მაღაროელი გიორგი კუპატაძე მიმართავს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, გაფიცულებს შეხვდეს.
კუპატაძე თბილისში გასაპროტესტებლად ჭიათურიდან დღეს, 21 ივნისს ჩამოვიდა.
“მინდოდა მომენახულებინა ჩემი ბიჭები, ჩემი მაღაროელები, ჩემი ძმისგულები და კარგი ადამიანები. ისედაც დატანჯული ხალხი ვართ ჩვენ მაღაროელები და დღეს კიდევ უფრო გვტანჯავენ. მე მინდა ღარიბაშვილს მივმართო, მოვიდეს, ჩამხედოს თვალებში და ჩემს ტკივილს, ყველაფერს რაც მე და თითოეულ მაღაროელს გაგვაჩნია, ყველაფერს იგრძნობს ამ თვალებიდან. ეს არის თვალები, რომელიც გადმომცემია იმის, თუ რა ტკივილი და გაჭირვება აქვს ჩვენს ჭიათურას.
მე პირადად, 44 წლის კაცი რატომ უნდა ვიმალებოდე “მარშრუტკაში“, რომ ბილეთი ვერ ავუღო მეორე ჩემს მეგობარს, ჩემს თანამშრომელს? ამის საშუალება ნუთუ არ უნდა მქონდეს?! თითოეულ ჩვენგანს, მოშიმშილე ბიჭებს, ვენებდაჭრილ ბიჭებს, ბანკის ვალები გვაქვს ყველას. ყველას გვიჭირს. და რას მოვითხოვთ? – მინიმალურს“, – განაცხადა კუპატაძემ.
მისივე თქმით, თვალები მას შემდეგ ამოიკერა, რაც მათთან ჭიათურის გუბერნატორი მივიდა და „ჯორჯიან მანგანეზის“ დაცვა დაიწყო. მაღაროელი დასძენს, რომ დაცვა ამჟამად სამთოელებს სჭირდებათ და არა კომპანიას.
“დაზიანება მივიღე, ხელში 17 ნაკერი მადევს, რკინა ვერ ამომიღია ხელიდან, იმიტომ რომ საშუალება არ მაქვს, რომ ექიმთან მივიდე. ამის დროც არ მაქვს. კომპანიამ 500 ლარამდე დამირიცხა ტრავმისთვის, არადა ამ ხელს საერთოდ ვეღარ ვხმარობ, ვერ ვწევ ვერაფერს,“ – ამბობს კუპატაძე.
კუპატაძე მადლობას უხდის მოშიმშილე და გაფიცულ თანამებრძოლებს, ასევე ყველა მხარდამჭერს. და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ღარიბაშვილს მაღაროელებს გაესაუბროს – „ჩაგვხედეთ თვალებში და წაიკითხეთ, როგორ გვიჭირს. არავინ გვისმენს, კაცი, რომელიც მოლაპარაკებაზე ტყუილად მიიყვანეს, ტყუილად ელაპარაკებოდნენ, მან ან პირი ამოიკერა, ვერ დავინახე ჩემი სიმართლე და ამოვიკერე თვალები, ის იყო, რომ ვერაფერი დაინახა, ვენები გადაიჭრა. რას ელოდებიან, რომ ნახევარი ჭიათურა თვალები ამოიკეროს?,“
„მეუბნებიან, აიხსენი თორემ მოკვდებიო – მოვკვდე ის მირჩევნია, ვიდრე მაღაროელს, ჩემს ძმაკაცს, ჩემი ბავშვობის მეგობარს, ჩემს მოგვარეს, ჩემს ამხანაგს ჩავხედო თვალებში და მის თვალებში წავიკითხო რა დონის დამცირებულია, რა დონის გაჭირვებულია და რა დონის გაჭირვებაში ვართ. ამ მაღაროებში, სადაც უსაფრთხოების ნორმები არაა დაცული, ვიხრჩობით მაღაროებში“.
დღეს მაღაროელთა გაფიცვის მე-16 და მათი ნაწილის შიმშილობის მე-10 დღეა.
წყარო: “ნეტგაზეთი”
კომენტარები