ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა შევთავაზოთ მშვიდობა და არა ომი, კეთილდღეობა და არა სიღარიბე და გაუსაძლისობა, რაც აქვთ, – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მან სიტყვით გამოსვლისას აფხაზებსა და ოსებს მიმართა და განაცხადა, რომ მალე დადგება დრო, როდესაც მათ შეეძლებათ ქართველებთან ერთად მშვიდობიანი თანაცხოვრება.
„რაც შეეხება ჩვენს ოს და აფხაზ ძმებს, ჩვენ მათთან ერთად ისევ გავერთიანდებით, მაგრამ გავერთიანდებით, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ევროკავშირის პასპორტით. აფხაზს და ოსს ექნება არჩევანი, იყოს რუსული ჩექმის ქვეშ, ღარიბ, გაუბედურებულ, ჩამოშოლილ, ძალადობრივ რუსეთში, თუ ევროკავშირში, სადაც ყველა ადამიანის უფლება დაცულია, სადაც ის არის ოსი ქართული პასპორტით, აფხაზი ქართული პასპორტით და არის ევროკაშირის მოქალაქე, სადაც მას შეეძლება ყველგან მოგზაურობა, სადაც მას შეეძლება შვილებს მისცეს განათლება, ყველა კომპლექსი მოიხსნება. ყველაფერი უკანა პლანზე გადავა.
მე ფიცი დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე, მე არ დავიწყებია აფხაზეთი და ცხინვალი, მე ისინი ხშირად მესიზმრება. ჩემი ყივჩაღები არიან ის უკრაინელები, ვინც უკრაინაში იბრძვიან. საქართველოს ტერიტორიაზე ომი არ იქნება და არ უნდა იყოს არცერთ შემთხვევაში.
ჩვენი ბიჭები ჩვენს დასაღვრელ სისხლს იქ ისედაც ღვრიან, 2 ათასზე მეტი ქართველი მოხალისეა დღეს უკრაინაში.
ჩვენ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს უნდა შევთავაზოთ მშვიდობა და არა ომი, კეთილდღეობა და არა სიღარიბე და გაუსაძლისობა, რაც მათ აქვთ, მათი კულტურის გაერთიანება და არა ერების ამოშლა. უახლოეს თვეებსა და წლებში ჩვენ დავიწყებთ სოხუმისა და ცხინვალის რეინტეგრაციის პროცესს საქართველოს შემადგენლობაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
კომენტარები