მინდა მივმართო ყველას, რომ არავინ არ მოვიდეს ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე. ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდეტმა სალომე ზურაბიშვილმა მასშტაბური აქციის დაწყების წინ განაცხადა.
“იშვიათად თუ არის ერის ისტორიაში ასეთი გადამწყვეტი მომენტები და იშვიათად თუ იცი წინასწარ, რომ ეს დღეები იქნება გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ასეთ გადამწყვეტ მომენტში ჩვენი ისტორიისა და ალბათ, ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ეს. მე, ჩემი მხრიდან ყველაფერს ვცდილობ, რომ ეს ბოლო დღეები გამოვიყენოთ მაქსიმალურად ჩვენი ინტერესების წინ წასაწევად. ამდენად, როგორც გასულ კვირასაც მოგახსენეთ, ვაგზავნით წერილებს ყველა ჩემს კოლეგასთან, რათა ჩვენი ინტერესები დავიცვათ ამ გადამწყვეტ ევროპულ საბჭოს სხდომამდე. ჩვენი ბოლო არგუმენტები რომ წარვადგინო, ასევე ჩვენ ჩავწერეთ და გავუშვებთ უკვე “ტვიტერზე“ ჩემს მიმართვებს ჩვენს კოლეგებთან, რომ ამ ფორმითაც და ამ საშუალებითაც მივმართო მათ. ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის ეს კვირა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის.
ჩვენ ვნახეთ ევროპული კომისიის რეკომენდაცია, რომელიც რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, რომ მოგვანიჭონ ევროპული პერსპექტივა, რაც ძალიან დიდი რამ არის, რომელზეც ალბათ ვერც ვიოცნებებდით ცოტა ხნის წინ. ჯერჯერობით კანდიდატის სტატუსს არ გვანიჭებს, მაგრამ გვაძლევს ამის იმედს, თუკი ჩვენ იმ რეფორმებს და იმ ნაბიჯებს გადავდგამთ, რაც ჩვენ გვევალება. მინდა, ყველას გთხოვოთ, რომ ამ დღეებში გავაკეთოთ ყველაფერი ის, რაც ჩვენს ძალებშია, რომ ჩვენ ჩვენი თავი წარვადგინოთ როგორც ღირსეულმა, ევროპულმა ქვეყანამ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილმა ასევე მიმართა მოქალაქეებს, რომლებიც აპირებენ დღეს აქციაზე გასვლას და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„მინდა, მივესალმო აქედან ყველა იმ ადამიანს, ვინც აპირებს გამოსვლას დღეს დემონსტრაციის დროს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სახე და ეს სახე უნდა იყოს მშვიდი. ჩვენ ვიცით, რა გვინდა, როგორი ევროპა გვინდა და როგორი საქართველო გვინდა, ეს არის, რაც უნდა ვაჩვენოთ. მინდა, მივმართო ყველას, რომ აქ არავინ არ მოვიდეს რამე ექსცესებისთვის და მივმართო სამართალდამცველებს, რომ ყველანაირად იყოს შენარჩუნებული სიმშვიდე, ვინაიდან ეს მშვიდი კადრები იქნება ის, რაც გავა ევროპის ყველა ეკრანზე და ეს იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ გადაწყვეტილებების, რაც არის მისაღები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
კომენტარები