მთავარიახალი ამბებიიმერეთი

მე ისევ აქ ვარ, სადაც ვიყავი!

მე ისევ აქ ვარ, სადაც ვიყავი!

რამდენიმე დღის წინ ორი ნაცნობი შემხვდა გზაზე. თეთრი ხიდის ბოლოს. ერთმა მკითხა – ახლა რას შვები, დაბრუნდი?

მის მერე თითქმის ყოველდღე მესმის ეს. შინაგანი ხმით. მძაფრად. გულშემატკივრობით, თუ რაღაც სხვა სამყაროდან ნებაყოფლობითი თუ იძულებითი გამოყვანის მოლოდინით. არ ვიცი, რომელია სწორი მათ შორის. მაგრამ სამყარო, სადაც ვიყავი, ჩემი იყო, სულ! მანამდეც. ჩემი, ოღონდ, მარტო ჩემი – არა!

თეატრისთვის წერაც და ფიქრიც, ჩემი კარგა ხნის არჩევანია. თეატრშიც და თეატრიდან წამოსვლის შემდეგ-ც.

ბლოგი #6 (ნაწყვეტი)

რატომ ვწერ და რატომ დავწერ თეატრზე?

რატომ მჯერა, რომ თეატრში გარემოს გაჯანსაღება ისე, როგორც საგანმანათლებლო სივრცეებში და ამაზე დისკურსი, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რიგითი ჩინოვნიკის გადაცდომაზე „ნიუსების“ უსასრულო „შეარები“. საჯარო სამსახურების რიგითი თანამშრომლებისგან განსხვავებით, თეატრში დასაქმებულებს თითქოს არც საკვალიფიკაციო თამასა და არც დროის მოთხოვნათა ცვლა არ ეხება.

ბლოგი #7 (ნაწყვეტი)

თეატრს უყვარს თქმა, რომ ის „ოჯახია“ და ყველაფერი ოჯახის შიგნით უნდა გადაწყდეს, თუმცა სანამ „ოჯახს“ სახელმწიფო მზრუნველობს, ანუ რიგითი მოქალაქეც,  ესეიგი უფრო ფართოდ საუბარიც შეიძლება და მეტიც, აუცილებელია. 

თეატრი სულის გზაზე გადის. სული კიდე, ფაქიზია. ფასეულობების შექმნის და დაბადების არამატერიალური ადგილი.

ბლოგი #13 (ნაწყვეტი)

ვერ შექმნი დიად არქიტექტურას დეფექტურ კარკასზე, ვერ ილაპარაკებ დიდ შემოქმედებაზე და მართალ სიტყვაზე, დღევანდელ, ან მომავლის თეატრზე, ხალხის,  ან წმინდა ხელოვნების აღმატებულ ხმაზე სცენიდან მაშინ, როცა სხეული დანეკროზებულია და ადგილ-ადგილ ყარს.

ბლოგი#18 (ნაწყვეტი)

მესხიშვილის თეატრი!

არ შეიძლება დიდხანს ელოდოს მის დროს. მის გმირს. ლიდერს. ნიჭიერს. მგზნებარეს. თავგანწირულს. მის რეპერტუარს. მის დიდებას. მის ხმას. მის ადგილს დღევანდელობის (ხვალის უფრო!) ქართულ კულტურაში.

აუცილებლად იქუხებს, რადგან კარმულად აქვს გმირის ძარღვიანი ფესვი წარსულში.

 ბლოგი #29 (ნაწყვეტი)

ასეთი დიდებული დასაწყისი და იმავდროულად, დასასრული ჰქონდა ქართული თეატრის პირველ გაჩენას. ბარბათით, თუ დაირით, საბრძოლო მოძახილით თუ ჰაერში გარჩენილი  სულისამწველი დვრინით, ხმლით და დროშით ხელში და მტერთან შეწირვის ღვთიური თუ ზეციური პერფორმანსით, როცა სხეულიც, სულიც და სისხლიც, ერთად ამბობს ბოლო სიტყვას!

ამ სისხლიდან გაგრძელდა და თავიდან ამოვიდა ქართული თეატრი!

დროშით თავზე!

კიდევ ბევრს ვწერდი და ბევრს დავწერ, იმედია. დაბრუნების და დაუბრუნებლობის საფრთხეს ვერ ვხედავ. იქ ვარ, სადაც ვიყავი (მრავლობითში თქმა გამიხარდებოდა უფრო ☹).

ახლა მესხიშვილის თეატრს ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი ჰყავს. წარდგენის ტექსტის ოფიციალურ ნაწილში ჩემთვის ყველაზე ემბლემატური მაინც ბატონი გიორგის თეატრალური ჯილდოებია: სანდრო ახმეტელის და კოტე მარჯანიშვილის სახელმწიფო პრემიები. ამ ორი ბობოქარი შეურიგებელის „გამთლიანება“ ერთ რეჟისორში (ცალკე რეფლექსიის თემა).

საინტერესო აქცენტები ისევ წარდგენის ოფიციალური ტექსტიდან:

  • შეხვედრაზე თეა წულუკიანმა მნიშვნელოვან სიახლეზე ისაუბრა, კერძოდ, თეატრისთვის 2023 წელს გამოყოფილი ბიუჯეტი, რომელიც 1 133 000 ლარს შეადგენს, სამინისტროს მიერ კიდევ 250 000 ლარით გაიზრდება, რაც მხოლოდ ხელფასების გაუმჯობესებისათვის იქნება გამოყენებული.
  • შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა თეატრის ადმინისტრაციის თანამშრომლების კომპეტენციის ამაღლებაზე, მართვაში ხარვეზების აღმოფხვრასა და თეატრის შემოქმედებითი პროცესის გააქტიურებაზე.

ესეც მომავალი ბლოგების თემაა. მანამდე კი, ისევ აქ ვარ, სადაც ვიყავი. ისევ ჩემი ქალაქის იმ მზისფერი შენობის პატარა მწერლად,  საიდანაც  #თეატრისბიჭი უკვე გაფრინდა..

წარმატებები ახალ დასაწყისს, ახალ ადამიანს, ახალ საქმეს, ახალ სურვილებს უკეთესი თეატრისთვის, უკეთესი შემოქმედებითი ცხოვრებისთვის, უკეთესი ურთიერთობებისთვის…

ავტორი: ზეკო ხაჩიძე

დიზაინერი: ნიტა ხაჩიძე

კომენტარები