, ფეიქრების, დავით ცომაიას, გიგლა კუტივაძის, გრიგოლ ჯიმშელეიშვილის, ილია ძოძუაშვილის, დავით შველიძის ხელმძღვანელობით. ქუთაისის აბრეშუმის კომბინატის მიერ საგანგებოდ გამოშვებული ქსოვილით დამზადდა ასი ათასი პარაშუტი, რომლებიც გადაეცა საბჭოთა სადესანტო სამხედრო ნაწილების მეომრებს.

ქუთაისელმა ფეიქრებმა აქტიურად იმუშავეს და დაამზადეს ნაღმსატყორცნებისათვის ნაღმები. ამისათვის კომბინატის მექანიკურ საამქროში შეიქმნა ფრონტული ბრიგადა ხუთი ხარატის შემადგენლობით. აღნიშნულმა ბრიგადამ ექვსი თვის მანძილზე ათასობით ნაღმი დაამზადა ფრონტზე გასაგზავნად. ბრიგადას ხელმძღვანელობდა ფეიქარი პოლიექტორ რობაქიძე, ასევე სამუშაოებს ასრულებდნენ: ვასო ბოგვერაძე, პეტრე მიშინი, პეტრე ჩიქვინიძე.

მეორე მსოფლიო ომში ქუთაისის ლიტოფონის ქარხნიდან ფრონტზე წავიდა ოთხასი მამაკაცი, რომელთა შორის იყო შემდგომში ქარხნის დირექტორი ალექსანდრე ოყრეშიძე. ასევე, მათ რიცხვში იყო ქარხნის ელშემდუღებელი ივანე დუპლი, რომელსაც შემდგომში მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.

საბჭოთა ჯარების დახმარებისათვის აქტიურად მუშაობდა უშუალოდ ქუთაისის ლიტოფონის ქარხანა. 1942 წლისათვის, როდესაც ნაცისტური გერმანიის სამხედრო ძალებმა კავკასიამდე მოაღწიეს და სერიოზული საფრთხე დაემუქრა საქართველოს, ქუთაისის ლიტოფონის ქარხანას დაევალა ნაღმსატყორცნების ლულებისა და მისივე კალიბრის ნაღმების შექმნა. ქარხანამ დაამზადა ორმოცდაათი ათასი ერთეული დინამიტი, თითოეული – სიგრძით ორასი მილიმეტრი, რომლებიც თერმულ დამუშავებას გადიოდა ქარხნის საგენერატორო საამქროში. ხსენებული ნაღმები წარმატებით გაიგზავნა ფრონტზე.

იმავე წელს ქუთაისის ლიტოფონის ქარხანას დაევალა უმოკლეს ვადებში დაემზადებინა ტანკსაწინააღმდეგო ცეცხლგამჩენი ბოთლები. ქარხანამ დაამზადა ასორმოცდაათი ათასი ცეცხლგამჩენი ბოთლი, რაც ფრონტზე გაიგზავნა.

მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარების გამარჯვებაში ქუთაისიდან ასევე თავიანთი წვლილი შეიტანეს სამკერვალო ფაბრიკამ, საკონსერვო ქარხანამ, ფეხსაცმელების ფაბრიკამ, მაუდის ფაბრიკამ, იმ პერიოდისათვის ქალაქში არსებულმა არტელებმა და საზოგადოებების კოლექტივებმა.

მეორე მსოფლიო ომის წლები ერთგვარ ისტორიად იქცა ქუთაისში იმჟამად მოქმედი ინდუსტრიული საწარმოებისათვის, რომელთა წარმომადგენლების თავდაუზოგავმა შესაბამისმა მუშაობამ თავის მხრივ წვლილი შეიტანა ნაციზმის დამარცხებაში.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები