მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

მეცნიერი და დოცენტი, რომელიც საბჭოთა რეჟიმისას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გახდა

მეცნიერი და დოცენტი, რომელიც საბჭოთა რეჟიმისას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გახდა

საბჭოთა ათეისტურ რეჟიმს თავის პროპაგანდისტულ მორევში იმჟამინდელი სამეცნიერო სფეროს დიდი ნაწილიც ჰყავდა მოქცეული. გარდა იმისა, რომ პროფესორ-მასწავლებლები თავიანთ პროფესიულ სასწავლო დისციპლინას ასწავლიდნენ სტუდენტ-ახალგაზრდობას, მათი დიდი ნაწილი ასევე ატარებდა კომუნიზმის და ათეიზმის პროპაგანდსაც, თუმცა, იყვნენ იშვიათი გამონაკლისებიც.

გაბრიელ ზაქარიას ძე ჩაჩანიძე, რომელიც მეოცე საუკუნის პირველ დღეს, 1901 წლის 1 იანვარს დაიბადა, შემდგომში საბჭოთა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი ცნობილი დოცენტი, ლექტორი გახლდათ, რომელიც რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ თანამდებობებსაც იკავებდა.

მან დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი. 1928 წელს ჩაირიცხა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურაში, რომელიც დაასრულა 1933 წლის ივნისში რამდენიმე თვის გახსნილ ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. იმავე წლიდან გაბრიელ ჩაჩანიძემ დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა ლექტორის რანგში.

1942 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „ალექსანდრე მაკედონელის კავკასია-იბერიაში ლაშქრობის საკითხისათვის“. გაბრიელ ჩაჩანიძეს მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი (ამჟამად გათანაბრებული ისტორიის დოქტორის აკადემიურ ხარისხთან) და დოცენტის წოდება. ივანე ჯავახიშვილი არაერთგზის ახსენებს თავის ნაშრომებში გაბრიელ ჩაჩანიძეს და მაღალ შეფასებას აძლევს მას.

დოცენტი გაბრიელ ჩაჩანიძე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი). ის იყო თელავისა და გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტების (ამჟამად იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი) მსოფლიო ისტორიის კათედრების გამგე, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სამეცნიერო საბჭოების წევრი

დოცენტ გაბრიელ ჩაჩანიძის სტუდენტები იყვნენ: პოეტი ლადო ასათიანი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორები – პროფესორი ლევან სანიკიძე, პროფესორი – აკადემიკოსი გიორგი მჭედლიძე და სხვა არაერთი შემდგომში ცნობილი პიროვნება.

1948 წლის აგვისტოში, მოულოდნელად, გაბრიელ ჩაჩანიძემ ოფიციალური განცხადებით მიმართა უწმინდეს და უნეტარეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე) აწ წმინდანად კანონიზირებული) და სთხოვა მას საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიაში სასულიერო ხარისხში აღყვანა. ეს იყო ყველასთვის სრული მოულოდნელობა, განსაკუთრებით სამეცნიერო საზოგადოებაში. დაიწყეს მისი გაკიცხვაც… ისეთებიც აღმოჩნდნენ, რომლებიც კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს დარწმუნებას შეეცადნენ, რომ თითქოს გაბრიელ ჩაჩანიძეს პატრიარქობა სურდა…

1948 წლის 15 აგვისტოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ გაბრიელ ჩაჩანიძეს ხელი დაასხა დიაკვნად, ხოლო 19 აგვისტოს, უფლის ფერისცვალების დღესასწაულზე  – მღვდლად და დაადგინა სოხუმის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად. 1949 წლის 7 იანვარს, ქრისტეს შობის დღესასწაულზე, მღვდელ გაბრიელ ჩაჩანიძეს მიენიჭა დეკანოზის წოდება და დადგინდა თბილისის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურად. იმავე წლის 20 დეკემბერს დეკანოზი გაბრიელ ჩაჩანიძე სოხუმის საკათედრო ტაძარში აღკვეცეს ბერად და დაუტოვეს სახელი გაბრიელი.

1951 წლის 15 თებერვალს, უფლის მირქმის დღესასწაულზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კალისტრატემ და ქართველმა მღვდელმთავრებმა არქიმანდრიტ გაბრიელს (ჩაჩანიძე) ხელი დაასხეს ეპისკოპოსად. სხვადასხვა დროს ეპისკოპოსი გაბრიელი მართავდა ალავერდის, ბათუმ-შემოქმედის, ჭყონდიდის ეპარქიებს.

1953 წლის 29 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ მესამისა და წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით მეუფე გაბრიელი დაინიშნა ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად და შემდგომ მიენიჭა მიტროპოლიტის წოდება.

ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ერთ-ერთი წამყვანი დოცენტი, ლექტორი ქუთაისში დაბრუნდა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელს ურთულესი ათეისტური წნეხის ქვეშ უწევდა მოღვაწეობა. ზეწოლა იყო როგორც ოფიციალური ხელისუფლებიდან, ისე მისგან წაქეზებული სხვადასხვა კერძო პირებისგანაც.

აღსანიშნავია, რომ სწორედ მიტროპოლიტ გაბრიელის დიდი ღვაწლითა და თავგანწირული ბრძოლით მოწამეთას მონასტერში დაბრუნდა წმინდა დიდმოწამეთა, არგვეთის მთავართა, დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილები, რომლებიც 1925 წელს ბოლშევიკებმა გამოიტანეს მოწამეთას მონასტრიდან და სცადეს მათი მდინარე რიონშიც გადაყრაც, თუმცა, საღვთო მადლმა გადაარჩინა წმინდა ნაწილები და ისინი გადაიტანეს ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმში.

1954 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით მწვავე დაპირისპირება მოხდა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელსა და ქუთაისის ქალაქკომის პირველ მდივან გრიგოლ ნარსიას შორის. ათეისტური ხელისუფლება დათმობაზე წავიდა… 1954 წლის 4 ივლისს წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების წმინდა ნაწილები დაბრუნდა მოწამეთას მონასტერში, სადაც დაბრძანებულია დღემდე. ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა ამ დღეს მოწამეთას მონასტერში საზეიმო სამადლობელი პარაკლისი აღავლინა.

ასევე, აღსანიშნავია ისიც, რომ 1955 წელს ქუთაისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის საკათედრო ტაძარში, ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა გაბრიელმა (ჩაჩანიძე) აკურთხა ჯერ დიაკვნად და შემდგომ მღვდლად დღესდღეობით საყოველთაოდ აღიარებული და მრავალი ადამიანისათვის საყვარელი წმინდანი, ღირსი მამა გაბრიელი, სალოსი და აღმსარებელი (ურგებაძე). ასევე, მიტროპოლიტ გაბრიელის ლოცვა-კურთხევით მოხდა მამა გაბრიელის ბერად აღკვეცა მოწამეთას მონასტერში.

ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ გაბრიელის (ჩაჩანიძე) მოღვაწეობა 1956 წლამდე გაგრძელდა ქუთაის-გაენათის კათედრაზე. სამწუხაროდ, ის, ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში, 55 წლისა, 1956 წლის 3 ივლისს მოულოდნელად გარდაიცვალა. იმჟამად არაერთი ვერსია გავრცელდა მისი გარდაცვალების შესახებ… თუმცა, დღემდე ბურუსითაა მოცული მისი გარდაცვალების რეალური მიზეზი.

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი გაბრიელი დაკრძალეს თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის გალავანში, სადაც დღემდე ხელუხლებლად არის მისი საფლავი (ტაძრის სამხრეთ კედლის მხარეს).

აქვე შევნიშნავთ, რომ იმ უმაღლესი სასწავლებლებლების არქივებში, სადაც დოცენტი გაბრიელ ჩაჩანიძე მოღვაწეობდა, ჩვენი ინფორმაციით, დღესდღეობით არ იძებნება მისი პირადი საქმეები. სავარაუდოდ, ისინი საბჭოთა სპეცსამსახურებმა მიზანმიმართულად გააქრეს. ათეისტური რეჟიმისთვის მიუღებელი იყო, რომ ერთ-ერთი საუკეთესო კარიერის მქონე დოცენტი ბერად აღიკვეცა და მღვდელმთავარი გახდა.

შეეწიოს მიტროპოლიტ გაბრიელის წმინდა ლოცვები ქუთაისს, სადაც სამეცნიერო-აკადემიური საქმიანობიდან მღვდელმთავრობით განაგრძო და დააგვირგვინა თავისი მოღვაწეობა.

ავტორი: ლაშა დეისაძე-შარვაშიძე, ისტორიის დოქტორი, თეოლოგი

კომენტარები